"უნდა დაისაჯოს, როგორც საქართველოს მოქალაქე" - სალომე ზურაბიშვილმა ფარცხალაძეს მოქალაქეობა არ შეუწყვიტა
ზურაბიშვილმა ფარცხალაძეს მოქალაქეობა არ შეუწყვიტა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ს მიერ სანქცირებულ ყოფილ გენპროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა არ შეუწყვიტა. ამის შესახებ განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მანამდე, 19 სექტემბერს, ზურაბიშვილის ადმინისტრაცია წერდა, რომ პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროდან ელოდებოდა ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას და მას დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებდა.
20 სექტემბერს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, თუმცა პრეზიდენტმა ეს რჩევა არ გაითვალისწინა.
“ისმის კითხვა: პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ რატომ არ შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა ოთარ ფარცხალაძეს?
ოთარ ფარცხალაძე მხილებულია ჯაშუშობაში და მის მიმართ დაწყებულია გამოძიება.
სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე.” – წერია 22 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
● საქართველოს პრეზიდენტი თურნავას კანდიდატად წარდგენის გამო ბოდიშს იხდის და მას გადადგომისკენ მოუწოდებს
● სავალუტო ფონდი სანქციების მიდგომის შეცვლაზე სებ-ის განცხადებით შეშფოთებულია
● სახელმწიფო დეპარტამენტი: ვინც ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს ახორციელებს, თავს სანქციების რისკის ქვეშ აყენებს
ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ, ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების წესში ცვლილება 19 სექტემბერს შეიტანა.
სებ-ის განცხადებით, მიაჩნიათ, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.
ამ ცვლილებას წინ უძღოდა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც არაკონსტიტუციური უწოდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვაზე. მისივე მტკიცებით, ირღვეოდა უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპიც.
სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას კანდიდატად წარდგენის გამო ბოდიში მოიხადა და მას გადადგომისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, ბათილად უნდა გამოცხადდეს თურნავას ერთპიროვნული გადაწყვეტილება ყოფილი გენპროკურორის, აშშ-ს მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის აღდგენის შესახებ.
14 სექტემბერს ოთარ ფარცხალაძეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა. სანქციების დაწესება ოთარ ფარცხალაძის ბიზნესსაქმიანობას და რუსულ “ეფესბესთან” თანამშრომლობას უკავშირდება. პაკეტის ოფიციალურად გამოცხადებამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანქცირებულთა შორის იყო “ქართველი-რუსი ოლიგარქი”.