დეპუტატის თანაშემწე მას სექსუალური ძალადობაში ადანაშაულებს" />

„ის თამთა მენატრება, 30 სექტემბრამდე რომ იყო“

დეპუტატის თანაშემწე მას სექსუალური ძალადობაში ადანაშაულებს

თამთა თოდაძე

საქართველოში პირველია შემთხვევა, როდესაც დეპუტატს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი სექსუალურ ძალადობაში.

თბილისის საკრებულოს წევრს, მმართველი გუნდის დეპუტატს ილია ჯიშკარიანს მისივე თანაშემწე თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. დეპუტატი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

თავდაპირველად, სამართალდამცავებმა თამთა თოდაძის დაზარალებულად აღიარებაზე უარი თქვეს, თუმცა მას შემდეგ, რაც ეს ისტორია საჯარო გახდა, ყველაფერი შეიცვალა.

უკანასკნელი რამდენიმე დღეა, თოდაძე პოპულარული თოქ-შოუებისა და ახალი ამბების მთავარ გმირად იქცა. ტელეკამერების წინ ის თავის ნაიარევი ხელების დემონსტრირებას ახდენს და ცრემლებს ვერ იკავებს.

თამთა თოდაძე მომხდარის შესახებ  JAMnews-ს უყვება.

“კისერში მაკოცა და მკითხა, რა არ მოგწონსო?”

შემთხვევა, 30 სექტემბერს თბილისის საკრებულოს ისნის მაჟორიტარი დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ისნის ოფისში მოხდა.

28 წლის თამთა თოდაძე ორი წლის განმავლობაში მუშაობდა ჯიშკარიანის ისნის ბიუროში. მის მოვალეობებში შედიოდა საზოგადოებასთან ურთიერთობა  – მოქალაქეების მიღება, მათი დაკვალიანება და ისნის მაჟორიტარი დეპუტატის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდის მართვა.

• ცხოვრება გაუპატიურების შემდეგ. 22 წლის სალომე ზანდუკელის ისტორია

• რისთვის იბრძვიან ქალები? ყველაზე მარტივი კითხვები ფემინიზმზე

თოდაძე იხსენებს, რომ 30 სექტემბრის დილას ილია ჯიშკარიანი სამსახურში დაახლოებით 11:30 საათზე მივიდა, თქვა, რომ ნაბახუსევი იყო და ალკოჰოლის დალევა უნდოდა.

თამთა თოდაძე

ქალი ამბობს, რომ ამაში უცნაური არაფერი იყო, რადგან ჯიშკარიანს სამუშაო საათებში ალკოჰოლი სხვა დროსაც მიუღია. (თოდაძე ამბობს, რომ მის გარდა ისნის ბიუროში კიდევ ოთხი ადამიანი იყო დასაქმებული – მათი უმეტესობა დეპუტატის ნათესავი ან ახლობელია, ამიტომ სამსახურში ხშირად იქმნებოდა არაფორმალური სიტუაცია. ასევე, მას ხშირად უწევდა მარტო ყოფნა, რადგან თანამშრომლები იგვიანებდნენ ხოლმე)

ცოტა ხანში ჯიშკარიანმა ოფისში სასმელი და საჭმელი მოიტანა. სუფრა თამთა თოდაძემ გაშალა. მალევე ბიუროში სხვებიც მივიდნენ – ილია ჯიშკარიანის ბიძაშვილის შვილი (მამუკა გოგსაძე), რომელიც აქვეა დასაქმებული და დეპუტატის ბავშვობის მეგობარი (ტოგო კალიაური). ჭამა-სმის დროს ოფისის კარი ურდულით იყო ჩაკეტილი.

თამთა თოდაძე ჰყვება, რომ სასმელი თვითონაც დალია, თუმცა ძალიან ცოტა.

ცოტა ხანში გოგსაძე და კალიაური წავიდნენ და იგი ილია ჯიშკარიანთან ოფისში მარტო დარჩა. თოდაძის თქმით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ჯიშკარიანთან ერთად მარტო დარჩენა მოუწია.

“მაგიდასთან ვისხედით. უცებ ჩამეხუტა და ვიგრძენი, რომ კისერში მკოცნიდა. მოულოდნელი იყო და დავიბენი, არ ვიცოდი რა უნდა მექნა. მითხრა – მოწიე თავი, ტუჩებში უნდა გაკოცოო. თან ხელს მიცურებდა კაბაში, ცდილობდა უკანალზე მოეკიდა. ვუთხარი, რას აკეთებთ, ბატონო ილია, გამიშვით ხელი-მეთქი. რა, არ მოგწონსო, მიპასუხა,“ – ჰყვება თოდაძე.

