ბაქოელები აღშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, რომ მეძავები ქალაქის მთავარ ქუჩაზე მუშაობენ" />

აზერბაიჯანული სექსტურიზმი: არაბული ზაფხული

ბაქოელები აღშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, რომ მეძავები ქალაქის მთავარ ქუჩაზე მუშაობენ

“მერე რა რომ ენა არ ვიცი, ჟესტებითაც ხომ შეიძლება საკუთარი აზრის გამოხატვა!” – ამბობს ფარვანა.

რა თქმა უნდა, გოგონას სახელი პირობითია. იგი პარაპეტზე [ოფიციალურად ამ ადგილს შადრევნების მოედანი ეწოდება – რედ.შენ.], შადრევნის წინ ზის. უკვე საღამოა. მალე მოედანზე ნემსსაც ვეღარ ჩააგდებ. აქაურობას „შეესევიან“ ტურისტები, რომელთა რიცხვი ზოგჯერ ადგილობრივების რაოდენობასაც კი აჭარბებს.

ფარვანა არაბებთან მუშაობს. ამბობს, რომ ზოგჯერ ირანელებსაც ემსახურება, ზოგჯერ კი – თანამემამულეებსაც. მაგრამ, მისი თქმით, ყველაზე მეტს არაბები იხდიან.

«ყველას ესმის სიტყვა „მანი“, რომელიც „ფულს“ ნიშნავს. ტელეფონში კალკულატორის აპლიკაციას ვხსნი და შესაბამის ველში ციფრები შემყავს. თუკი თავს უარყოფის ნიშნად აქნევენ, ამ ციფრებს ვშლი და სხვა რიცხვს ვწერ. თუკი „დაქალთან“ ერთად „მეძახიან“, ფასი ორმაგდება», – ამბობს ფარვანა.

მისი თქმით ერთი საათის ფასი 100 მანათია ($59). ზოჯერ უმართლებს და საათში 150 მანათს ($88) შოულობს ხოლმე.

ტურიზმის განვითარება

სპარსეთის ყურის სახელმწიფოებისა და ზოგიერთი სხვა არაბული ქვეყნისთვის სავიზო რეჟიმი 2016 წელს გამარტივდა.

ეკონომიკის ექსპერტის, თოღრულ მაშალლის თქმით, ოფიციალური მონაცემებით, ყოველდღე ამ ქვეყნებიდან 500 ტურისტი ჩამოდის.

„პირველ და მეორე ადგილს ერაყი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები იკავებენ. როდესაც ქუვეითის პირდაპირი რეისი გაიხსნა, ამ ქვეყნიდან ჩამოსულ მგზავრთა ნაკადი 8-ჯერ გაიზარდა”.

რა იზიდავს ამ ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებს აზერბაიჯანში?

აზერბაიჯანში არაბების მასიურ შემოსვლაზე საუბრისას ექსპერტები რამდენიმე მიზეზს ასახელებენ ხოლმე. მაგალითად ისინი ამბობენ, რომ „აზერბაიჯანი თურქეთის ალტერნატივაა“.

ვებგვერდ AzVision.az-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის (AzTA) ხელმღვანელი, ნაჰიდ ბაგიროვი აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანში არაბი ტურისტების მოზღვავება აპრილში დაიწყო: «ირანიდან და არაბული ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტებისთვის აზერბაიჯანი კომფორტული ადგილია. ტერაქტებისა და სისხლიანი ინციდენტების შემდეგ ბევრმა ტურისტმა თურქეთში ვიზიტზე უარი თქვა. ისინი აზერბაიჯანში ჩამოდიან. ამჟამად სასტუმროების უმრავლესობა არაბებითაა სავსე. სექტემბერში მათი რაოდენობა პიკს მიაღწევს. არაბები ძირითადად ოთხ, ან ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში ჩერდებიან, და მხოლოდ ირანიდან ჩამოსული ტურისტები ირჩევენ სამვარსკვლავიან სასტუმროებს».

