ბორის ჯონსონის სტატიებიდან ციტატები მისი ჟურნალისტად, საგარეო საქმეთა მინისტრად და ლონდონის მერად მუშაობის პერიოდიდან" />

რას ფიქრობს ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი აშშ-ზე, რუსეთზე, თურქეთზე, ირანსა და სხვა ქვეყნებზე

ბორის ჯონსონის სტატიებიდან ციტატები მისი ჟურნალისტად, საგარეო საქმეთა მინისტრად და ლონდონის მერად მუშაობის პერიოდიდან

გადაწყდა საკითხი, თუ ვინ გახდება დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი – და, ამასთან, როგორც ჩანს, ნათელი ხდება, რომ ბრიტანეთი უახლოეს მომავალში დატოვებს ევროკავშირს.

2016 წლის ივნისში გამართულ რეფერენდუმზე, ევროკავშირთან „განქორწინებას“ მხარი ბრიტანელების თითქმის 52%-მა დაუჭირა, რაც განსაკუთრებით შთამბეჭდავია 72-პროცენტიანი აქტივობის ფონზე.

მაგრამ მალე გაირკვა, რომ ყველაფერი არც ასე მარტივადაა და მთელი ეს სამი წელია, ევროკავშირიდან გამოსვლის პროცედურების შეთანხმება გრძელდება.

დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი: რატომ აღმოჩნდა გაყრა ძნელი

• პროტესტი რუსეთში: რისი უნდა გვეშინოდეს და რისი იმედი გვქონდეს

ყოფილი ჟურნალისტი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ლონდონის ყოფილი მერი ბორის ჯონსონი, რომელიც დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა, სხვადასხვა ინტერვიუში არაერთხელ საუბრობდა იმის შესახებ, რომ თუკი ლონდონი ვერ შეძლებს ევროკავშირთან გამოსვლის პირობებზე შეთანხმებას – ის მზად არის, მათ შორის, „ხისტი ბრექსიტისთვის“, ანუ შეთანხმების გარეშე გამოსვლისთვის.

ამ შემთხვევაში, ბრიტანეთი იძულებული იქნება, ევროკავშირთან საქონლით, კაპიტალითა და მომსახურებით ვაჭრობა მაშინვე საერთო პირობებით დაიწყოს, ისევე, როგორც ყველა დანარჩენმა მსოფლიოში.

ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ ბრიტანეთი შესაძლოა უფრო არახელსაყრელ პირობებში აღმოჩნდეს ევროკავშირთან, ვიდრე ზოგიერთი აფრიკული ქვეყანა. მაგალითად, სამხრეთ აფრიკას ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს, ბრიტანეთს კი აღარ ექნება.

ექსპერტები მთელი მსოფლიოდან აქტიურად განიხილავენ, მართლაც აპირებს თუ არა ახალი პრემიერი საკითხის სწრაფად გადაწყვეტას, მათ შორის, მზად არის „შეთანხმების გარეშე გამოსვლისთვის“ – თუ ეს უბრალოდ ევროკავშირზე ზეწოლის მეთოდია იმ იმედით, რომ მას მოლაპარაკებების მაგიდასთან დააბრუნებს.

BBC-მ შეაგროვა წლების განმავლობაში, ბორის ჯონსონის მიერ სხვა ქვეყნებისა და მათი ლიდერების შესახებ გაკეთებული განცხადებებიდან ციტატები, რაზე დაყრდნობითაც შეიძლება ვივარაუდოთ დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკის მომავალი მიმართულება.

აშშ

დონალდ ტრამპის არჩევამდე: „მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი არ გამოდგება იმისთვის, რომ ამერიკაში უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობა დაიკავოს. ალბათ, მე უფრო გამოვდგებოდი, რამდენადაც ნიუ-იორკში დავიბადე“.