მისი თქმით, მან თავის დაცვის მიზნით, დეპუტატს უთხრა, რომ ამ ყველაფერს მობილური ტელეფონით იღებდა და გამოაქვეყნებდა. ამის შემდეგ, როგორც თოდაძე ამბობს, დეპუტატი მისთვის ტელეფონის წართმევას შეეცადა და ხელზე დაზიანებებიც მაშინ დროს მიაყენა.

“ტელეფონი რომ გამომგლიჯა, რამდენჯერმე დაარტყა ძირს ეკრანით, თან მეუბნებოდა – „აბა, სად არის შენი ტელეფონი? აბა, სად არის შენი მტკიცებულებები?| ძირს დამაგდო და ხელებს და ფეხებს მირტყამდა. მინდოდა, ფეხებს შორის ამომერტყა, მაგრამ ვერ მოვახერხე. ცემის დროს მეუბნებოდა: “შე ნაბოზარო”, “შენ გარეწარო”, “შე პოლიტიკურად მოგზავნილო”, – ჰყვება თამთა თოდაძე.

მისი თქმით, ილია ჯიშკარიანი მას მანამდეც ჩახუტებია, თუმცა კოცნა, სექსუალური ძალადობის მცდელობა და ცემა პირველად იყო. თოდაძე ამბობს, რომ მას არ მოსწონდა, როდესაც დეპუტატი ეხუტებოდა, მაგრამ ვერაფერს ამბობდა.

“ვფიქრობდი, მამის ასაკის კაცია, მეგობრულად მეხუტება“.

„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პოლიცია კვალს შლიდა… დაუცველობის განცდა მქონდა“

თოდაძე ჰყვება, რომ ოფისიდან გამოქცევის შემდეგ სახლში მივიდა და დედის ტელეფონიდან პოლიციაში დარეკა.

“როდესაც მოვიდნენ, მოვუყევი ყველაფერი და ვეხვეწებოდი, მალე ჩადით და დაათვალიერეთ იქაურობა-მეთქი. მითხრეს, რომ სხვა ჯგუფი წავიდოდა, თუმცა ეჭვი მეპარება”, – ამბობს თოდაძე.

თავდაპირველად ქალი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხეს, შემდეგ კი სამართალდამცველებთან ერთად იგი ბიუროში მივიდა. იქ უკვე ყველაფერი ალაგებული და დასუფთავებული იყო.

“დამრჩა შთაბეჭდილება, რომ კვალის წაშლა ხდებოდა. ის თანამდებობის პირია, მისი შვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მაღალ თანამდებობაზე მუშაობს. დაცულობის განცდა არ მქონდა. თან ვიცოდი, რომ ის არ გამოკითხეს და არც ექსპერტიზა ჩაუტარეს. მე თუ ყველა ექსპერტიზა უნდა გამევლო, ჩემი ტანსაცმელი უნდა გამეხადა და ჩამებარებინა, იქნებ მის ტანსაცმელზეც იყო დნმ”, – კითხულობს თოდაძე.

“არ ვიყავი მზად საჯაროობისთვის, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა

საჯარო ეს ისტორია მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც სამართალდამცავებმა ფაქტზე თითქმის არანაირი რეაგირება არ მოახდინეს – თოდაძე დაზარალებულად არ ცნეს, ჯიშკარიანი არ გამოკითხეს.

თამთა თოდაძემ ბრძოლის გაგრძელება გადაწყვიტა. მან ჯერ სახალხო დამცველს, შემდეგ კი ქალთა ორგანიზაცია  “საფარს” მიმართა.

“არ ვიყავი მზად საჯაროობისთვის, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა. რომ არ მელაპარაკა, აქამდე დაზარალებულადაც არ მცნობდნენ”, – ამბობს თოდაძე.

თოდაძის ადვოკატი თამარ ლუკავა ამბობს, რომ ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები მხოლოდ მას შემდეგ ჩატარდა, რაც თოდაძემ ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს და ძალადობაზე ღიად დაიწყო საუბარი.

თოდაძის საქმე ახალი ამბების მთავარ თემად იქცა. ის პოპულარულ პოლიტიკურ თოქ-შოუებში მიიწვიეს სტუმრად.

