მარგო ლესკოს ბლოგი. ის ბევრს მოგზაურობს და ქუჩაში საინტერესო ისტორიებს "იპარავს"" />

ესპანელი ქალი მრგვალი შუბლით, Femme fatale სენ ჟერმენიდან და სხვები

მარგო ლესკოს ბლოგი. ის ბევრს მოგზაურობს და ქუჩაში საინტერესო ისტორიებს "იპარავს"

ადამიანებზე დაკვირვება სულ მიყვარდა, ბავშვობიდან. ფანჯრებში შეხედვა, მათი ცხოვრების ეპიზოდების მოპარვა და მერე ზედ ჩემი გამოგონილი ისტორიების აგება. სადაც არ უნდა ვიყო, მიყვარს უცნობების ლაპარაკის მოსმენა, მათ გამომეტყველებაზე დაკვირვება, მათ სხეულის ენაზე, სახის მიმიკაზე და მერე ამ ყველაფრის ერთიან ჩარჩოში მოქცევა, რომელსაც „პერსონა“ ჰქვია.

ცოტა ფანტაზიაც მეხმარება და ასე იქმნება ჩემი დღის გმირები. ადრე მხოლოდ ვწერდი მოსმენილს, ნანახს. რაც ფოტოების გადაღება დავიწყე, მოსაყოლიც უფრო სრულყოფილი გახდა – სულ რაღაც სამი წელია, რაც ფოტოაპარატი ავიღე ხელში და ადამიანებს ვიღებ. ამასობაში 20 000-მდე ფოტო დამიგროვდა.

ქუჩის ფოტოგრაფია ყველაზე რთული ჟანრია. ბევრი რამე უნდა მოასწრო – კადრის დანახვა, გადაღება, რაკურსის შერჩევა.  თან იმაზე იფიქრო, რომ არ შეგამჩნიონ, და რაც მთავარია, კადრის სპონტანურობა და ბუნებრივობა არ დაიკარგოს.

ლაღი გოგო იყო, მხიარული. ნაოჭები ბავშვობის ნაკვთებზე ამოუვიდა  და პატარა გოგოდვე დაბერდა. პარიზული კაფის ტერასაზე იჯდა, წითელ ღვინოს სვამდა და გაუჩერებლად ლაპარაკობდა. 

ქუჩის ფოტოგრაფია რისკია. შეიძლება პასუხი მოგთხოვონ. ძირითადად, საფრანგეთში ვიღებ, სადაც ხშირად მიწევს ყოფნა. არსად არ არის „დღის გმირების“ ისეთი მრავალფეროვნება, როგორიც აქ, არსად არ არის ისეთი „ამბები“, როგორიც აქ.

ყველაფერს ვიღებ, რაც ქუჩაში საინტერესოდ მომეჩვენება, თუმცა არის რამდენიმე თემა, რაც განსაკუთრებით მაინტერესებს: დეტალების გადაღება მიყვარს, რადგან ხშირად დეტალი უფრო ბევრ რამეს მაგებინებს, ბევრ ინფორმაციას მაწვდის ადამიანზე, ვიდრე მთლიანი გამოსახულება. დეტალებივე გვქმნის. ეს შეიძლება იყოს ფეხები და ფეხსაცმელი, რომელიც ხშირად ადამიანის ტერფის ფორმას იმეორებს და ფორმასაც სიარულის მანერის მიხედვით იცვლის. ასევე შეიძლება იყოს ხელის მოძრაობა ან სახის ერთი რომელიმე ნაკვთით გამოხატული ემოცია.

ეს ქალი პარიზში, ლიონის სადგურზე გადავიღე. სახეზე შეგნებულად არც შემიხედავს. მე თვითონ წარმოვიდგინე: მკაცრი სახე, წინწამოწეული ცხვირი და ზედა ყბა, დიდი, მრგვალი შუბლი და გადატკეცილი თმა. ესპანელია. ესპანელი ქალი წარსულით, მთელი “Historia de un Amor” რომ სახეზე აწერია, თითოეულ ღრმა ნაოჭზე, თვალების მოძრაობაზე, პირის კუთხეების ადგილმდებარეობაზე, პომადის ფერზე, საყურის სიგრძეზე, “მარილებისგან” დაკვლანჭულ თითებზე. ფლამენკოს ყოფილი მოცეკვავეა, რომლის თითოეული „პა“ მის ცხოვრებაზე ჰყვება.

