საქართველოს მოსახლეობა 3.9 მილიონზე მეტია – საქსტატი აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს
გაზიარება
გაზიარება
საქსტატის მონაცემები
საქართველოს მოსახლეობა 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით 3.9 მილიონს (3 929 581) აჭარბებს, ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღწერიდან ვიგებთ.
საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, მოსახლეობის უმრავლესობა ქალია — 52%, კაცები კი 48%-ს შეადგენენ. გენდერული სხვაობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა დიდ ქალაქებში: თბილისში და ქუთაისში ქალთა წილი უფრო მაღალია, მაშინ როცა რამდენიმე მუნიციპალიტეტში ეს მაჩვენებელი თითქმის თანაბრდება.
დემოგრაფიული კონცენტრაცია კვლავაც დედაქალაქზე მოდის: თბილისში ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით მესამედი, ხოლო რეგიონებიდან ყველაზე მრავალრიცხოვანია იმერეთი და ქვემო ქართლი, რომლებიც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილს აერთიანებენ.
ქალაქში მოსახლეობის 62%, ხოლო სოფლად 38% ცხოვრობს.
აღწერის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობა ურბანიზაციის მიმართულებით მოძრაობს – მოსახლეობის უმრავლესობა ქალაქებში ცხოვრობს, მაშინ როცა სოფლებში მცხოვრებთა წილი ნაკლებია.
დედაქალაქის გარდა, ქალაქში მცხოვრებთა მაღალი წილი აჭარაში ფიქსირდება, რაც დიდწილად ბათუმის ზრდით აიხსნება. ამის საპირისპიროდ, მთიან და შედარებით ნაკლებად ურბანიზებულ რეგიონებში ქალაქის მოსახლეობა მნიშვნელოვნად მცირეა.
ასაკობრივი განაწილება მიუთითებს, რომ მოსახლეობის ყველაზე დიდი ჯგუფი შუა ასაკისაა — განსაკუთრებით გამოირჩევა 30-დან 40 წლამდე სეგმენტი. ამავდროულად, ასაკის ზრდასთან ერთად გენდერული სხვაობა იცვლება: ყველაზე ხანდაზმულ ასაკობრივ ჯგუფებში ქალები მნიშვნელოვნად ჭარბობენ კაცებს.
საქსტატის ინფორმაციით, ქალების წილი განსაკუთრებით მაღალია 85 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში, კერძოდ, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ქალების რაოდენობა 2.6-ჯერ აღემატება კაცების რაოდენობას.