შემთხვევიდან 8 დღის შემდეგ პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად, ილია ჯიშკარიანი კი ბრალდებულად ცნო.

თოდაძის ადვოკატს თამარ ლუკავას გაუთქმელობის ხელწერილი დააწერინეს, ამიტომ საგამოძიებო მოქმედებების დასრულებამდე კონკრეტულ დეტალებზე საუბრის უფლება მას არ აქვს:

“შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარდა დროულად, რაც ქმნის საფრთხეს, რომ მტკიცებულებები შეიძლება იყოს განადგურებული. თუმცა, მიუხედავად ამისა, საქმეში მაინც არის საკმარისი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები იმ ფაქტის დასადასტურებლად, რაზეც თამთა თოდაძე საუბრობს”, – ამბობს იგი.

თამთა თოდაძის საქმეზე გამოძიება გრძელდება. უკვე გამოკითხულია ორივე მხარე, ასევე სხვა პირები, ვისაც შეიძლება საქმეზე ინფორმაცია ჰქონდეს, მათ შორის, სასწრაფო დახმარების ექიმები, რომლებმაც თამთა 30 სექტემბერსვე ნახეს.

ასევე, ამოღებულია გარე კამერების ჩანაწერები, დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი და ჩატარებულია რამდენიმე ექსპერტიზა.

საკრებულოს დეპუტატს პროკურატურამ ბრალი ორი მუხლით წარუდგინა – სექსუალური ხასიათის ქმედება, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით და ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ილია ჯიშკარიანი ამ დრომდე დეპუტატია.

„ის არის სუსტი სქესის წარმომადგენელი“

ილია ჯიშკარიანმა კომენტარი მომხდარიდან ცხრა დღის შემდეგ გააკეთა და განაცხადა, რომ კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ სკანდალის გამო იგი შეუძლოდ გახდა და კლინიკაში მკურნალობდა.

„ქართული ოცნების“ წევრი ილია ჯიშკარიანი ორი მოწვევის საკრებულოს დეპუტატია. მისი შვილი, ბექა ჯიშკარიანი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი უწყების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია.

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი, რომელიც ჯიშკარიანის უფლებებს იცავს, ამბობს, რომ დეპუტატი ბულინგის და ცილისწამების მსხვერპლია. მისი თქმით, თამთა თოდაძეს თავად სურდა 30 სექტემბერს ჯიშკარიანთან მარტო დარჩენილიყო და ამბობდა, რომ მასთან სასაუბრო ჰქონდა.

კუბლაშვილის თქმით, თოდაძე ჯიშკარიანს ასევე ხელფასის მომატებას და რეკომენდაციებს სთხოვდა. თუმცა, რატომ გახდა ხელფასის მომატების მოთხოვნა ჯიშკარიანის მხრიდან ძალადობის მიზეზი, კუბლაშვილი არ აკონკრეტებს.

აღნიშნულ თემაზე მიცემულ თითქმის ყველა ინტერვიუებში, იურისტი კუბლაშვილი თამთა თოდაძეს „სუსტი სქესის“ წარმომადგენელს უწოდებს და ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აქამდე იმიტომ დუმდა, რომ „მისი ოპონენტი არის ქალბატონი, სუსტი სქესის წარმომადგენელი, მისი შვილების ხელა და უფრო პატარა და იგი ვერ გაუტოლდებოდა მას ოპონირებაში“.

„გათხოვება არ უნდა, მაგ გათახსირებულს?!“

საქართველოში არსებობს კანონი, რომელიც სექსუალურ ძალადობაზე პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, თუმცა მის სრულფასოვნად ამუშავებას ბევრი რამ უშლის ხელს – პირველ რიგში მენტალიტეტი და საზოგადოების არაინფორმირებულობა.

საქართველოში ქალები ერიდებიან სექსუალურ ძალადობაზე საჯაროდ საუბარს პირველ რიგში სწორედ საზოგადოების რეაქციის გამო.

ქართულ საზოგადოება არ არის მიჩვეული თანაუგრძნოს ქალს, რომელმაც ღიად გაბედა ისაუბროს ძალადობაზე. ასეთ შემთხვევებში, თანაგრძნობას არა მსხვერპლი, არამედ მოძალადე იმსახურებს ხოლმე. როგორც წესი, იწყება განხილვა, ხომ არ დაიმსახურა მსხვერპლმა ძალადობა, ხომ არ გამოიწვია მოძალადე.

