განადგურებული მრავალსაუკუნოვანი აფხაზური ბზა და აშშ-ის სოფლის მეურნეობის 12-მილიარდიანი დანაკარგი " />

აზიური ფაროსანა – ქართველი, აფხაზი და ამერიკელი ფერმერების მტერი

განადგურებული მრავალსაუკუნოვანი აფხაზური ბზა და აშშ-ის სოფლის მეურნეობის 12-მილიარდიანი დანაკარგი

მავნებელი, სახელწოდებით აზიური ფაროსანა, უდიდეს ზიანს აყენებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებსა და ხეებს დასავლეთ საქართველოსა და აფხაზეთში.

• აზიური ფაროსანა ხალხის წინააღმდეგ. რეპორტაჟი სამეგრელოდან, სადაც თხილს ნაგავში ყრიან

• აფხაზეთში ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება

მაგრამ, როგორც ირკვევა, ეს ტერიტორიები ერთადერთი არ არის, რომელიც ამ მწერმა დააზარალა. ამერიკული ჟურნალი, The New Yorker წერს, რომ ის უკვე გავრცელებულია აშშ-ის 43 შტატში

საიდან მოვიდა აზიური ფაროსანა?

აზიური ფაროსანას წარმოშობის ადგილი – სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებია: ჩინეთი, ტაივანი, სამხრეთი და ჩრდილოეთი კორეა. მთელ მსოფლიოში მისი გავრცელება – გლობალური ვაჭრობის გვერდითი შედეგია. სხვა კონტინენტებზე ფაროსანა სატვირთო კონტეინერებით, სასოფლო-სამეურნეო საქონლითა და ექსპორტირებული ავტომობილებითაც კი ხვდება.

აზიური ფაროსანა აშშ-ში პირველად 1999 წელს შენიშნეს. მწერს შვიდი წელი დასჭირდა იმისათვის, რომ ახალ ადგილს შეგუებოდა, ამის შემდეგ კი ეპიდემია დაიწყო.

ამერიკის შეერთებული შტატები ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც დაზარალდა. ასეთები არიან – კანადა, ბრაზილია და მექსიკა.

რით არის ის საშიში?

აზიური ფაროსანა – სასოფლო-სამეურნეო კულტურების დიდი მტერია. ის ყველაფერს ჭამს: მისი რაციონი შეიძლება შეადგინოს ალუბლის ხეებმაც და ბამბის პლანტაციებმაც.

ამერიკელი ფერმერებისთვის მისგან მხოლოდ გასულ წელს მიყენებულმა ზარალმა 12 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ნათესების გარდა, ის ხეებსაც ერჩის – მის დანაშაულებრივი ინტერესის სფეროში 250 სახეობის ხე შედის.

მაგრამ მისი ცოდვები მარტო სოფლის მეურნეობისათვის მიყენებული ზარალით არ ამოიწურება.

სხვა მავნებლებისგან განსხვავებით, აზიურ ფაროსანას შეიძლება შინაური ცხოველი ეწოდოს. წლის ცივ პერიოდში მას სითბოში მოცდა უყვარს, კერძოდ – ადამიანის საცხოვრებელში.

სახლს, რომელიც აზიურმა ფაროსანამ გამოსაზამთრებლად შეარჩია, დიდი უსიამოვნებები ელოდება.

პირველ რიგში, ის არასოდეს არ არის ცოტა. ერთმა ამერიკელმა ენტომოლოგმა სცადა, დაეთვალა მის სახლში შეჭრილი ხოჭოს რაოდენობა და ოცდაექვსი ათასზე შეჩერდა.

მეორეც, თქვენ ვერ შეძლებთ მარტივად მის თავიდან მოშორებას. პრობლემა ისაა, რომ თუკი აზიურ ფაროსანას გაჭყლეტთ, ის მძაფრი სიდამპლის სუნს უშვებს, ცელულოზის გადამამუშავებელი კომბინატიდან გამომავალის მსგავსს.

ამასთან, აზიური ფაროსანა გაურბის დიდ ქალაქებს – იქ მას არაფერი აქვს საჭმელი. მაგრამ პატარა ქალაქებსა და დასახლებებს, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებზეა განლაგებული, ისე იპყრობს, როგორც ნაპოლეონი ევროპას – ნელა, მაგრამ გარდაუვალად.

აზიურ ფაროსანას არ შეუძლია, პირდაპირი ზიანი მიაყენოს ადამიანს. მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს დაამშვიდებს ფერმერებს, რომელთა მამულებიც მოეწონა და სახლის მფლობელებს, რომელშიც ათასობით ხოჭომ გამოზამთრება გადაწყვიტა.

როგორ უნდა გაუწიო წინააღმდეგობა?

თავდაპირველად, როდესაც აზიური ფაროსანას თავდასხმის მასშტაბი ჯერ კიდევ არ იყო ნათელი, ამერიკელი ფერმერები ცდილობდნენ, მასთან პესტიციდების საშუალებით ებრძოლათ. მაგრამ, როდესაც გაირკვა, რომ პესტიციდები გიგანტური რაოდენობითაა აუცილებელი, ბრძოლის ეს გზა არაეფექტიანად გამოაცხადეს.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაში პესტიციდების ჭარბი რაოდენობა მას არაკონკურენტუნარიანად აქცევს. ანუ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შედეგებიც ისეთივეა, როგორც მისი „მოღვაწეობა“.

მაშინ მეცნიერებმა წინადადება წამოაყენეს, რომ ესარგებლათ აზიური ფაროსანას უდიდესი მტრის მომსახურებით – ხოჭოსი, სახელწოდებით სამურაი კრაზანა. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში აზიური ფაროსანა მკაცრი კონტროლის ქვეშაა, რომელიც მკაცრი მეთოდებით ხორციელდება: არაფერია სამურაი კრაზანისთვის უფრო დიდი დელიკატესი, ვიდრე აზიური ფაროსანა.

თუმცა, სკეპტიკოსები იმაზე მიუთითებენ, რომ არავის შეუძლია გამოთვალოს სამურაი კრაზანის შემოყვანის შედეგები და ისინი შეიძლება კიდევ უფრო კატასტროფული აღმოჩნდეს, ვიდრე ამერიკის კონტინენტზე აზიური ფაროსანას ჩამოსვლა.

აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით, მეცნიერთა რეკომენდაციაა ბალანსის დაცვა პესტიციდებისა და სამურაი კრაზანას გამოყენებას შორის.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