ტრამპის არჩევის შემდეგ: „ამ ადამიანს ბევრი ძლიერი მხარე აქვს. მის ხელში ამერიკის ეკონომიკა 3.6 პროცენტით იზრდება (სინამდვილეში – 3.1 პროცენტით – რედ.). ეს გონივრული განცხადებაა, რამდენადაც ბრექსიტის მომხრეები იმედოვნებენ, რომ ევროკავშირიდან გამოსვლის შემდეგ აშშ-სთან გააფორმებენ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას.

პრეზიდენტმა ტრამპმა კი საპასუხოდ განაცხადა, რომ, მისი აზრით, ჯონსონი „კარგი“ პრემიერ-მინისტრი იქნება.

თურქეთი

2016 წელს, ამ ქვეყანასა და მის ლიდერს, რეჯეფ ტაიპ ერდოღანს ჯონსონმა თავის მიერვე დაწერილი ლექსი მიუძღვნა, რომელიც უწმაწურ ლექსიკას შეიცავს.

ასევე, ჯონსონს საჯაროდ არაერთხელ გამოუთქვამს შეშფოთება 80-მილიონიანი თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის შესახებ და ამას იმ ერთ-ერთ მიზეზად ასახელებდა, რის გამოც დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი უნდა დატოვოს.

ამავე დროს, ჯონსონს ოჯახური კავშირი აქვს თურქეთთან. მისი დიდი ბაბუა – თურქი, სამხედრო მაღალჩინოსანი ალი ქემალი თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა და ის 1920 წელს ქუჩაში, ხალხის ტალღამ მოკლა.

ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის წარმოშობა კარგად ახსოვთ თურქეთში – მისი არჩევის შემდეგ, იმ უბნის უხუცესებმა, საიდანაც იყო მისი დიდი ბაბუა, ბორის ჯონსონის პატივსაცემად ბევრი ცხვრის დაკვლის მზაობა გამოთქვეს.

რუსეთი

„როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი გავხდი, ვფიქრობდი, რომ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის „გადატვირთვა“ შეიძლებოდა. ეს იყო გულუბრყვილობა, ეს იყო შეცდომა.

ამ ქვეყანაში ძალიან დიდი ძალაუფლება აქვთ ოლიგარქებსა და მათ მსახურებს“.

ინდოეთი

2019 წლის მაისში, ნარენდრა მოდის ინდოეთის პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევასთან დაკავშირებით, ჯონსონმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა:

„სრულად ვიზიარებ თქვენს ოპტიმისტურ ხედვას ინდოეთის მომავალთან დაკავშირებით“.

დიდი ბრიტანეთი ბრექსიტის შემთხვევაში ფიქრობს, რომ საგრძნობლად გაზარდოს ვაჭრობის მოცულობა ინდოეთთან, ბორის ჯონსონს კი სურს, რომ ეს მისი დამსახურება იყოს.

ირანი

ლონდონსა და თეირანს შორის ურთიერთობა მკვეთრად გართულდა მას შემდეგ, რაც, რამდენიმე დღის წინ, ჰორმუზის სრუტეში, ირანელმა სამხედროებმა დიდი ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი დააკავეს.

ირანმა განაცხადა, რომ ტანკერი მათ ტერიტორიულ წყლებში შევიდა.

ადრე, დიდი ბრიტანეთის მონაწილეობით დააკავეს ნავთობით დატვირთული ირანული ტანკერი, რომელიც საერთაშორისო სანქციების დარღვევით, სირიისკენ მიემართებოდა.

ამ ინციდენტის კომენტირებისას ბორის ჯონსონმა თქვა, რომ სამხედრო მოქმედებების მოწინააღმდეგეა და „დიპლომატიას ემხრობა“.

საუდის არაბეთი

ეს ქვეყანა ჯონსონმა რელიგიური უმცირესობების უფლებების დარღვევასა და რეგიონში ჰიბრიდული ომის წარმოებაში დაადანაშაულა. ვნახოთ, ახლა რას იტყვის ამ ქვეყანასთან დაკავშირებით, რომელიც ბრიტანული იარაღის უმსხვილესი მყიდველია.


ასევე წაიკითხეთ