ასე მოხდა თამთა თოდაძის შემთხვევაშიც. მას შემდეგ, რაც მან ღიად საუბარი გადაწყვიტა, მის წინააღმდეგ ფეისბუკზე დიდი ბრძოლაა გაჩაღებული სწორედ სტერეოტიპული შეხედულებების გათვალისწინებით.

მაგალითად, ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თოდაძე ხშირად მოიხმარს ალკოჰოლს, რა დროსაც „ეკეკლუცება კაცებს“, უწოდებენ მას “ბოზს” და კომპრომატის სახით ავრცელებენ ვიდეოს, სადაც იგი ცეკვავს.

ასეთი კომენტარებიც დაიწერა:

„აბა, კაცთან რომ სვამდა რა ეგონა?!

„ამას საჯაროდ როგორ ჰყვება, ეგ გათახსირებული, გათხოვება არ უნდა?!“

და რაც მთავარია, არაეთიკური და შეურაცხმყოფელი კომენტარებისა ნაწილი საჯარო სამსახურების თანამშრომლებსა და “ქართული ოცნების” აქტივისტებს ეკუთვნით.

ქალთა მოძრაობის წევრი, ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო დანელია ამბობს, რომ საზოგადოებაში სექსუალურ დანაშაულზე არსებობს ტაბუ, რომელიც ქალებისგან სიჩუმეს მოითხოვს:

“ხან ამბობენ, ქალმა მისცა საბაბიო; ხან ამბობენ, შეიძლება ასეც იყო, მაგრამ ქალი რომ ხარ, უნდა მოითმინო და საჯაროდ არ ილაპარაკოო. და ასეთი დამოკიდებულების ფონზე, ზოგი ქალი მაინც ბედავს და ღიად იწყებს საუბარს სექსუალურ ძალადობაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ მას ქვებს ესვრიან და  იწყება კაცების დაცვა – მოძალადე აუცილებლად აღმოჩნდება ვიღაცის კარგი მეზობელი, მეგობარი ან თანამშრომელი. აქ პრობლემა გვაქვს საკითხის ცოდნასთან – ადამიანი თავისუფლად შეიძლება იყოს კარგი მეზობელი და ოჯახის წევრი, მაგრამ ამავე დროს ქალებზე ძალადობდეს”, – ამბობს დანელია.

მაგალითად, თბილისის მერმა თამთა თოდაძის საქმის კომენტირებისას სწორედ ის თქვა, რომ დიდი ხანია იცნობს ილია ჯიშკარიანს და იცის “როგორი ცხოვრებით ცხოვრობს”.

” ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნებისმიერ ადამიანს იგივე ბრალდება წამოუყენოს,“ – თქვა კალაძემ.

ქალთა უფლებების სფეროში მომუშავე ექსპერტების თქმით, ვითარებას განსაკუთრებით ართულებს ის, რომ მსგავს საქმეებთან გასამკლავებლად არ არის მზად არც სამართალდამცავი სისტემა.

ქალთა ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია უკვე 12 წელია საქართველოში ქალების უფლებებს იცავს.  საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ის ჰყვება, რომ როდესაც საქმე სექსუალურ დანაშაულთან გვაქვს, ქართული სამართალდამცავი სისტემა იბნევა.

„სისტემა ცდილობს სქესობრივი დანაშაულები საერთოდ თავიდან აირიდოს. გამოძიების პროცესში ჩანს, რომ აკლიათ კვალიფიკაცია, არ იციან რა მტკიცებულებები უნდა შეაგროვონ, როგორ მიუდგნენ საქმეს და ა.შ. ხშირად მსხვერპლს ეუბნებიან: მაინც  ვერ დავამტკიცებთ და რადგან ფიზიკური ძალადობაც იყო, მოდი, ამაზე გავაკეთოთ აქცენტიო. ყოფილა შემთხვევები, როცა პოლიციამ მსხვერპლს ჩვენების მიცემა გადააფიქრებინა იმ მოტივით, რომ ვერ გამოიძიებს”, – ამბობს ის.

ის თამთა მენატრება, 30 სექტემბრამდე რომ იყო“

თამთა თოდაძე ახლა უმუშევარია, ფსიქოლოგთან დადის და ძალადობის გამო მიღებული სტრესისა და საყოველთაო ყურადღების შედეგ, რამდენიმე დღეა, თითქმის არ სძინავს.

შავი პიარი, რომელიც მის წინააღმდეგ ორგანიზებულია ფეისბუკზე და რომელშიც მმართველი გუნდის აქტივისტები მონაწილეობენ, თამთა თოდაძეს უმძაფრებს ეჭვს, რომ მის წინააღმდეგ სახელმწიფო სისტემა იბრძვის.

