აცხადებენ, რომ მოძრაობა ხანგრძლივი იქნება, მისი მიზანია -  17 აპრილს დანიშნული პრემიერ-მინისტრის არჩევნების შეჩერება" />

სომხურმა ოპოზიციამ სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ სადღეღამისო აქციები დაიწყო

აცხადებენ, რომ მოძრაობა ხანგრძლივი იქნება, მისი მიზანია -  17 აპრილს დანიშნული პრემიერ-მინისტრის არჩევნების შეჩერება

ფოტო: ლილიან გალსტიანი, JAMnews

დღეს ერევანში მრავალრიცხოვანი მიტინგი დაიწყო. მისი მონაწილეები სომხეთის მესამე პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების წინააღმდეგ გამოდიან. როგორც ორგანიზატორებმა წინასწარ განაცხადეს, მათი მოძრაობა ხანგრძლივი იქნება. მონაწილეები სადღეღამისო აქციების, მათ შორის მსვლელობებისა და მჯდომარე გაფიცვების გამართვას აპირებენ.

სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტია, რომლის ლიდერიც არის სერჟ სარგსიანი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის წარდგენას აპირებს, და რადგან სომხეთი უკვე საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე გადავიდა, ამიერიდან სახელმწიფოს პირველი პირი სწორედ პრემიერ-მინისტრი იქნება.

სერჟ სარგსიანის, როგორც სომხეთის მესამე პრეზიდენტის უფლებამოსილება 9 აპრილს ამოიწურა, როდესაც პრეზიდენტის თანამდებობა არმენ სარგსიანმა დაიკავა. მეორე დღეს, 10 აპრილს, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კარენ კარაპეტიანმა რომელიც მთავრობის მეთაურის მოვალეობას ასრულებს, განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი იქნება სერჟ სარგსიანის კანდიდატურა.

კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენის უფლება იმ პოლიტიკურ ძალას აქვს, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას შეადგენს. სომხეთის მოქმედ ეროვნულ საკრებულოში უმრავლესობას შეადგენს სომხეთის რესპუბლიკური პარტია, რომელსაც სერჟ სარგსიანი მეთაურობს. უმრავლესობას 101 მანდატიდან 53 ეკუთვნის. შესაბამისად, იმისდა მიუხედავად, თუ ვის მისცემს ხმას პარლამენტის სამი დანარჩენი ძალა, მმართველ პარტიას დამოუკიდებლად შეუძლია თავის კანდიდატი ხმათა საჭირო რაოდენობით უზრუნველყოს.

ოპოზიციას მიაჩნია, რომ სომხეთში საკონსტიტუციო რეფორმა სწორედ სერჟ სარგსიანის ხელისუფლების გაგრძელებისთვის ჩატარდა. სხვაგვარად სარგსიანი, რომელიც უკვე ორჯერ იკავებდა პრეზიდენტის თანამდებობას, მესამედ კენჭს ვერ იყრიდა. ახლა კი მან ქვეყნის სხვა თანამდებობიდან მართვის შესაძლებლობა მიიღო.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ ლიდერმა ნიკოლ პაშინიანმა ეს მოძრაობა ორი კვირის წინ დაიწყო – ინიციატივით „ჩემი ნაბიჯი“. მან თავის მომხრეებთან ერთად ქვეყნის უმსხვილესი თემების 200 კმ მოიარა, გიუმრიდან დედაქალაქამდე, და ადამიანებს სერჟ სარგსიანის ხელისუფლების განახლების წინააღმდეგ გამოსვლისკენ მოუწოდებდა.

ერევნამდე მისულმა მსვლელობის მონაწილეებმა თავისუფლების მოედანზე – ერევნის  ცენტრში მიტინგი დაიწყეს. აქცია 17 აპრილამდე გაგრძელდება. ამ დღეს ეროვნულ საკრებულოში პრემიერ-მინისტრის არჩევნები ჩატარდება.

„სერჟ სარგსიანი წავიდა, ის უკვე  აღარ არის პრეზიდენტი. არ უნდა დავუშვათ, რომ ის ხელისუფლებაში დაბრუნდეს. ჩვენ ხალხს ვეუბნებით: გადადგი ნაბიჯი, უარყავი სერჟი. სერჟ სარგსიანს მხოლოდ მისი ოჯახის კეთილდღეობა ანაღვლებს. სერჟ სარგსიანისთვის სომხეთში მოქალაქეები და ხალხი არ არსებობენ.  სერჟ სარგსიანის მაფიოზურმა ადმინისტრაციამ ყველა საზღვარს გადააჭარბა. საბოლოოდ სომხეთის მოქალაქეები გაიმარჯვებენ“, – განაცხადა ნიკოლ პაშინიანმა.

როგორ იბრძოლებს ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სერჟ სარგსიანის დანიშვნის წინააღმდეგ

ბოლო დროს ამ საკითხზე ყველაზე მეტს მსჯელობენ: როგორ იბრძოლებს ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სერჟ სარგსიანის დანიშვნის წინააღმდეგ. სერჟ სარგსიანი ერთადერთი კანდიდატია, რომელიც მისმა პარტიამ წამოაყენა, ხოლო პრემიერს არა მოქალაქეები, არამედ პარლამენტი აირჩევს, რომელშიც მისი გუნდი უმეტესობას შეადგენს, და მათ შორის არავინ მისცემს ხმას თავისი ლიდერის წინააღმდეგ.

ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ პაშინიანი მიიჩნევს, რომ ხალხის ნება შეიძლება მმართველი პარტიის მიერ ხმის მიცემაზე აისახოს. მისი თქმით, თუკი ისინი ეროვნული საკრებულოს შენობის ალყაში მოქცევას შეძლებენ, ხმის მიცემისთვის ხელის შეშლა შესაძლებელი იქნება. კონსტიტუციის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი პრემიერ-მინისტრის არჩევნები ორჯერ ჩაიშლება, მოქმედი პარლამენტი თავის უფლებამოსილებას დაკარგავს და ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

„საჭიროა კონკრეტული ამოცანის გადაჭრა: სერჟ სარგსიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრი არ უნდა გახდეს. ჩვენ სერჟ სარგსიანს ამ გზაზე ყველგან უკან უნდა ვსდიოთ. ერევანში მან თავი ალყაში მოქცეულად უნდა იგრძნოს. ჩვენ ის უნდა დავბლოკოთ, დეპუტატებს  ხმის მიცემის საშუალება არ უნდა მივცეთ, სერჟ სარგსიანს კი ეროვნული საკრებულოს შენობაში შესვლის საშუალება არ უნდა მივცეთ“, – განაცხადა ნიკოლ პაშინიანმა.

მიტინგის მიმდინარეობისას დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ პოლიცია აქციის მონაწილეთა მიმართ თავაზიანად და კეთილგანწყობილად მოიქცევა. ამავდროულად პაშინიანმა ყველა მონაწილეს მოუწოდა, პოლიციელებს კარგად მოექცნენ, რადგან ისინი – მტრები კი არა, თავადაც მათნაირი მოქალაქეები არიან.

„მე თქვენ არც ერთი წამით არ მიგატოვებთ, თქვენს გვერდით ვიქნები, აქ, ამ მოედანზე ან სადმე სხვაგან. თუკი პოლიცია შეტევას დაიწყებს, ჩვენ ერთი პასუხი გვაქვს – პასიური წინააღმდეგობა. თუ ჩვენს დასაშლელად წამოვლენ – არ ვიშლებით, მხარდამხარ ვდგებით“, – გააფრთხილა მომხრეები პაშინიანმა.


ასევე წაიკითხეთ