ყველაფერი ეროვნული უშიშროების მიერ მერიაში აღმოჩენილი მაქინაციების და ტარონ მარგარიანის ქონების შესახებ ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ მოხდა " />

ერევნის მერი ორთვიანი წინააღმდეგობის შემდეგ გადადგა

ყველაფერი ეროვნული უშიშროების მიერ მერიაში აღმოჩენილი მაქინაციების და ტარონ მარგარიანის ქონების შესახებ ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ მოხდა

ერევნის მერი ტარონ მარგარიანი გადადგა. ცნობა ამის შესახებ უკვე გაჩნდა ერევნის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე. მარგარიანი ამ თანამდებობას 2011 წლიდან იკავებდა. ერევნელებისადმი მის ბოლო მიმართვაში ნათქვამია:

 „ამ დროის განმავლობაში ვცდილობდი, თითოეულის ხმა გამეგონა და ნაბიჯ-ნაბიჯ გადამეჭრა ქალაქის პრობლემები. ვცდილობდი, ჩემი დაპირებისა და პროგრამის ერთგული ვყოფილიყავი. და ამიტომ, ბოდიშს ვუხდი ყველა იმ მოლქალაქეს, ვისთანაც ჩვენი გზები გაიყო.

ის ჟურნალისტებთან აქამდე არ გამოჩენილა და თავისი გადადგომის მიზეზები არ განუმარტავს. ამავდროულად მერიის შენობის წინ, ბოლო რამდენიმე თვეა, არაერთხელ ჩატარებულა აქციები მისი თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით, მაგრამ მარგარიანი წასვლას არ აპირებდა.

სომხეთში ბევრი დარწმუნებულია, რომ მან გადადგომის გადაწყვეტილება ჟურნალისტური გამოძიების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მიიღო. 20-წუთიან ვიდეოში დაწვრილებით არის ნაამბობი ახლა უკვე ყოფილი მერისა და მასთან დაახლოებული პირების მამულებისა და შემოსავლის წყაროების შესახებ. მისმა ავტორებმა გამოთვალეს, რომ ტარონ მარგარიანს, მისი ახლანდელი ხელფასით ასეთი ქონების დასაგროვებლად 210 წელიწადი დასჭირდებოდა .

ვააგნ ხაჩიკიანი, რომელიც ერევნის მერის თანამდებობას 1992-1996 წლებში იკავებდა, ასევე დარწმუნებულია, რომ ტარონ მარგარიანის  გადადგომა ჟურნალისტურ გამოძიებას უკავშირდება:

 „ამგვარი ფილმების შემდეგ ნებისმიერი ჩინოვნიკი, რომელიც ასეთ საქმეებშია გარეული, უნდა გადადგეს. სომხეთში მორალური კოდექსი დიდი ხნის განმავლობაში არ მუშაობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში სულ სხვა ადამიანები მოვიდნენ, რომლებსაც განსხვავებული იდეოლოგიური ფასეულობები აქვთ, ვითარება შეიცვალა. ამ ფილმის ჩვენების შემდეგ ის მიხვდა, რომ მის ხელისუფლებაში დარჩენას აზრი არ აქვს“.

ხაჩატრიანს მიაჩნია, რომ ტარონ მარგარიანი ჯერ კიდევ ორი თვის წინათ უნდა გადამდგარიყო, მაშინ, როდესაც მმართველი რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელი სერჟ სარგსიანი გადადგა და პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე ის ნიკოლ ფაშინიანმა შეცვალა.

 „იმის მიუხედავად, კარგად მუშაობ თუ არა, თუკი გუნდური მოთამაშე ხარ, თუკი ხელისუფლებაში გუნდის დახმარებით ხარ მოსული, ამ გუნდის ხელმძღვანელის წასვლისას შენც მიდიხარ. განსაკუთრებით კი იმ პირობებში, როდესაც არჩეული კი არა, დანიშნული იყავი, რადგან ლეგიტიმური არჩევნები არ ყოფილა“.

ანი სამსონიანმა – ერევნის უხუცესთა საბჭოს ბლოკ „ელკის“ (პოლიტიკური ძალა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი წარმოადგენს), განაცხადა, რომ დღეს ტარონ მარგარიანმა მერიის მუშაკებთან გამომშვიდობება მოასწრო. მან მარგარიანის გადადგომის ორი მიზეზი დაასახელა:

 „პირველი მიზეზი – ესაა პოლიტიკური რეალიების შეცვლა. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ტარონ მარგარიანი – ყოფილი მმართველი რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ამ სისტემის ნაწილია. და ვფიქრობ, ბუნებრივია, რომ ახალ პირობებში ქალაქს ეფექტურად ვერ უხელმძღვანელებდა. და მეორეც, მოქალაქეების მრავალრიცხოვანი საჩივარი, რაც წლების განმავლობაში გროვდებოდა. ამ პერიოდში საჩივრებმა იმატა. ადამიანები, უბრალოდ, მის გადადგომას ითხოვდნენ“.

გარდა ამისა, ადრე სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურმა ერევნის მერიაში ჩხრეკები ჩაატარა და თანამშრომლების მხრიდან მაქინაციებისა და თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები აღმოაჩინა. ორმა მოქალაქემ ეროვნული უშიშროების სამსახურს საჩივრით მიმართა და აუწყა, რომ ქონების გაფორმებისა და მშენებლობის უფლების გაცემაში, მერიაში, გარდა კანონიერი გადასახადისა, მათ ფონდ „ერევანი“-ს სახელზე მსხვილი თანხის გადარიცხვა მოსთხოვეს.

ფონდის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე კი ერევნის მერი ტარონ მარგარიანი იყო. ფონდი „ერევანი“-ს სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში იყვნენ მისი მოადგილეები, მრჩეველი, მერიის ადმინისტრაციის მდივანი, სამმართველოების უფროსები, უხუცესთა საბჭოს წევრები.

ეროვნული უშიშროების სამსახურის განცხადებაში ნათქვამი იყო:

„მასალების მომზადების პროცესში გაირკვა, რომ ზემოთ მითითებული, ხელზე გაცემული სახსრების ნაწილი ფონდის ანგარიშზე არ ჩარიცხულა, არამედ მიითვისეს“.

შედეგად  სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლის მიხედვით აღიძრა – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, გაუფრთხილებლობა, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობა.


ასევე წაიკითხეთ