ის ამბობს, რომ მზადაა უპასუხოს ყველა კითხვას და იბრძოლებს მანამ, სანამ მოძალადე არ დაისჯება.

“რომ ვიხსენებ, როგორი ვიყავი 30 სექტემბერს სამსახურში წასვლამდე, ის თამთა მენატრება ძალიან. ის იყო ლამაზი, მიზანდასახული, უდარდელი და პოზიტიური. დღეს მგონია, რომ წამშალეს, აღარ ვარ… ციხეში მგონია თავი, გარეთ რომ გავდივარ, მგონია, რომ ყველა მე მიყურებს და ყველა ჩემსკენ იშვერს თითს”, – ამბობს თამთა.

ყველაზე მეტ მხარდაჭერას ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან და იმ უცნობი ადამიანებისგან გრძნობს, რომლებიც ფეისბუკზე ამხნევებენ.

მისი თქმით, ამ ბრძოლაში აძლიერებს ისიც, რომ  ასე იმ ქალებსაც ეხმარება, რომლებიც ძალადობის მსხვერპლები არიან:

“ისე გამოდის, რომ მე ვიბრძვი მათთვისაც. ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს ქვეყანა უკეთესობისკენ. როცა შენზე ძალადობენ, ამაზე საუბარი, პოლიციისთვის მიმართვა არ უნდა იყოს სირცხვილი, ამის არ უნდა გვრცხვენოდეს”.

სექსუალური ძალადობის/შევიწროების საქმეები საქართველოში

ილია ჯიშკარიანი არ არის პირველი თანამდებობის პირი, რომელიც სექსუალურ ძალადობაში ან შევიწროებაში დაადანაშაულეს.

• რამდენიმე თვის წინ, ნინოწმინის საბავშვო ბაღის დირექტორმა, ნარინე გინოსიანმა თქვა, რომ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ახალქალაქიდან, ენზელ მკოიანი ორი წლის განმავლობაში ცდილობდა მასთან ურთიერთობის დამყარებას, სთავაზობდა საჩუქრებს, დაიბარა კაბინეტში და სცადა მიახლოება, უარის შემდეგ კი განადგურებით დაემუქრა. შემთხვევიდან მალევე, ბაღში აუდიტის სამსახური შევიდა და ნარინე გინოსიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

•  სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებელ “ქართული ოცნების” კიდევ ერთ მაღალჩინოსანს – პაპუნა უგრეხელიძეს თანამდებობის დატოვება მოუხდა. საჯარო რეესტრის ხელმძღვანელი უგრეხელიძე ყოფილ თანამშრომელს, ეკა მესხიძეს სქესის ნიშნით ავიწროებდა. ეკა მესხიძემ ამის შესახებ მედიაში განაცხადა,  უგრეხელიძემ კი, პატივისა და ღირსების შელახვისთვის ქალს სასამართლოში უჩივლა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლს შემავიწროებლის შესახებ საჯაროდ გავრცელებული ცნობების ნაწილის უარყოფა დაავალა. ეკა მესხიძე გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

•  კიდევ ერთი გახმაურებული საქმე ყოფილ ტელეწამყვანსა და მმართველი გუნდის ერთ-ერთ პიარ-სტრატეგს შალვა რამიშვილს ეხება. მას ყოფილმა თანამშრომელმა, თათია სამხარაძემ სექსუალური შევიწროებისთვის 2016 წელს უჩივლა და საქმე ყველა ინსტანციაში მოიგო.

•  2018 წელს რამდენიმე ქალმა ერთდროულად ცნობილი უფლებადამცველი და ორგანიზაცია CiDA-ს ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი სექსუალური შევიწროებაში დაადანაშაულა. კონკრეტული საქმეები სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა ხუთი საქმიდან სამ შემთხვევაში დევდარიანის მხრიდან ქალების სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა.გავრცელებული ბრალდებების შემდეგ დევდარიანმა CiDA-ს ხელმძღვანელის პოსტი დატოვა და საჯარო სივრცეშიც აღარ გამოჩენილა.

•  თანამდებობის დატოვება მოუწია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორსაც, რომელიც სტუდენტს “თამამი სელფის” გაგზავნას სთხოვდა, ისეთს, “თითქოს ზღვაზე იყო საბანაოდ”.


ასევე წაიკითხეთ