აზიური ფაროსანა ხალხის წინააღმდეგ. რეპორტაჟი სამეგრელოდან, სადაც თხილს ნაგავში ყრიან
თუ გაინტერესებთ, საიდან მოდის თქვენს ნუტელაში თხილი, ამ კითხვაზე პასუხს მარტივად იპოვით გუგლშიც და ვიკიპედიაშიც.
თხილის მსოფლიო მწარმოებლების ხუთეული ასე გამოიყურება: თურქეთი, იტალია, აშშ, საქართველო და აზერბაიჯანი.
ქართული თხილის 90 პროცენტზე მეტი დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის საზღვართან – სამეგრელოში მოდის. 90-იანი წლების ომებისგან ამ ყველაზე დაზარალებულ რეგიონს, დღემდე თხილი აცოცხლებს. თუმცა, ეს მოცემულობა შეიძლება მალე შეიცვალოს – წელს სამეგრელოში იმის ნახევარი მოსავალიც ვერ აიღეს, რაც შარშან – პროგნოზებიც არადამაიმედებელია.
თხილების გილიოტინა
სამეგრელოში ახლა ყველაზე ცხელი სეზონია – გლეხები წლის მთავარ სარჩოს – თხილის მოსავალს იღებენ და აბინავებენ.
ზუგდიდში და მიმდებარე სოფლებში ყოველ ფეხის ნაბიჯზე თხილის მიმღები პუნქტებია. ერთ-ერთთან რამდენიმე ტომრით დატვირთული ავტომანქანა ჩერდება. სოფელ კახათში მცხოვრებ რომან ჩახაიასთვის ეს მთელი წლის მოსავალი და ოჯახის ერთადერთი შემოსავალია. მიმღებმა პუნქტმა თხილის ფასი რომ განსაზღვროს, ამისთვის ჯერ მისი ხარისხი უნდა დაადგინოს და შემოწმების რუტინადქცეული პროცედურა ჩაატაროს: ცოტ-ცოტა თხილს სინჯისთვის ყველა ტომრიდან აიღებენ. შემდეგ 100 თხილს გატეხავენ, თხილის მთლიან გულებს სპეციალურ დანადგარში ე.წ. “გილიოტინაში” ჩადებენ და დიდი, ბასრი დანის ბრტყელი პირის ჩატარებით შუაზე გაჭრიან. თუ 100-დან 90-ზე მეტი თხილის გული საღი იქნება, გლეხს წლევანდელ მაქსიმალურ ფასს – 1 კილოგრამში 4 ლარს გადაუხდიან.
რომანმა უკვე იცის, რომ მისი თხილი ხარისხიანი არ არის. თუმცა, იმედი აქვს, რომ 1 კგ-ს სულ მცირე 1 ლარად მაინც ჩააბარებს. შემოწმების პასუხს ისე ელოდება, როგორც განაჩენს. მიმღები პუნქტის თანამშრომელი თხილის დაუზიანებელ გულებს ითვლის. ასიდან მხოლოდ 9 აღმოჩნდა საღი. რომანისთვის ეს მართლაც განაჩენია: მიმღები პუნქტი თხილის მიღებაზე უარს ამბობს და გლეხს თავისი მოსავლით უკან აბრუნებს.
“3 ტონა თხილს ველოდებოდი და 300 კილო ძლივს გადავარჩიე. ვფიქრობდი, 1 ლარად მაინც გაიყიდებოდა. არ მიიღეს და სხვა პუნქტებში წაღებასაც არა აქვს აზრი. ასეთ თხილს არსად ჩაიბარებენ,”- ამბობს რომან ჩახაია.
თემურ გვილავა მეუღლესა და 2 შვილთან ერთად ზღვისპირა სოფელში – ანაკლიაში ცხოვრობს. გასულ წლებში მოსავალიც კარგი ჰქონდა და შემოსავალიც. შარშან 1 კგ თხილი 5 ლარად გაყიდა – მოსავალი მაღალი ხარისხის არ იყო, ამიტომ სხვა წლებთან შედარებით იაფად გაყიდა. წინა წლებში 1 კგ თხილს 9-10 ლარად აბარებდა.
რადგან თხილის მოყვანა სარფიან საქმედ იქცა, სამეგრელოში ბევრმა გლეხმა ფერმერობას მიჰყო ხელი – ბანკებიდან სესხები გამოიტანეს და თხილის დიდი პლანტაციები გააშენეს.
