"ზეწოლა და შეურაცხყოფა": საფრანგეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა
საფრანგეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს ელჩმა საფრანგეთში თეა კატუკიამ თანამდებობა დატოვა, მიზეზად კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ზეწოლა დაასახელა. ამის შესახებ კატუკიამ განცხადება დღეს გაავრცელა.
ყოფილი ელჩის თქმით, გადადგომის თაობაზე განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრს 1 მაისს წარუდგინა, რომელიც ძალაში დღეს შევიდა.
“პირველივე დღიდან გავხდი საელჩოში არაერთი სერიოზული დარღვევისა და სტრუქტურული გაუმართაობის მოწმე, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საფრანგეთში საქართველოს წარმომადგენლობის ინტერესებსა და იმიჯს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ფუნქციის შესრულება მომიწევდა მუდმივი შეურაცხყოფის, ცილისწამების, ზეწოლის, შევიწროებისა და მუქარის კონტექსტში, რაც სათავეს იღებს სისტემაში ღრმად დამკვიდრებული კლანური და კლიენტისტური პრაქტიკიდან, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის იმ ღირებულებებთან, რომლებსაც ვიცავ და იმ მიზნებსა და მისწრაფებებთან, რაც საქართველოს მიმართ გამაჩნია.” – აცხადებს კატუკია.
როგორც კატუკია წერს, საქართველოს მთავრობისთვის ასევე მიუღებელი აღმოჩნდა საზღვარგარეთ მისი განვლილი პროფესიული გზა და მისი “პოლიტიკური მიუკერძოებლობა”.
ყოფილი ელჩის თქმით, საქართველოს დიპლომატიური სამსახური მნიშვნელოვანი საკადრო და სტრუქტურული პრობლემების წინაშე დგას, რაც ქვეყნის ეფექტური საგარეო პოლიტიკის გატარებაში უშლის ხელს.
თეა კატუკია საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და UNESCO-ში მუდმივ წარმომადგენლად 2019 წელს დაინიშნა.
თეა კატუკია 2012 წლიდან ელჩად დანიშვნამდე იყო ერთ-ერთი უმთავრესი ფრანგული კვლევითი ცენტრის – საერთაშორისო საფრთხეების პრევენციისა და ანალიზის ცენტრის კვლევითი გენერალური მდივანი.
2012 წლიდან ის იყო საერთაშორისო ურთიერთობების საკითხზე ფრანგული ჟურნალის “დიპლომატიის” მთავარი რედაქტორი და პარალელურად ხელმძღვანელობდა ორ საერთაშორისო გამოცემას: Green Innovation და Blue Innovation. ანალიტიკურ გამოცემებში მისი საქმიანობა ასევე მოიცავს 2011-2012 წლების პერიოდს, როდესაც მედიაჯგუფის, „Areion Group“-ის გენერალური მდივანი იყო.