ეს საკითხი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დავის საგანი გახდა" />

მოიმატა თუ არა დანაშაულმა საქართველოში?

ეს საკითხი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დავის საგანი გახდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობა საქართველოში 54%-ით გაიზარდა. წლის განმავლობაში დაფიქსირებული დანაშაულის მაჩვენებელი – 58 412, ერთგვარი „რეკორდია“ ბოლო წლების განმავლობაში. რეგისტრირებულ დანაშაულთა წინა რეკორდი 2013 წელს დაფიქსირდა (43 028 ერთეული). აღსანიშნავია, რომ 2013 წლის ასეთი მაღალი მაჩვენებელი, თავის დროზე მეთოდოლოგიის ცვლილებას დაბრალდა.

• აფხაზეთი “კანონიერი ქურდების” გარეშე?

• გერმანული პოლიცია სომხური მაფიის საქმიანობას სწავლობს

• “ტერაბაიტებით მაქვს კომპრომატები” – რაზე საუბრობს მირზა სუბელიანი ციხის ფარულ ჩანაწერში?

რამდენად საგანგაშოა რეგისტრირებულ დანაშაულთა ასეთი უპრეცედენტო ზრდა? გვაძლევს თუ არა სტატისტიკური მონაცემები საფუძველს ვიფიქროთ, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა? რას ამბობს ხელისუფლება და ოპოზიცია?

 რატომ იწვევს უნდობლობას გასული წლების სტატისტიკა?

2012 წელს ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კრიმინალის სტატისტიკის წარმოება და მისი გამოქვეყნება გარკვეულ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. კერძოდ, 2016 წლის იანვრის შემდეგ, გიორგი მღებრიშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოველთვიური სტატისტიკა აღარ გაუსაჯაროებია. სტატისტიკის გამოქვეყნება მხოლოდ ორი წლის შემდეგ, ახალი მინისტრის, გიორგი გახარიას ინიციატივით განახლდა.

აღსანიშნავია, რომ რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობაც ზუსტად არ აღწერს ვითარებას, ვინაიდან ეს სტატისტიკა დამოკიდებულია დანაშაულის გამოვლენაზე და ე. წ. “მოსახლეობის მიმართვიანობაზე”. ეს ნიშნავს, რომ რეგისტრირებულ დანაშაულთა დაბალი მაჩვენებელი შეიძლება გამოწვეული იყოს სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ უნდობლობით, როდესაც დანაშაულით დაზარალებულები პოლიციას არ მიმართავენ.

2018 წლის დასაწყისიდან მკვეთრად გაიზარდა რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა, რაც შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ახსნა იმით, რომ 2018 წლიდან სამინისტრომ უარი განაცხადა სტატისტიკის შელამაზებაზე ორიენტირებულ პოლიტიკაზე და მაქსიმალურად რეალური სურათის წარმოსაჩენად სხვადასხვა რეფორმა გაატარა. მათ შორის რიგი რეფორმები უშუალოდ სამართალდამცავი ორგანოების ნდობის ხარისხისა და მოქალაქეთა მიმართვიანობის გაზრდისკენ იყო მიმართული, რამაც თავისთავად რეგისტრირებულ დანაშაულთა მატება გამოიწვია;

რეალურად გვაქვს ასეთი სურათი, რომ არ ვიცით, დანაშაულის სტატისტიკის ზრდა სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ ნდობის ამაღლებამ და მიმართვიანობის გაზრდამ გამოიწვია, თუ რიცხვები ნამდვილია და 2018 წლიდან მართლაც გაუარესდა კრიმინოგენური ვითარება საქართველოში.

ოპოზიციის აზრი

გაერთიანებული ოპოზიცია საქართველოში კრიმინოგენური ვითარების შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, 2017 წელთან შედარებით დანაშაულმა 60%-ით იმატა.

შემცირებულია საქმეების გახსნის მაჩვენებელიც, რაზეც ოპოზიცია პასუხიმგებლობას შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას აკისრებს.

გარდა ამისა, ოპოზიციის განცხადებით, საგანგაშოდ არის გაზრდილი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაწყებული გამოძიების შემთხვევებიც. დღეის მდგომარეობით, არსებული მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით 170 პროცენტით არის მომატებული.

„სამოცი პროცენტით გაიზარდა დანაშაული 2018 წელს 2017-თან შედარებით. 18 პროცენტით იკლო გახსნამ ამ დანაშაულის. თვითმკვლელობამდე მიყვანა 170 პროცენტით გაიზარდა, თვითმკვლელობის მცდელობა 34 პროცენტით, ქურდობა 89 პროცენტით, ძარცვა – 30 პროცენტით,“- აცხადებს ოპოზიციური პარტიების გაერთიანების „ძალა ერთობაშია“-ს ერთ-ერთი ლიდერი პაატა დავითაია.

,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ,,ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა “კრიმინალურ კარტელს” დაამსგავსა.

,,თქვენ ამბობთ, რომ კრიმინალური მენტალიტეტის ბრალია დანაშაულის ზრდა და ვინ შექმნა ეს კრიმინალური მენტალიტეტი?- თქვენმა არაფორმალურმა მმართველმა ხომ არა, ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ქურდივით იბარებს ბიზნესმენებს საქმის გასარჩევად?,“- კითხულობს სალომე სამადაშვილი.

ხელისუფლების არგუმენტები

ხელისუფლება ოპოზიციას არ ეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაზრდილია. პასუხი ,,ნაციონალური მოძრაობის“ კითხვას კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში 22 მარტს გასცა.

ბახტაძის შეფასებით, არასწორია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადება, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში კრიმინალის ზრდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გამოცხადებულმა ამნისტიებმა განაპირობა.

პრემიერის თქმით, მთავრობისთვის მიუღებელია წინა ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც კრიმინალის მიმართ ნულოვან ტოლერანტობას გულისხმობდა, რადგან “ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის მთავარი ადამიანი და მისი უფლებებია.

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ოპოზიციის განცხადებები, თითქოს კრიმინალი წახალისებულია, მხოლოდ პოლიტიკური კონტექსტით არის განპირობებული.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს აღნიშნული მაჩვენებელი არ შეცვლილა.

ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, ქვეყანაში მძიმე დანაშაულებების მიმართულებით კრიმინალური შემთხვევები შემცირებულია, თუმცა ადასტურებს, რომ გაზრდილია ოჯახური ძალადობის, ადევნების, ნივთის დაზიანებების ფაქტები, რადგან აქედან არცერთი წინა წლებში დანაშაულად არ იყო მიჩნეული, სწორედ ამიტომაც მათი აღრიცხვა ვერ მოხდებოდა და სტატისტიკაც ამის ხარჯზეა გაზრდილი.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