სხვა მიზეზებს შორის აღსანიშნავია მანათის დევალვაცია(რომლის წყალობითაც ქვეყანაში ცხოვრება არც ისე ძვირია, თუკი ფასებს დოლარის ეკვივალენტში დავთვლით), ქალაქის შედარებით ევროპული იერი და გართობისა და რელაქსაციის ისეთი საშუალებების ხელმისაწვდომობა, რომლებიც ისლამურ ქვეყნებში აკრძალულია. მაგალითად, თუნდაც ალკოჰოლი.

ტურიზმის ექსპერტის, ნურაი ქერიმოვას კომენტარში, რომელი მან JamNews-ისთვის გააკეთა, აღნიშნულია: «აზერბაიჯანში ჩამოსული ყველა კატეგორიის არაბს ურჩევნია, ევროპულ ქალაქებში ევროს ხარჯვის ნაცვლად, ბაქოს იაფიან რესტორნებსა და ბარებს ესტუმროს. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი ისაა, რომ ბაქო ძალიან უსაფრთხო ქალაქია».

ფარვანა იმ მიზეზებზეც საუბრობს, რომლებსაც კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო და ტურისტული კომპანიები არ ახსენებენ: «არაბულ ქვეყნებში ძალიან ბევრი ძვირადღირებული ბუტიკი, გასართობი ცენტრი და „მოლია“, არაბები აქ „საშოპინგოდ“ არ ჩამოდიან. არავისთვისაა საიდუმლო ის, რომ ისინი სხვა ქვეყნებში იმის მისაღებად ჩადიან, რაც მათთან აკრძალულია. მათ მშობლიურ ქვეყნებში ძალიან ცოტა გასართობია და, ამას გარდა, ისიც უნდა ითქვას, რომ იმ სახელმწიფოებში, საიდანაც ისინი ჩამოვიდნენ, მათ თავისუფლად გადაადგილება და გართობა ეკრძალებათ. და ამიტომ იზიდავთ მათ აზერბაიჯანი, განსაკუთრებით კი ბარები, სადაც მათ შეუძლიათ, მშვიდად სვან ალკოჰოლი და გოგონები გაიცნონ», – ამბობს ფარვანა.

„ტორგოვაია“

ნიზამის ქუჩა, რომელიც ბაქოელებს შორის „ტორგოვაიას“ (სავაჭრო ქუჩის“) სახელითაა ცნობილი, გასართობი ობიექტების სიმცირით გამოირჩევა. აზერბაიჯანში სამორინეები ჯერ კიდევ 90-იანი წლბის ბოლოს აკრძალეს. სექსმუშაკების საქმიანობა უკანონოდ ითვლება და ამიტომ, ბევრი სხვა ქალაქისგან განსხვავებით, ბაქოში „წითელი ფარნების ქუჩა“ არ არის.

„ტორგოვაიაზე“ მეტწილად კაფეები და ბუტიკებია განლაგებული. შუადღისას და საღამოს საათებში ტურისტები – მ.შ. არაბი ვიზიტორები – აქ საკუთარ ოჯახებთან ერთად სეირნობენ ხოლმე. საღამოობით ბევრი მათგანისთვის ოჯახური სეირნობები სრულდება და იწყება „ნადირობა“. არაბები ან დამოუკიდებლად „ნადირობენ“, ან მამაკაცების ჯგუფთან ერთად „ეძებენ საკბილოს“. თუმცა, ფარვანა ამბობს, რომ სინამდვილეში თავად გოგონები არიან „მონადირეები“, და არა არაბი ტურისტები.

«ვიცით, რომ საღამოობით „პარაპეტზე“ და „ტორგოვაიაზე“ იკრიბებიან და ჩვენც აქ გამოვდივართ ხოლმე. ვათვალიერებთ, ვაფასებთ, ვცდილობთ, შედარებით სიმპათიური და მდიდარი კაცი შევარჩიოთ. ვინც არ მომეწონება, იმას არასდროს გავყვები», – ამბობს ფარვანა.