ტიპური ფრანგი ქალი 50 წლის ზემოთ. ვანესა ბრუნოს ჩანთით (ფრანგი ქალების ბოლო წლების ფავორიტია ჩანთის ეს მოდელი) მსუბუქად მიდის, აუჩქარებლად და თან ეღიმება. იცის საკუთარი თავის ფასი. დიდხანს ვადევნებდი თვალს. სენ მიშელისა და სენ ჟერმენის კუთხეში ის ელოდებოდა, ვისთვისაც ასე მსუბუქად და ლაღად მიდიოდა – ჩაეხუტა და „ამბავიც“ დაეწყო.

ჩვეულებრივი ფრანგული დღე. ყავა, სიგარეტი და ცოტა ხნით მოწყვეტა საქმისგან, ყოველდღიურობისგან, ან უბრალოდ დროის გაყვანა. სიმშვიდე გეუფლება და შენც ამ სიმშვიდისა და ყოველდღიურობის ეპიზოდის ნაწილი ხდები.

მეორე თემა, რომელიც ძალიან მიყვარს, არის პორტრეტები ზურგიდან.  მნახველს წარმოსახვის საშუალების ეძლევა – როგორ გამოიყურება, რას გრძნობს ფოტოზე ასახული ადამიანი, რომელსაც სახე არ უჩანს.

Petit Palais-ში გადავიღე, უკან დავყვებოდი. დიდხანს აკვირდებოდა საგამოფენო ექსპონატებს. ჯერ სათვალით, მერე სათვალეს მოიხსნიდა, ახლოს მივიდოდა და ისე. კეკლუცი და დახვეწილია. მართალია სულ გაჭაღარავებულია, მაგრამ ის წითელი პატარა დეტალი ჰყიდის, ყურზე რომ დაუსვამს – ჯერ არ დაბერებულა.

ეს ფოტოც პარიზში გადავიღე. ფერებმა მიმიზიდა, საყურის ფორმამ და ოდნავ გადმოწეულმა ყურის ნიჟარამ. ჩემთვის სრულიად უცხო სამყაროსა და განცდებში გადავყავარ.

მესამე თემა რაც ყველაზე ძალიან მაინტერესებს, მოხუცი ადამიანებია. ადამიანები, განვლილი ცხოვრების კვალი რომ ეტყობათ სახეზე, გამომეტყველებაზე, მიმიკური ნაოჭები რომ გასცემთ ხოლმე და თვალები – ბევრი ამბავი მებადება მათზე.

მოდის ქუჩაში, შეხედავ და ირგვლივ სხვას ვეღარავის ამჩნევ. ოდნავ შესამჩნევ ღიმილსა და ტუჩების კუთხის ნაოჭებზე ეტყობა, რომ შენ წინაშეა ყოფილი “Femme fatale“ და ზურგზე ბევრი „ცოდვა“ აწევს.

ლაღი გოგო იყო ეს. მხიარული, ემოციური. ბავშვობის ნაკვთებზე ამოუვიდა ნაოჭები და პატარა გოგოდვე დაბერდა. პარიზული კაფის ტერასაზე იჯდა, წითელ ღვინოს სვამდა, გაუჩერებლად ლაპარაკობდა და ირგვლივ ყველაფერზე ემოციურად რეაგირებდა.

ეს ქალი არასოდეს დამავიწყდება. მონპარნასზე, კაფე “როტონდაში” შემოვიდა და იმხელა ენერგია შემოიტანა, მისი ცქერის და მოსმენის მეტი არაფერი მინდოდა. სურვილი მქონდა გამეგო მთელი მისი განვლილი ცხოვრება, ბავშვობიდან დღემდე,  ალბათ ყველაფერს რომ იტევდა. ვნებების ქარიშხალსაც, იმედგაცრუებებსაც, საკუთარ თავთან ომსაც და დაზავებასაც და ბოლოს ყოველ შუადღეს, კაფე “როტონდაში” ვისკისა და სიგარის თანხლებით საკუთარი თავით ტკბობას.

მეოთხე თემა, რომელსაც სულ დავდევ – „სიყვარულია“, ყველგან ვეძებ და ვპოულობ. მიხარია ერთმანეთით სავსე ბედნიერ სახეებს რომ ვხედავ. ამ ორ ფოტოს გამოვარჩევდი უკომენტაროდ:

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