სირიამ ნავთობისა და გაზის მოპოვების უფლება რუსულ ფირმებს მისცა, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებულ ბიზნესმენთან არიან დაკავშირებული" />

”აი რატომ არიან რუსი დაქირავებული სირიაში”. ნავთობი “პუტინის მზარეულს” შეხვდა

სირიამ ნავთობისა და გაზის მოპოვების უფლება რუსულ ფირმებს მისცა, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებულ ბიზნესმენთან არიან დაკავშირებული

2019 წლის დეკემბერში სირიის პარლამენტმა ორ რუსულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებები დაამტკიცა ქვეყანაში გაზისა და ნავთობის საბადოების ათვისების თაობაზე. როგორც “ნოვაია გაზეტას” ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ორივე კომპანია ”პუტინის მზარეულთან” და რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანთან ევგენი პიგოჟინთან არის დაკავშირებული.

სწორედ ის ფლობს კომპანიას, რომელიც სირიაში დაქირავებულებს აგზავნის. და რომლებიც, როგორც ირკვევა, ნავთობკომპანიების მოგებისათვის იბრძვიან და იღუპებიან.

ვის შეხვდა კონტრაქტები? 

”სირიაში გეოლოგიურ ძიებას და 250 მილიარდი კუბური მეტრი ნავთობის მოპოვებას  დაიწყებს რუსული კომპანია, რომელსაც ორი თანამშრომელი ჰყავს და გუშინდელი სტუდენტ-რეპეტიტორი ხელმძღვანელობს”, – წერს “ნოვაია გაზეტა”.

• მოსაზრება: „დაივიწყეთ, რომ პუტინი ლიბერალი არ არის. გაიხსენეთ მისი ომები“

• რუსეთი სირიაში ბიზნესსაქმიანობას სამხრეთ ოსეთის გავლით აწარმოებს

• პანკისში მშვიდობა აღარ არის

ნავთობის სფეროს სპეციალისტებიდან რუსეთში არავის გაუგია ამ კომპანიების – “ველადასა” და “მერკურის”, შესახებ.  როგორც გაირკვა, “ველადა”, რომლის საწესდებო კაპიტალი 162 დოლარია, 2015 წელს ვინმე ეკატერინა ტროფიმოვამ დააფუძნა, რომელიც ამავე დროს ევგენი პრიგოჟინის სხვა კომპანიაში მუშაობდა.

2018 წელს ტროფიმოვა კომპანიის ერთადერთი მეწილის და გენერალური დირექტორის სტატუსით დარია ბარანოვსკაიამ  – პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეხუთე კურსის სტუდენტმა შეცვალა.

ჟურნალისტებმა “ველადას” საჯაროდ მისაწვდომი ვერცერთი კონტაქტი ვერ აღმოაჩინეს – არც ტელეფონს, არც საიტს, არც ელ.ფოსტის მისამართები არ იძებნება.

“მერკური”, “ველადასგან” განსხვავებით, სერიოზული ბიზნეს-მოთამაშეა, ოღონდ წარსულში და სხვა სფეროში. 2015-2018 წლებში “მერკური” ყოველწლიურად აფორმებდა კონტრაქტებს სამხედრო სანატორიუმებისა და თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ღონისძიებების საკვებით მომარაგებაზე.

პრიგოჟინის კავშირი  მერკურისთან «Настоящее время»-ს ჟურნალისტებმა დაადგინეს. 2016 წლის მაისში, პრიგოჟინის რეზიდენციის მახლობლად კატასტროფა “მერკურის” კუთვნილმა ვერტმფრენმა განიცადა. როგორც შემდეგ ერთ-ერთმა მფრინავმა თქვა, იგი პრიგოჟინსა და მის მეუღლეს ემსახურებოდა.

როგორც ნოვაია გაზეტას ევგენი პრიგოჟინის პრესსამსახურმა განუცხადა, მას “ვალადასა” და “მერკურისთან”  არავითარი კავშირი არ ჰქონია.

როგორც ირკვევა, რუსეთი დაქირავებულებით სირიის რეჟიმს უანგაროდ არ ეხმარება – ამის სანაცვლოდ პუტინთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა ნავთობის მოპოვებაზე კონტრაქტები მიიღო. ფოტოზე: სირიისა და რუსეთის დროშები სირია-თურქეთის საზღვრის მახლობლად მდებარე პოზიციებზე REUTERS/Huseyin Aldemir 

ვინ არის პრიგოჟინი და ვინ იბრძვის სირიაში ნავთობისთვის? 

ეს ისტორია დაიწყო 2016 წლის დეკემბერში, როდესაც სირიის ნავთობისა და ბუნებრივი აირის მინისტრი მოსკოვში  რუსულ კომპანიებთან რამდენიმე ხელშეკრულების დასადებად ჩამოვიდა.

