აფხაზეთის პარლამენტმა ხელისუფლებისგან ოპოზიციონერი დეპუტატი "დაიცვა“ — რას ნიშნავს ეს?
აფხაზეთის პარლამენტი
აფხაზეთის პარლამენტმა უარი თქვა ოპოზიციის ლიდერისთვის იმუნიტეტის მოხსნაზე. კენჭისყრის შედეგმა დამატებითი პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა იმ ფონზე, რომ დეპუტატების ნაწილი, რომლებიც, როგორც წესი, ხელისუფლებისადმი ლოიალურად მიიჩნევიან, ამჯერად ოპოზიციური ფიგურის სასარგებლოდ მოქმედებდნენ. ამით, ფაქტობრივად, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ პარლამენტმა წინააღმდეგობა გაუწია არა მხოლოდ ადგილობრივ ძალაუფლებრივ ცენტრებს, არამედ იმ გავლენებსაც, რომლებიც რეგიონში რუსეთის მხრიდან მოდის.
საქმის ფესვები 2025 წლის ნოემბერშია. სწორედ მაშინ განაცხადა კვარჩიამ, რამდენიმე ოპოზიციონერ აქტივისტთან ერთად, რომ მუნიციპალური არჩევნების პერიოდში აფხაზეთში რუსი პოლიტიკური სტრატეგები უკანონოდ მუშაობდნენ პროსამთავრობო კანდიდატების მხარდასაჭერად. ამ ბრალდებებს მალევე მოჰყვა საპასუხო ნაბიჯი: დასახელებულმა სტრატეგებმა საჩივარი შეიტანეს რუსეთის საგამოძიებო ორგანოებში, რის საფუძველზეც აფხაზი ოპოზიციონერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა შეიარაღებული ძარცვის ბრალდებით.
შემდგომში მსგავს საქმეზე უკვე აფხაზეთშიც დაიწყო გამოძიება. ამ ეტაპზე ოთხ ოპოზიციონერს შინაპატიმრობა აქვს შეფარდებული, კიდევ ორს კი აფხაზეთის დატოვება ეკრძალება. კვარჩია ერთადერთი ფიგურაა, რომელიც პასუხისმგებლობას ჯერჯერობით თავს არიდებს სწორედ მისი საპარლამენტო იმუნიტეტის გამო, რომლის მოხსნაც პროკურატურამ ვერ შეძლო.
მოვლენების განვითარებას აქტიურად ეხმაურებიან ადგილობრივი ბლოგერები და სოციალური მედიის მომხმარებლები, რომლებიც განსხვავებულ ინტერპრეტაციებს სთავაზობენ საზოგადოებას.
ბლოგერი კირილ ბაზილევსკი აღნიშნავს, რომ მიუხედავად განსხვავებული შეფასებებისა, მთავარი ფაქტი უცვლელია: პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც, სავარაუდოდ, აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის სასარგებლო არ არის და არც მის სტრატეგიულ პარტნიორებს ახარებს. მისი აზრით, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებამდე საზოგადოებრივ სივრცეში ყველაზე მწვავე და დაპირისპირების გამომწვევი თემები დროებით უკანა პლანზე გადაიწევს. ამ ფონზე, თავად საარჩევნო კამპანია და მისი შედეგები განსაკუთრებულ ინტერესს გამოიწვევს.
Telegram-არხი “Abkhaz Liternny“ პროცესს უფრო პრაგმატულად აფასებს. მათი ხედვით, კვარჩიამ, ერთი მხრივ, აშკარა სარგებელი მიიღო, რადგან თავიდან აიცილა სისხლისსამართლებრივი დევნა. თუმცა, მეორე მხრივ, შესაძლოა დაკარგა “დევნილი ოპოზიციონერის“ იმიჯი, რომელიც მის პოლიტიკურ კაპიტალს ამყარებდა.
ამავე დროს, არხი მიუთითებს, რომ გენერალურმა პროკურატურამაც ფორმალურად შეასრულა თავისი ფუნქცია: საკითხი პარლამენტში გაიტანა და გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა დეპუტატებზე გადაანაწილა. მათი შეფასებით, ამ ნაბიჯმა ასევე შეამცირა პოტენციური საპროტესტო მუხტი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული სეზონისა და არჩევნების მოახლოების ფონზე.
ბლოგერი ნაირა ამალია კი ყურადღებას სხვა საკითხზე ამახვილებს. მისი თქმით, დღემდე უპასუხოდ რჩება მთავარი კითხვა – ვინ დაიქირავა ის პოლიტიკური სტრატეგები, რომელთა გარშემოც მთელი სკანდალი განვითარდა. მიუხედავად გამოძიებებისა, სასამართლო პროცესებისა და საპარლამენტო მოსმენებისა, მისი აზრით, პროცესის მთავარი მოქმედი პირები კვლავ ჩრდილში რჩებიან.
ამალია მიიჩნევს, რომ ამ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ კანონის არაერთგზის დარღვევის ფაქტია და ხაზს უსვამს, რომ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მათ, ვინც ამ პროცესის ორგანიზებაში მონაწილეობდა.
ამ ეტაპზე, პარლამენტის გადაწყვეტილებამ თითქოს დროებით დააცხრო პოლიტიკური დაძაბულობა. თუმცა, კითხვები და დაუსრულებელი გამოძიებები მიანიშნებს, რომ ეს საქმე, დიდი ალბათობით, კვლავ დაბრუნდება დღის წესრიგში, განსაკუთრებით მაშინ, როცა საარჩევნო წელი უფრო აქტიურ ფაზაში შევა.