იგი ამბობს, რომ ადრე ბარში მუშაობდა, ახლა კი დამოუკიდებლად საქმიანობს. უფრო სწორად, დაქალთან ერთად. «ბარში მუშაობა სარფიანი არ არის. ძალიან ბევრი ხარჯის გაწევა გიწევს. ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი ბინის ქირაობაა. სასტუმროში სიარული სახიფათოა. შესაძლოა, არაბებმა არ გადაგვიხადონ». ბინაში გოგონები უფრო თავისუფლად არიან. ერთხელ ფარვანამ და მისმა დაქალმა ერთ ტურისტის სცემეს იმის გამო, რომ მან ფულის გადახდაზე უარი თქვა. სასტუმროში მას საშუალება ექნებოდა, პერსონალისთვის ეთხოვა დახმარება.

ვაჭრობის შემდეგ გოგონები კლიენტებთან ერთად მიემართებიან ბინებში, რომელთა ყოველდღიური არენდის ფასი 60-70 მანათია ($35-40).

ერთ-ერთმა მაკლერმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, განაცხადა, რომ ბიულბიულის პროსპექტზე, კინოთეატრ ნიზამის გვერდით მდებარე ოროთახიანი ბინის ერთი დღით ქირაობა ადამიანს, შესაძლოა, 100 მანათიც კი დაუჯდეს.

«ბინის მფლობელს კარგად მოეხსენება, ვისზე გასცემს იჯარით საცხოვრებელ ფართს და რა მიზნით ქირაობს ეს ადამიანი მის უძრავ ქონებას. თუმცა, აქ კიდევ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი. არაბები განსაკუთრებული სიფრთხილით გამოირჩევიან. ისინი ფეხს არ მიადგამენ ცენტრიდან მოშორებით მდებარე უბნებში – ისეთ რაიონებში, როგორიცაა, მაგალითად, „ნეფტჩილიარი, ან „20 იანვარი“ [ბაქოს პერიფერიული რაიონები – რედ.შენ.], ამიტომ სექსმუშაკებს მხოლოდ ქალაქის ცენტრში ხვდებიან ხოლმე».

შედარებით შეძლებული და წინდახედული ტურისტები წინასწარ ემზადებიან ხოლმე. „ესკორტის“ ტიპის სერვისების წარმომდგენი ვებგვერდების საშუალებით ისინი ბაქოში მცხოვრებ იმ ქალებს უკავშირდებიან, რომლებიც აცხადებენ, რომ სურთ, არაბ მამაკაცებთან ჰქონდეთ ურთიერთობა. ერთ-ერთი ასეთი ვებგვერდი, სახელი, რომლის ხსენებაც არ გვსურს, კლიენტებს 100 დოლარად ნახევარსაათიან ინტიმურ მომსახურებას სთავაზობს, ამავე ინტერნეტრესურსის მიხედვით, ერთსაათიანი სერვისი 200 დოლარი ღირს, ოთხსაათიანი – 600, 24 საათიანი კი – 1000. გადახდა ნაღდი ფულით წარმოებს და მასში ტაქსის ხარჯები არ შედის.

“სირცხვილია”

აზერბაიჯანში არაბი ტურისტების მოზღვავებას და, ყველაზე მეტად კი სექსუალური მომსახურების მიღების მსურველი არაბების რაოდენობის ზრდას ადგილობრივების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. უკვე დიდი ხანია, რაც სოციალური ქსელების აზერბაიჯანულ სეგმენტში ეს საკითხი ცხარე დიკუსიების საგნად იქცა. სოციალური ქსელების ზოგიერთი მომხმარებელი სექსმუშაკებისა და ტურისტების ვაჭრობის სცენების მოწმე ხდება ხოლმე. ისინი ამ სცენების მონაწილე პირებს ფოტოებს უღებენ და მოპოვებულ ვიზუალურ მასალას სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ

«ყოველ საღამოს ქალაქის ცენტრში აზერბაიჯანელი „გოგონები“ არაბებს უახლოვდებიან და ურცხვად სთავაზობენ საკუთარ თავებს. ყოველ საღამოს არაერთხელ ვხდები მსგავსი სცენების მოწმე. მათ ერთმანეთის მშობლიური ენები არ იციან, მაგრამ ქალაქის უმთავრეს ქუჩაზე ერთმანეთს პოულობენ და ჟესტებით ვაჭრობენ. სირცხვილია». წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი, ემინ ამირასლანოვი

ბაქოელები პოლიციას ადანაშაულებენ იმაში, რომ სექსმუშაკები ღიად, ყველას თვალწინ მუშაობენ და არაფრის ეშინიათ.

