მოსკოვის წინასაარჩევნო ბუნტი - ეს ოპოზიციის ძალების რეალური დემონსტრირებაა. " />

მოსაზრება: რუსეთში არჩევნები დასრულდა, ყველაზე საინტერესო დაიწყო

მოსკოვის წინასაარჩევნო ბუნტი - ეს ოპოზიციის ძალების რეალური დემონსტრირებაა.

Россия, Путин, оппозиция, власти, борьба, бунт, протесты, выборы, Мосгордума, Навальный

რუსეთში დასრულდა არჩევნები, რომელზეც რამდენიმე ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობასა და რამდენიმე ოლქის გუბერნატორს ირჩევდნენ.

ფორმალურად, მასში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა მოქმედმა ხელისუფლებამ. ყველა ოლქის გუბერნატორად აირჩიეს ის ადამიანი, რომელიც ხელისუფლებას სურდა. ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოებში არ დაუშვეს რეალური ოპოზიციის არცერთი წარმომადგენელი.

მოსკოვში ხელისუფლებამ უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო – რუსეთის არჩევნების მთავარი სენსაცია

ტვიტებისა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის მოსკოვში ოპოზიციონერებს აპატიმრებენ

რეალურად კი, ეს პიროსის გამარჯვებას ჰგავს.

იმისათვის, რომ ეს გავაცნობიეროთ, უნდა გვესმოდეს, როგორ არის მოწყობილი რუსული პოლიტიკური სისტემა.

კონსტიტუციის თანახმად, ის მრავალპარტიულია. პრაქტიკულად კი – არა.

მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგად, ყველაფერი მარტივ სქემამდე მივიდა: არის ერთი მმართველი პარტია, „ედინაია როსია“, და ოთხი დარეგისტრირებული და სხვადასხვა საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი პარტია.

მაგრამ ამ ოთხ – ყალბ, სტატისტ, დეკორაციულ პარტიას არასდროს და არანაირ პირობებში არ ჰქონია რაიმე სერიოზულ საკითხზე საკუთარი მოსაზრების ქონის უფლება.

მათი როლია – განასახიერონ მრავალპარტიულობა. აი, გადაწყვეტილებების მიღება კი – „ედინაია როსიას“ საქმეა (რომელიც ასევე არ არის პარტია, არამედ, აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლქვეშ არსებული საპარლამენტო ინსტიტუტია).

ყველა არჩევნებზე წინასწარვე იყო ცნობილი გამარჯვებულები – კანდიდატურები, რომლებიც „ედინაია როსიას“ სიაში იყვნენ შესულები. ასე იყო ყოველთვის, ათწლეულების განმავლობაში.

მაგრამ 2019 წლის ზაფხულში სისტემა მოიშალა.

რეალურმა, არა სათამაშო ოპოზიციამ, მისი ლიდერის, ალექსეი ნავალნის ხელმძღვანელობით, მოსკოვის საქალაქო პარლამენტის წევრობის ხუთი დამოუკიდებელი კანდიდატი წარმოადგინა.

ხელისუფლებამ კი გადაწყვიტა, რომ რეალური ოპოზიციის ასეთ სიმბოლურ წარმომადგენლობასაც კი, თუნდაც ადგილობრივ დონეზე, ვერ მოითმენდა. კანდიდატების არჩევნებზე არდაშვება უპრეცედენტო ფალსიფიკაციით მოახერხეს.

საპასუხოდ, ნავალნიმ საკუთარ მომხრეებს ქუჩის პროტესტისკენ მოუწოდა. მას ათობით ათასი ადამიანი გამოეხმაურა.

ამას ხელისუფლებამ საპოლიციო ტერორით, აქტივისტების დაკავებებითა და მათთვის პატიმრობის მისჯით უპასუხა.

და აქ ნავალნიმ გადადგა ნაბიჯი, რომელსაც მისგან არავინ ელოდა. მან მოქალაქეებს მოუწოდა, ხმა მიეცათ ნებისმიერი კანდიდატისთვის: თუნდაც, არა რეალური ოპოზიციის, მაგრამ მთავარი იყო – მმართველი პარტიის წინააღმდეგ. და აქ მან გაიმარჯვა: დედაქალაქის პარლამენტში ადგილების თითქმის ნახევარი არ შეხვდათ მათ, ვისაც რეკომენდაციას „ედინაია როსია“ უწევდა.

ერთი შეხედვით, რთულია, ამას გამარჯვება უწოდო. თითქოს, რა განსხვავებაა – ის კლოუნები თუ ესენი?

მაგრამ სინამდვილეში, ნავალნიმ და მისმა მომხრეებმა ორ პრინციპულად მნიშვნელოვან რაღაცას მიაღწიეს.

პირველ რიგში, მათ აჩვენეს, რომ არჩევნები, როგორც ინსტიტუტი, მნიშვნელოვანია და მასში წარმატების მიღწევა შესაძლებელია – თუნდაც, ჯერჯერობით, არაიდეალურის.

მეორეც, ხელისუფლებას უკან დახევა აიძულეს – მათ ხმების დათვლის პროცესში გაყალბება ვეღარ გაბედეს, ახალი მასობრივი ქუჩის პროტესტის შიშით.

მოსკოვის ბუნტი – ეს შუალედური შედეგიც კი არ არის, ეს მხოლოდ პროცესის დასაწყისია.

საქმე ისაა, რომ პროტესტი მოსკოვში ხელისუფლებისთვის არცთუ ისე სასიამოვნო ფონზე მიმდინარეობდა (და ჯერ კიდევ მიდის).

• რუსეთის ეკონომიკა კატასტროფულ ტენდენციებს აჩვენებს, ზედიზედ მეექვსე წელია მოსახლეობის ცხოვრების დონე ვარდნას აგრძელებს.

• სოციოლოგიური გამოკითხვები მოქმედი ხელისუფლებისადმი ნდობის სწრაფ შემცირებას აჩვენებს, პრეზიდენტ პუტინის ჩათვლით.

• ეფექტურობას კარგავს პროპაგანდის მთავარი ინსტრუმენტი – სახელმწიფო ტელევიზია.

• მღელვარებაა არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც და სულ სხვადასხვა მიზეზით – ეკოლოგიურით, საპენსიო ასაკის გაზრდით, პოლიციის თავნებობით თუ არჩევნების ფალსიფიკაციით.

• ინტელექტუალურ წრეში კი სულ უფრო და უფრო ხშირად და ხმამაღლა ისმის მოწოდებები ხელისუფლების გადადგომისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ.

უახლოეს თვეებში, შესაძლოა, რუსეთი მეტად საინტერესო ახალი ამბების წყარო გახდეს. იმიტომ, რომ ავტორიტეტული რეჟიმები დიდხანს ცხოვრობენ, მაგრამ სწრაფად ინგრევიან.

Россия, Путин, оппозиция, власти, борьба, бунт, протесты, выборы, Мосгордума, Навальный

რუსეთის პრეზიდენტ პუტინის დაცვა. აგვისტო, 2019. REUTERS/ევგენია ნოვოჟენინა


ასევე წაიკითხეთ