თემურიც ასე მოიქცა. იმის გამო, რომ თხილის უკვე მსხმოიარე პლანტაცია ჰქონდა, თხილს კი – კარგი ფასი, ბანკი უპრობლემოდ ენდო – 15 ათას ლარიანი სესხი მისცა. თემურმა სახლთან ახლოს დამატებით ნახევარი ჰექტარი მიწა იყიდა და თავისი პლანტაცია 1 ჰექტარამდე გააფართოვა.
1 ჰექტარზე გაშენებულ თხილნარში, სულ მცირე 1,5 ტონა თხილი უნდა აეღო, თუმცა წელს მოსავალი საერთოდ არ დაუკრეფია: “ერთი მკრეფავს დღეში 25 ლარი უნდა გადავუხადო. გავსინჯეთ თხილი და როცა ვნახეთ, რომ ამ ხარჯს მოსავალი ვერ აანაზღაურებდა, საერთოდ აღარ დავკრიფეთ,” – ამბობს ის და თავის თხილნარს გვათვალიერებინებს.
ზოგ თხილს შეხედვისთანავე ეტყობა, რომ დამპალია, ზოგი კი გარეგნულად საღს ჰგავს, მაგრამ გულს თუ შუაზე გაყოფთ, თეთრ რბილობზე ყავისფერი ლაქებს დაინახავთ.
თემური ახლა იმაზე ფიქრობს, ბანკიდან აღებულ სესხს როგორ გაუმკლავდეს.
ამ ვიდეოში თემურ გვილავა თავისი ბიზნესის ისტორიას ჰყვება
გლეხებთან ერთად მსხვილი ფერმერებიც დაზარალდნენ. 24 წლის მარიამ კოდუას, რომელიც სოფელ დარჩელში ცხოვრობს, 15 ჰექტარზე გაშენებული თხილის საკუთარი პლანტაცია აქვს.
“გასულ წელს ამ ნაკვეთში 25 ტონა თხილი ავიღეთ, წელს – 7. ამ 7 ტონიდანაც მხოლოდ 35% თუ გამოვა კარგი,” – ამბობს მარიამი.
რა მოუვიდა თხილს?
აზიური ფაროსანა – ასე ჰქვია მწერს, რომელმაც სამეგრელოში თხილის მოსავალი თითქმის მთლიანად გაანადგურა.
აზიური ფაროსანა (იგივე აზიური ბაღლინჯო -Halyomorpha halys) მცენარეებით იკვებება. საქართველოში ის პირველად 2015 წელს გამოჩნდა და თხილის მოსავალი შარშანაც გაანადგურა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს მავნებლის გამო მიყენებული ზარალის ოდენობამ 60 მილიონ ლარს გადააჭარბა. ფაროსანა თხილიდან სხვა სასოფლო-სამურნეო კულტურებზეც, მათ შორის სიმინდზეც გადავიდა.
საქართველოს მთავრობამ ფაროსანას წინაამღდეგ სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა შარშან დაიწყო. გეგმის შესადგენად პენსილვანიის უნივერსიტეტიდან ბიოლოგი, ფაროსანას სპეციალისტი პროფესორი გრეგ კრავჩუკი მოიწვიეს და ბიუჯეტიდანაც 7,5 მილიონი ლარი გამოყვეს. დამატებით 8 მილიონი საქართველომ ამერიკის მთავრობისგან მიიღო.
12 ივნისს თხილის ბაღებში მავნებლის საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაიწყო. ჯამში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, აჭარის და იმერეთის 351 სოფლის ტერიტორიაზე 53 ათასი ჰექტარი ფართობი შეიწამლა, მათ შორის მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები და სიმინდის ყანები. ადგილობრივებს მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო 230 ათასი ლიტრი პრეპარატი და 21 ათასი დამჭერი ხაფანგი გადაეცა.
თუმცა, ეს ყველაფერი უშედეგო აღმჩნდა – სამეგრელოს მოსახლეობა ჩივის, რომ თხილის გარდა, მწერმა სიმინდის მოსავალიც გაანადგურა.
ეს ადგილობრივი მცხოვრების კახაბერ ადამიანს ფეისბუკ-პოსტია. ის ჩივის, რომ აზიური ფაროსანამ სამეგრელოში ყველაფერი გაანადგურა. ასეთ პოსტებსაც და ფოტოებს ამ ზაფხულს ფეისბუკზე ხშირად შეხვდებოდით:
JAMnews-მა სურსათის ეროვნულ სააგენტოშიც ძალზე არადამაიმედებელი კომენტარი მოისმინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ლიპარტია ამბობს, რომ 16 წელია აშშ უდიდეს რესურსს ხარჯავს და უშედეგოდ ებრძვის ამ მავნებელს. მისი თქმით, მავნებლის სრული ლიკვიდაცია არასდროს მოხდება.
