სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო მინისტრებს შორის მორიგი ონლაინ-კონფერენცია გაიმართა
კორონავირუსის პანდემიის გამო, ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების პროცესი ონლაინ-რეჟიმში გადავიდა. 30 ივნისს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების, ზოგრაბ მნაცაკანიანისა და ელმარ მამედიაროვის მეორე ვიდეო-კონფერენცია გაიმართა. მისი ორგანიზატორები ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების პროცესის შუამავლები – ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები იყვნენ.
პირველი ონლაინ-მოლაპარაკებები დიპლომატებმა 22 აპრილს გამართეს.
მეორე ვიდეო-შეხვედრის დროს განიხილეს პირადი შეხვედრისა და ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ რეგიონის მონახულების შესაძლებლობა – ეპიდემიოლოგიური ვითარების ნორმალიზაციის ფარგლებში. საგარეო უწყებების ხელმძღვანელები, მომავალ თვეში, მორიგ ონლაინ-შეხვედრაზეც შეთანხმდნენ.
● სტრასბურგის სასამართლომ აზერბაიჯანი ბრალდებულად ცნო სომეხი ჯარისკაცის გარდაცვალების საქმეში
● პირველი ონლაინშეხვედრა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის
ინფორმაცია ერევნიდან
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას, ზოგრაბ მნაცაკანიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან წამოსული მილიტარისტული განცხადებები დაუშვებელია, ისინი უარყოფითად აისახება ვითარების მშვიდობიან დარეგულირებაზე და აფერხებს მოსახლეობის მშვიდობისთვის მომზადებას.
სომეხმა მინისტრმა ასევე ისაუბრა „არცახელი ხალხის შემდგომი უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე, მათ შორის, თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილების გზით“.
ჟურნალისტმა, კავკასიის კონფლიქტების ექსპერტმა, ტატულ აკოფიანმა მინისტრების ვიდეო-კონფერენციის კომენტირებისას ხაზი გაუსვა:
«დღეს, ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხი კვლავ ჩიხში შევიდა, რადგან არ არსებობს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება მოლაპარაკებების წარმოება, არ არსებობს პროექტი ან მიდგომა, რომელიც 50-50 პროცენტით მაინც იქნებოდა მისაღები, როგორც აზერბაიჯანული, ისე სომხური მხარისათვის».
ამავდროულად, ექსპერტი გვახსენებს იმ „წითელ ხაზებს, რომლიდან უკან დახევაც არ შეიძლება იყოს მისაღები გამოსავალი“ სომხური მხარისათვის:
«პირველი: არცახი არ შეიძლება იყოს აზერბაიჯანის ნაწილი რაიმე სტატუსით, თუმცა, მოლაპარაკებები, პირველ რიგში, სწორედ სტატუსის გარშემო მიმდინარეობს.
მეორე: გადაწყვეტილება მისაღები უნდა იყოს კონფლიქტში ჩართული სამივე მხარისათვის».
ინფორმაცია ბაქოდან
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მხოლოდ შეხვედრის ფაქტის კონსტატაციით და იმის მოკლე აღწერით შემოიფარგლა, თუ რაზე იყო საუბარი. კერძოდ, აღინიშნა:
«მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა წამოჭრა სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო საქმიანობის საკითხი, მათ შორის, ინფრასტრუქტურის შეცვლის მიმართულებით».
არც ადგილობრივ მედიასა და ექსპერტებს დაუთმიათ ამ შეხვედრისთვის განსაკუთრებული ყურადღება. მით უფრო, რომ ფაქტობრივად იმავდროულად ცნობილი გახდა ქვეყანაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის აგვისტოს ბოლომდე გაგრძელების შესახებ.
JAMnews-ის პოლიტიკურმა მიმომხილველმა შახინ რზაევმა ამ შეხვედრას „მოლაპარაკებების პროცესის იმიტაციის გაგრძელება“ უწოდა:
„ვიყოთ გულწრფელი, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ყარაბაღის კონფლიქტი გარკვეულწილად მეორე პლანზე გადავიდა. შესაძლოა, ეს კარგიც იყოს, რადგან ფრონტის ხაზზე სერიოზული ინციდენტები შემცირდა. შეიძლება, თანათავმჯდომარეები დაინტერესდნენ შესაძლო ცვლილებებით ყარაბაღში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების გათვალისწინებით, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ იქ რამე შეცვლილიყო. ასე რომ, ისინი მომავალშიც გააგრძელებენ ერთმანეთთან დარეკვას, თუკი გაგვიმართლებს და საზღვრები გაიხსნება, პირადადაც შეხვდებიან, მაგრამ უახლოეს მომავალში, მოლაპარაკებების პროცესში არანაირ გარღვევას არ უნდა ველოდოთ“.