რუსული გამოცემა “Фонтанка”-ს გამოძიების თანახმად, რუსული კომპანიები ვალდებულებას იღებდნენ, ბაშარ ასადის მთავრობის სასარგებლოდ გაათავისუფლონ სირიის ის ტერიტორია, სადაც ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადოებია განლაგებული. სანაცვლოდ, ისინი იქ მოპოვებული ნახშირწყალბადების ღირებულებიდან 25- პროცენტიან წილს მიიღებენ. ამავდროულად, მათ საკუთრივ საბრძოლო მოქმედებების საფასურს ცალკე გადაუხდიან.

კონტრაქტებს ხელი მოეწერა კომპანია „ევრო პოლისთან“, რომელიც ერთ ადამიანს, სახელად ევგენი პრიგოჟინს, ეკუთვნის. მას ჟურნალისტები  მეტსახელით უფრო იცნობენ – „კრემლის მზარეული“.

პრიგოჟინმა ეს იმით დაიმსახურა, რომ მისი კუთვნილი კომპანიები რუსეთის ძალოვანი უწყებებისთვის პროდუქტების მოწოდების გიგანტურ ბაზარზე, პრაქტიკულად, მონოპოლისტები არიან. გარდა ამისა, ისინი სახელმწიფოს პირველი პირების მონაწილეობით გამართულ ყველა ღონისძიებასაც ემსახურებიან.

მაგრამ ევგენი პრიგოჟინის ბიზნეს-ინტერესები ამით არ ამოიწურება. ის კიდევ იმით არის ცნობილი, რომ „ტროლების ქარხნის“ მფლობელია, რომელიც ქსელში რუსი ოპოზიციონერების დაშინებასა და შეურაცხყოფას ეწევა, და ასევე დეზინფორმაციასა და შეთითხნილ სიახლეებს ავრცელებს.

გარდა ამისა, მას ეკუთვნის საინფორმაციო ჰოლდინგი, რომელსაც 36-მილიონიანი აუდიტორია ჰყავს.

რუსი დაქირავებულები სირიასა და სხვა ქვეყნებში

„ევრო პოლისი“ არის კომპანია, რომელსაც უფრო სხვა – “ვაგნერის ჯგუფის” სახელით იცნობენ. ეს არაოფიციალური გასაიდუმლოებული რუსული შეიარაღებული ჯგუფია. სახელი ჯგუფს მისი ლიდერის მეტსახელის მიხედვით მიენიჭა. საერთაშორისო მედიის ცნობით, “ვაგნერი” იგივე დმიტრი უტკინია, რომელიც 2013 წლამდე რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პოლკოვნიკი იყო.

სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარეზე, გავრცელებული ინფორმაციით, “ვაგნერის ჯგუფი” 2014 წლიდან მონაწილეობს. ამ ჯგუფისთვის მებრძოლებს ქირაობენ რუსეთში, ისევე თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში აღმოსავლეთ უკრაინაში. რუს დაქირავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, სავარაუდოდ ის რამდენიმე ასეულს შეადგენს.

2019 წლის ნოემბერში, ნოვაია გაზეტამ გამოაქვეყნა შოკისმომგვრელი გამოძიება ვაგნერის ჯგუფის წევრების მიერ სირიაში ჩადენილი მკვლელობის შესახებ, რომელიც მათ ვიდეოზე გადაიღეს და ინტერნეტში განათავსეს.

ნოვაია გაზეტა- ს ცნობით, დანამდვილებით არის ცნობილი, რომ სირიაში 2015 – 2016 წლებში 33 “ვაგნერელი” დაიღუპა. 2017 წელს ჯგუფის მინიმუმ 10 მებრძოლი დაიღუპა, შესაძლოა მეტიც. ჯგუფმა ყველაზე მნიშვნელოვანი დანაკარგი  2018 წლის თებერვალში ჰიშამის მახლობლად აშშ-ს საჰაერო დაბომბვისას განიცადა: 60 – დან (მინიმალური შეფასებით) 200-მდე  ადამიანი დაიღუპა. დაახლოებით სამჯერ მეტი დაშავდა და კონტუზია მიიღო, ბევრი დასახიჩრდა.

2017 წლის ივნისში, აშშ-მ “ვაგნერის ჯგუფი” იმ ორგანიზაციების სიაში შეიყვანა, რომელთა წინააღმდეგ სანქციები მოქმედებს.

ასევე, მედიის ცნობით, “ვაგნერის ჯგუფის” მებრძოლები მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და ლიბიაში. ამ ჯგუფის საქმიანობას ცნობილი რუსმა ჟურნალისტი ორხან ჯემალი და მისი კოლეგები იძიებდნენ, რომლებიც ივლისში ცენტრალურ აფრიკაში მოკლეს .

 

 

 


ასევე წაიკითხეთ