“მაგრამ, თუ მოსახლეობა მხარში ამოგვიდგება და ჩვენს მიერ მიცემულ რეკომენდაციებს ზედმიწევნით შეასრულებს, მისი რაოდენობის კონტროლს შევძლებთ და ამ პრობლემასაც დავძლევთ,”- აცხადებს ლიპარტია.
თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, ამხელა ზარალის მიზეზი, სწორედ ხელისუფლების არაეფექტური მოქმედებაა. ადგილობრივების თქმით, მთავრობამ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლითი სამუშაოები გვიან დაიწყო.
სოფელ ინგირში მცხოვრები დავით ხურცილავა, რომელმაც წელს მხოლოდ თხილის კი არა, სიმინდის მოსავალიც თითქმის სრულად დაკარგა, ამბობს, რომ მთავრობას მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები მაისში რომ დაეწყო, ზარალი ასეთი მასშტაბური არ იქნებოდა:
“ძალიან გვიან დაიწყეს ყველაფერი. პრეპარატებიც არ იყო ხელმისაწვდომი, ჩვენ თვითონ რომ დაგვეწყო შეწამვლა. წამალი თავის დროზე რომ შემოეტანათ, თხილს მე თვითონ შევწამლიდი და მოსავალი ასე არ განადგურდებოდა.”
სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ წელს, ადრე გაზაფხულზე მოსული ჭარბი ნალექის გამო შეწამვლას უფრო ადრე ვერ დაიწყებდნენ, თანაც ჭარბმა ნალექმა თხილის პლანტაციებში 17 სხვადასხვა სახეობის სოკოვანი დაავადების გავრცელებასაც შეუწყო ხელი.
“წამლობა 12 ივნისს დავიწყეთ. ეს ზუსტად ის დრო იყო, როცა ფაროსანა სახლებიდან საკარმიდამო ნაკვეთებში გადავიდა. ნამდვილად არ იყო გვიან. ფაროსანათი მიყენებული ზიანი მთელი ზარალის მხოლოდ 10%-ზე მეტი არ იქნება. მოსავალი აზიურ ფაროსანაზე მეტად სოკოვანმა და ბაქტერიულმა დაავადებებმა გაანადგურა. იქ სადაც მოსახლეობამ დაავადებების წინააღმდეგ წამლობა ჩაატარა, მოსავალიც კარგია,”- აცხადებს ზურაბ ლიპარტია.
ადგილობრივები ამბობენ, რომ არც სოკოვანი დაავადებების და არც ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე სათანადოდ ინფორმირებულები არ იყვნენ და არ იცოდნენ, როგორ უნდა გადაერჩინათ მოსავალი.
“სამეგრელოში სამუშაო ადგილები თითქმის არაა. თხილია ჩვენი ერთადერთი შემოსავალი. ერთბაშად არასდროს ვყიდით, ნაწილს შავი დღისთვის ვინახავთ. მერე ზამთარში, როცა რაღაც გვიჭირს, 100-200 კილო მიგვაქვს ხოლმე, ვყიდით და იმ ფულით წამალს ან ოჯახისთვის აუცილებელ პროდუქტებს ვყიდულობთ. ახლა არაფერი გვაქვს. რასაც ფაროსანამ ხორთუმი ჩაარჭო, ყველაფერი გაფუჭდა. სიმინდი არ გვაქვს, რომ ვჭამოთ. ახლა კივზეც გადადის. არც პროდუქტი გვაქვს და არც პროდუქტის საყიდელი ფული. მომავალ წელს წამლობები როგორ უნდა ჩავატაროთ, როცა ამ ზამთარს შიმშილისთვის ვართ განწირულები?!” – ამბობს დავით მირცხულავა.
რამდენია ზარალი?
ზარალის მასშტაბის შესახებ დაზუსტებული მონაცემები ჯერ არ არსებობს. როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, წლევანდელი თხილის მოსავალი, შესაძლოა 20-30 პროცენტით შემცირდეს.
სამეგრელოს მოსახლეობა მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. მთავრობა კი აცხადებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ზარალის ანაზღაურებისთვის საჭირო თანხა არ აქვს.
ფერმერი მარიამ კოდუა ამბობს, რომ თუ მთავრობამ გლეხებისთვის ფული არ გამოძებნა, მომავალ წელს სამეგრელოში კიდევ უფრო მძიმე შედეგი იქნება, რადგან უფულოდ დარჩენილი წვრილი ფერმერები და გლეხები სოკოვან დაავადებებთან და ფაროსანასთან გამკლავებას უფულობის გამო ვეღარ შეძლებენ.
