მიზეზი - ისინი ისტორიის თავისუფალ ინტერპრეტირებას ახდენენ და არ იხდიან გადასახადებს " />

აფხაზეთში უცხოელებს ექსკურსიების ჩატარება აუკრძალეს

მიზეზი - ისინი ისტორიის თავისუფალ ინტერპრეტირებას ახდენენ და არ იხდიან გადასახადებს

უცხოელებს აფხაზეთში ექსკურსიების ჩატარების უფლება აღარ აქვთ. იმისათვის, რომ ამ სფეროში იმუშაო, ამიერიდან, აუცილებელია, აფხაზეთის მოქალაქე იყო.

პირველ რიგში, ეს გადაწყვეტილება ეხებათ რუს გიდებს, რომლებიც, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოქალაქეების აზრით, ყოველთვის ადეკვატურად არ აწვდიან ტურისტებს ინფორმაციას აფხაზეთის ისტორიისა და კულტურის შესახებ.

• რამ დააფრთხო რუსი ტურისტები აფხაზური კურორტების მიმართ?

წესების თანახმად, ექსკურსიებს, რომლებიც აფხაზეთში სოჭიდან ჩადიან (ერთადერთი გზა ტურისტისთვის აფხაზეთში მოსახვედრად – JAMnews), თან აუცილებლად უნდა ახლდეთ ტურისტული კომპანიის მიერ წინასწარ დაქირავებული აფხაზი გიდი.

თუმცა, სოჭში ბევრ კომპანიას ურჩევნია, რომ ფული დაზოგოს და საკუთარი თანამშრომლების მომსახურებით ისარგებლოს.

აღმოჩნდა, მაგალითად, რომ, ზოგიერთი რუსი გიდის აზრით, აფხაზეთი რუსეთის ნაწილია.

სხვა გიდები ტურისტებს უყვებიან, რომ აფხაზები 1992-93 წლებში, აფხაზეთის ომის დროს, ოსების წინააღმდეგ იბრძოდნენ და შემდეგ ისინი მოსკოვმა შეარიგა.

სალიცენზიო პროცედურების გართულების მიზეზი საგადასახადო პრობლემაც გახდა. რუსი გიდები არ არიან ვალდებული, აფხაზეთის ბიუჯეტში გადასახადი გადაიხადონ – ადგილობრივი კოლეგებისგან განსხვავებით. ეს რუს გიდებს საშუალებას აძლევს, რომ სხვა ტარიფები დააწესონ. შედეგად, დაახლოებით, 700 ლიცენზიის მქონე აფხაზი ექსკურსიამძღოლი (ტურიზმის სამინისტროს ინფორმაციით) მოკლებულია მუშაობის შესაძლებლობას.

2019 წლის მაისიდან, აფხაზეთის ტურიზმის სამინისტრო საგადასახადო სამსახურთან ერთად, ექსკურსიების ჯგუფების მომსახურების რეგულარულ შემოწმებას ატარებს. გიდს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ექსკურსიის ჩატარების სავალდებულო ლიცენზია.

ასეთი ლიცენზიის მისაღებად, აუცილებელია ტურიზმის სამინისტროში ატესტაციის გავლა და, ფაქტობრივად, გამოცდის ჩაბარება ისტორიის, გეოგრაფიის, კანონმდებლობისა და ექსკურსიების გამართვის მეთოდოლოგიის ცოდნის – და, ასევე, მეტყველების კულტურის შესახებ. ამასთან, გიდმა უნდა დაიცვას ექსკურსიის საკუთარი სცენარი სპეციალური კომისიის წინაშე.

მუშაობის დროს, ექსკურსიამძღოლი ვალდებულია, თან ჰქონდეს არა მხოლოდ ლიცენზია, არამედ, აგრეთვე, ექსკურსიის ფარგლებში მოსანახულებელი ადგილების სია და გადახდილი გადასახადის დამადასტურებელი საბუთი.

მაგრამ ყველაზე მთავარია – ექსკურსიამძღოლი მზად იყოს, წარადგინოს საკუთარი აფხაზური პასპორტი.

ზაფხულში აფხაზეთში ჩამოსულთა ნახევარზე მეტი – რუსი ტურისტები არიან, რომლებიც მეზობელ სოჭში ისვენებენ. როგორც წესი, ისინი ერთი დღით ჩამოდიან, რათა ნახონ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან პოპულარული აფხაზეთის ღირსშესანიშნაობები – რიწის ტბა, ახალი ათონის მონასტერი, მაიმუნების საშენი და ბოტანიკური ბაღი.

ექსკურსიამძღოლები ამბობენ, რომ ბევრი უკვე უფრო გრძელი მარშრუტებითაც ინტერესდება.

ფოტო: იბრაგიმ ჭკადუა

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო
Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