მოსკოვში ხელისუფლებამ უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო - რუსეთის არჩევნების მთავარი სენსაცია
რუსეთში, 8 სექტემბრის რეგიონალური არჩევნების შედეგები შეაჯამეს, რომლისთვის მზადებასაც თან ახლდა რამდენიმეთვიანი უპრეცედენტო სკანდალები, საპროტესტო აქციები და ხელისუფლების მხრიდან რეპრესიები.
შედეგები ასეთია:
- მოსკოვში, სადაც საქალაქო პარლამენტის დეპუტატებს ირჩევდნენ, სენსაციური შედეგები დაფიქსირდა – ხელისუფლებამ უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო. როგორც მინიმუმ, 45-დან 20 ადგილს საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატები დაიკავებენ. წინა არჩევნებზე ასეთი შედეგი მხოლოდ შვიდ ოლქში დაფიქსირდა.
- მაგრამ რუსეთის 16 სუბიექტში, სადაც გუბერნატორებს ირჩევდნენ, რეგიონების მოქმედი ხელმძღვანელები ლიდერობენ, რომლებიც კრემლის მიერ არიან დანიშნულნი.
• რუსეთი, 8 სექტემბერი: არჩევნები, თუ პოლიტიკური კრიზისი?
• ტვიტებისა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის მოსკოვში ოპოზიციონერებს აპატიმრებენ
მოსკოვი
უმნიშვნელოვანესი იყო რუსეთის ორი მთავარი ქალაქის – მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის საკანონმდებლო ორგანოების არჩევნები. ადგილობრივმა ხელისუფლებებმა აქ სხვადასხვა მიზეზით განაცხადეს უარი დამოუკიდებელი კანდიდატების დარეგისტრირებაზე, რამაც მასობრივი პროტესტი გამოიწვია. მასში მონაწილეობა ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო.
ხელისუფლებამ ამას რეპრესიებით უპასუხა. ასობით ადამიანს 30 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს და დიდი ფულადი ჯარიმა დააკისრეს. ექვს ადამიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით წარუდგინეს და ორიდან ხუთ წლამდე ვადით გაუშვეს ციხეში.
მოსკოვის იმ 20 ოლქში, სადაც პროსახელისუფლებო კანდიდატები დამარცხდნენ, ადგილები შეხვდებათ კომუნისტური პარტიის, „სამართლიანი რუსეთისა“ და „იაბლოკოს“ მიერ წარდგენილ კანდიდატებს.
ოცივე კანდიდატს რეკომენდაცია გაუწია რუსული ოპოზიციის ლიდერმა, ალექსეი ნავალნიმ.
მისი იდეა, რომელსაც მან „ჭკვიანური კენჭისყრა“ უწოდა, მდგომარეობდა კონსოლიდირებულ ხმის მიცემაში, აზრთა სხვადასხვაობის უგულვებელყოფაში – იმ კანდიდატების სასარგებლოდ, რომელსაც ხელისუფლების დამარცხების საუკეთესო შანსი ჰქონდა.
• მოსაზრება: “დაივიწყეთ, რომ პუტინი ლიბერალი არ არის. გაიხსენეთ მისი ომები”
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა მოსკოვის დუმის განვლილ არჩევნებს „ყველაზე ემოციური და უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველაზე კონკურენტული“ უწოდა.
რაც შეეხება არჩევნების ემოციურობას – 8 სექტემბერს, მოსკოვში ყველა საარჩევნო უბანთან უჩვეულო წარმოდგენები გაიმართა. ადამიანებს კენჭისყრაში მონაწილეობისკენ მსახიობები მოუწოდებდნენ, რომლებიც კუ ნინძებისა და სხვა საბავშვო გმირების ფორმებში იყვნენ გამოწყობილი. მოსკოვში ასევე ჩაატარეს ყვავილების კონკურსი, რომლის მიზანიც, ასევე, არჩევნების პოპულარიზაცია იყო.
ქალაქში ასეთი ტიპის კონცერტებიც ჩატარდა:
ამავდროულად, მოსკოვში არჩევნების მიმდინარეობისას 14 ადამიანი დააკავეს, რომელთა ნაწილსაც „მოსკოვის საქმის“ მხარდამჭერი მაისურები ეცვათ. ეს არის სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე ადამიანი გაასამართლეს და ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ისეთი „დანაშაულებისთვის“, როგორიცაა სოციალურ ქსელებში პოსტი ან „პოლიციელის ჩაფხუტზე შეხება“.
ოფიციალური მონაცემები ძალიან ნელა ქვეყნდებოდა, იმ ოლქში კი, სადაც მმართველი პარტია „ედინაია რასიას“ მთავარი კანდიდატი, ანდრეი მეტელსკი იყრიდა კენჭს, მონაცემების გამოქვეყნება გარკვეული დროის განმავლობაში საერთოდ არ სურდათ.
სოციალურ ქსელებში ხუმრობების მთავარი საგანი გახდა მის მხარდასაჭერად ქუჩაში მომღერალ დიანა ღურწკაიას გამოსვლა, რომელმაც მას მიუძღვნა სიმღერა „სხვა კანდიდატს ვერ ვხედავ“. პრობლემა იმაშია, რომ მომღერალი დიანა ღურწკაია – უსინათლოა.
მთავარი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ინიციატივით, მოსკოვის სამ ოლქში „ინტერნეტ-ხმის მიცემის“ სისტემა დაიტესტა. მან აქტივობის 90 პროცენტი აჩვენა, რასაც სარეკორდო შეიძლება ეწოდოს.
რუსეთის რეგიონები
რუსეთის ყველა რეგიონში, კრემლის მიერ დანიშნულმა გუბერნატორის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა გაიმარჯვა.
მათ შორის, პეტერბურგში 64% აიღო დროებითმა გუბერნატორმა ბეგლოვმა, მიუხედავად იმისა, რომ ის დიდი პოპულარობით არ სარგებლობს ადგილობრივ მოსახლეობაში. ამაზე მეტყველებს ამომრჩეველთა უპრეცედენტოდ დაბალი აქტივობა – 24 პროცენტი.
დარღვევების შესახებ ყველაზე მეტი შეტყობინებაც პეტერბურგიდან წამოვიდა (როგორც კენჭისყრის პერიოდში, ისე ხმების დათვლის პროცესში. აქ ჯგუფებად მიდიოდნენ ხმის მისაცემად სამხედროები და საქალაქო სამსახურების თანამშრომლები; ხდებოდა ბიულეტენების დაუფარავი ჩაყრა; დამკვირვებლებს თავს ორგანიზებულად ესხმოდნენ ხულიგნები, რომლებსაც ფაქტობრივად მხარს უჭერდა პოლიცია.
ასევე, პეტერბურგში დაფიქსირდა საერთოდ წარმოუდგენელი მოვლენა – კომისიების თავმჯდომარეები აქ მასობრივად გარბოდნენ შემაჯამებელი ოქმებით და არ აძლევდნენ დამკვირვებლებს ასლებს.