“თხილის პლანტაციების მოვლა ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტ რესურსსა და თანხას მოითხოვს,” – ამბობს ის.
გასულ წელს ბაღის წამლობებზე მარიამმა 5000 ლარი დახარჯა, წელს კი 12 000. ამბობს, რომ პრობლემის მასშტაბის გათვალისწინებით, მომავალ წელს შეიძლება, 15 000 ლარიც აღარ ეყოს და თუ ხარჯები კიდევ გაიზრდება, შესაძლოა, ბოლო წლების ერთ-ერთი წარმატებული საექსპორტო პროდუქტის – თხილის სხვა კულტურით ჩანაცვლებაზე იფიქროს.
საქართველო – თხილის ქვეყანა
საქართველო ევროკავშირში თხილის ექსპორტიორი უმსხვილესი ქვეყნების ხუთეულში შედის და ევროკავშირის ბაზარზე თურქეთის შემდეგ ყველაზე მსხვილ მიმწოდებლად ითვლება.
მეთხილეობა საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებლობის პერიოდში განვითარდა, თანაც სახელმწიფოს დაფინანსებული პროგრამების და ყოველგვარი ხელშეწყობის გარეშე.
ამჟამად საქართველოში თხილი დაახლოებით 60 000 ჰექტარზეა გაშენებული. პლანტაციების ძირითადი ნაწილი დასავლეთ საქართველოზე – სამეგრელოსა და გურიაზე მოდის.
ახლა თხილს საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეულში წამყვანი ადგილი უჭირავს: ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თხილის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა ტრადიციული ქართული საექსპორტო პროდუქტის – ღვინის რეალიზაციიდან მიღებულ თანხას მნიშვნელოვნად გადააჭარბა.
2012 წელს საქართველოდან ექსპორტზე 84 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილი გავიდა, 2016 წელს კი თხილის გაყიდვის შედეგად ქვეყანაში 179 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა.
საქართველოდან თხილი ექსპორტზე ყაზახეთში, გერმანიაში, ერაყში, უკრაინასა და ჩინეთშიც გადის. თუმცა, ქართული თხილის ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზარი მაინც ევროკავშირია.
მარიამ კოდუას თხილის გადამამუშავებელი ქარხანაც აქვს, სადაც წელიწადში 100 ტონამდე საექსპორტო თხილი მზადდება. მზა პროდუქტი კი ექსპორტზე ევროპის ქვეყნებში – იტალიაში, გერმანიაში, პოლონეთსა და ჩეხეთში გააქვს. “წელს მოსახლეობიდან 5 ტონა თხილი ვიყიდეთ. ალბათ, მეტს აღარც მივიღებთ. მოსავალი ძალიან ცოტაა და რაც არის, ისიც ძალიან უხარისხოა,” – ამბობს მარიამი.
ახალგაზრდა ფერმერი მარიამ კოდუა ჰყვება,როგორ მოახერხა მოსავლის ნაწილის გადარჩენა
უხარისხო თხილს კი, ევროკავშირში არავინ მიიღებს. ამიტომ, მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. მაგალითად, თუ თხილის შეწამვლა ადრეულ ეტაპზე არ მოხდა, გვიან წამლობას აზრი არა აქვს, რადგან ასეთ შემთხვევაში თხილის გულში პესტიციდების კვალი დარჩება და მას ექსპორტზე ვეღარ გაიტან, გვიხსნის მარიამი.
თხილის ერთ-ერთი მსხვილი ჩამბარებელი კომპანია “ევრონატსიც” ხშირ შემთხვევაში უკან აბრუნებს გლეხებს. კომპანიას ამ დროისთვის მხოლოდ 100 ტონამდე თხილი აქვს მიღებული, მაშინ როცა გასულ წელს ამ დროისთვის 500 ტონა თხილი ჰქონდა გადამუშავებული.
კომპანია "ევრონატსი 2009"- ის წარმომადგენელი ამბობს, რომ წელს ბევრი გლეხი უკან გააბრუნეს და მოსავალი არ ჩაიბარეს
“ევრონატსის” მწარმოებელი ნანა ხასია ამბობს, რომ ქართულ თხილზე მოთხოვნა დიდია, წელს ახალი გერმანელი პარტნიორიც გამოჩნდა, თუმცა მთელ ამ ბიზნესს დიდი საფრთხე ელის.