«როგორც ვიცი, პროსტიტუცია ქვეყანაში კანონითაა აკრძალული. მაგრამ, ამის მიუხედავად, უბრალოდ შეუძლებელია საღამოს ოჯახთან და შვილებთან ერთად ქალაქის ცენტრში გასვლა. ყველგან, სადაც არ უნდა წახვიდე, არაბ ტურისტებს ხედავ, რომლებიც პროსტიტუტებთან ვაჭრობენ. და ეს ყველაფერი პოლიციის თანდასწრებით ხდება. ნუთუ პოლიცია, რომელიც ხელჩაკიდებული, დანიშნული წყვილის დანახვისას მაშინვე გზას უღობავს მათ, უბრალოდ ვერ ამჩნევს იმ უმსგავსობას, რომელიც ქალაქის ცენტრში ხდება? როგორც ჩანს, მათ კუთვნილი ქრთამი მიიღეს, იმიტომ რომ ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავენ», – წერს სოციალური ქსელების კიდევ ერთი მომხმარებელი.

ქ.ბაქოს პოლიციის მთავარი სამმართველოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ღალიბ არიფმა JAMnews-ს განუცხადა, რომ პოლიცია გამუდმებით ებრძვის ამ მოვლენას. «ჩვენი პოლიციელები არ ელოდებიან იმ მომენტს, როდესაც ვინმე საზოგადოებრივ წესრიგს დაარღვევს. ისინი გამუდმებით ებრძვიან თქვენ მიერ ნახსენებ ნეგატიურ შემთხვევებს. ამ მიმართულებით ინტენსიური მუშაობა წარმოებს. მაგრამ ერთი გარემოება უნდა გავითვალისწინოთ – ჩვენ არ შეგვიძლია, ვინმეს დაკავება და მისთვის „ტორგოვაიაზე“ დგომის, ან იმ ქუჩაზე მისვლის აკრძალვა იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე სახის მტკიცებულებები არ გაგვაჩნია. ამასთან ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ უფლება არ გვაქვს, ადამიანებს ტურისტებთან ურთიერთობა ავუკრძალოთ. ასეთ შემთხვევებში პოლიციას მხოლოდ მაშინ შეუძლია მოქმედება, როდესაც სათანადო ფაქტები და საბუთები აქვს».

უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანში პროსტიტუციაში ჩართული პირების წინააღმდეგ, ადმინისტრაციული სასჯელის პარალელურად, აღმკვეთ ღონისძიებად ფულადი ჯარიმაც გამოიყენება. სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლის (დამნაშავეთა თავშესაფრების უზრუნველყოფა) პირველ პუნქტში აღნიშნულია, რომ თავშესაფრების ორგანიზება, ფლობა, ან ამ მიზნით ფართის გადაცემა 400 საათიანი ადმინისტრაციული სასჯელითა და 2500-დან ($1470) 3500 ($2060) მანათამდე ჯარიმით ისჯება.

«თუკი ორ სეზონში მოვახერხებ იმდენივეს გამომუშავებას, რაც ამ ზაფხულს ვიშოვე, საზღვარგარეთ წავალ საცხოვრებლად. მშვიდ, წყნარ ქალაქში დავსახლდები – იქ, სადაც არავინ მიცნობს და პატარა მაღაზიას, ან კაფეს გავხსნი. არაბების წყალობით შემიძლია, ცხოვრების წესი შევიცვალო», – ამბობს ფარვანა

 

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