აქტივისტების საქმე: ალბი კორძაიას განცხადების საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
გაზიარება
გაზიარება
ლუკა ჭოხონელიძე და ალბი კორძაია
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო მას შემდეგ, რაც პროევროპული აქციების აქტიურმა მონაწილემ, ალბი კორძაიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ბრალდებები ასევე პროტესტის მონაწილის, მოძრაობა “ნაბიჯის“ დამფუძნებლის, ლუკა ჭოხონელიძის წინააღმდეგ. ინფორმაცია მედიასაშუალებებს უწყებაში დაუდასტურეს.
კორძაიამ საკუთარ პოსტში ჭოხონელიძე სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა და ასევე აღნიშნა, რომ ფლობს ინფორმაციას ქალის შესახებ, რომელიც, მისი თქმით, ჭოხონელიძემ გააუპატიურა. მისი განცხადებით, სავარაუდო მსხვერპლს არ სურს საჯაროდ გამოჩენა ან ამ თემაზე საუბარი.
პოსტში კორძაია ასევე აღწერს პირად გამოცდილებას, რომელიც, მისი თქმით, 2023 წელს მოძრაობის ოფისში მოხდა. მისი განცხადებით, ერთ-ერთ ოთახში დასვენების დროს გაიღვიძა შეგრძნებით, რომ ვიღაც სხეულზე ეხებოდა, და ამ დროს დაინახა ლუკა ჭოხონელიძე. კორძაია აღნიშნავს, რომ ინციდენტის შემდეგ დატოვა ადგილი და მას შემდეგ ჭოხონელიძესთან დაკავშირებულ საკითხებს პირადი კონფლიქტის კონტექსტში აღიქვამს.
ბრალდებების საპასუხოდ ლუკა ჭოხონელიძემ განაცხადა, რომ არავის მისცემს უფლებას მისი ღირსება შელახოს. მისი თქმით, სიმართლის დადგენა პირველ რიგში მის ინტერესშია და მზად არის ნებისმიერი სამართლებრივი გზით, მათ შორის სასამართლოსა და პროკურატურის მეშვეობით, საკითხის გარკვევისთვის.
მოგვიანებით, ჭოხონელიძემ დამატებით აღნიშნა, რომ იძულებულია, კორძაიას წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს ცილისწამების ბრალდებით. მისი თქმით, გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეცვლის, თუ ბრალდებები უარყოფილი იქნება. მან ასევე განაცხადა, რომ ბოდიშის მოხდას არ ითხოვს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია საკითხის სამართლებრივი გზით გარკვევა.