ამერიკის ყოფილი და ბრიტანეთის მოქმედი ელჩების სახელით ყალბი FB და ტელეგრამ ანგარიშები შეიქმნა
გაზიარება
გაზიარება
ამერიკის ყოფილი და ბრიტანეთის მოქმედი ელჩები
სოციალურ ქსელებში საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩისა და ბრიტანეთის მოქმედი ელჩის სახელით შექმნილი ყალბი ანგარიშები ვრცელდება. ამას მიუთითებს „მითების დეტექტორის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც ბოლო კვირებში გააქტიურებულ დეზინფორმაციულ ტაქტიკებზე ამახვილებს ყურადღებას.
კვლევის მიხედვით, ამერიკის ყოფილი ელჩის, რობინ დანიგანის სახელით შექმნილი ანგარიში 2026 წლის 3 აპრილს დარეგისტრირდა და 27 აპრილისთვის დაახლოებით 2,5 ათას მიმდევარს აგროვებს. ამავე პერიოდში, 12 აპრილს შექმნილ ბრიტანეთის ელჩის, გარეტ უორდის სახელით მოქმედ პროფილს დაახლოებით 1 300 გამომწერი ჰყავს.
აღნიშნული ორივე შემთხვევა ოფიციალურად უარყვეს შესაბამისმა დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა: საქართველოში აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოებმა აღნიშნული ანგარიშები არაავთენტურად მიიჩნიეს.
დამატებითი გარემოებებიც აჩენს ეჭვს. ორივე პროფილი ერთსა და იმავე თვეშია შექმნილი და მათ „ჩვენ შესახებ“ სექციაში მითითებულია რუსულენოვანი ტელეგრამ-არხის ბმული. ასეთ პრაქტიკას ექსპერტები საეჭვოდ აფასებენ, განსაკუთრებით კიბერუსაფრთხოების არსებული სტანდარტების გათვალისწინებით, რომლებიც დასავლელ დიპლომატებს საჯარო კომუნიკაციისთვის მსგავსი არხების გამოყენებას ნაკლებად შესაძლებელს ხდის.
რობინ დანიგანის სახელით შექმნილი ანგარიში ძირითადად საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფეისბუქ-პოსტებს აზიარებს. შესაბამისად ეს კიდევ უფრო ამცირებს მის სანდოობას, მით უმეტეს, რომ დანიგანი არც მოქმედი ელჩობის პერიოდში გამოირჩეოდა სოციალურ მედიაში აქტიურობით. 2025 წლის 5 ივნისს მან თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ პირადი გადაწყვეტილებით პენსიაზე გადიოდა.
გარეტ უორდის სახელით შექმნილ პროფილზე კი საერთოდ არ იძებნება პოსტები, რაც ასევე არ შეესაბამება დიპლომატიური კომუნიკაციის სტანდარტულ პრაქტიკას.
შეუსაბამობა იკვეთება დანიგანის სტატუსშიც: მის LinkedIn გვერდზე მითითებულია, რომ ის ყოფილი ელჩია, მაშინ როცა ფეისბუქსა და ტელეგრამზე მოქმედ ელჩად არის წარმოდგენილი. ეს წინააღმდეგობა, სხვა ნიშნებთან ერთად, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქმე ყალბ ანგარიშებთან გვაქვს.