18 წლის წინ გორში ბავშვი დაიკარგა. ოჯახმა მისი ცხედარი მხოლოდ ახლა იპოვა
გაზიარება
გაზიარება
ზაქრო ბერძენიშვილი საქმე
გორში, კომბინატის დასახლებაში, მდინარე ლიახვის პირას 2004 წელს გაუჩინარებული ბავშვის, 11 წლის ზაქრო ბერძენიშვილის ნეშტი იპოვეს.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მზად არ არის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა, ოჯახის წევრებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ნაპოვნი ნეტში ზაქრო ბერძენიშვილისაა. “რადიო თავისუფლება” წერს, რომ რომ ტანსაცმელი, რომელიც ზაქროს დაკარგვის დღეს ეცვა, კარგად არის შენარჩუნებული და ამიტომაც ოჯახმა მისი ამოცნობა შეძლო.
ამჟამად ნეშტს ექსპერტიზა უტარდება.
დაკარგული ბავშვის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია ბავშვის ოჯახს სავარაუდო მკვლელმა, იაგო ნებიერიძემ მიაწოდა. ნებიერიძე ახლა ციხეშია, თუმცა ის სხვა მკვლელობისთვის იხდის სასჯელს.
მიუხედავად იმისა, რომ ნეშტი ნაპოვნია, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მოხდა 18 წლის წინ, 2004 წლის 1 ნოემბერს, როდესაც ეზოში სათამაშოდ ჩასული 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილი დაიკარგა.
იმ დღეს ზაქრო ჩვეულებისამებრ თავისი სახლის ეზოში სათამაშოდ ჩავიდა. ბერძენიშვილები იმ პერიოდში ეზოში ავტოფარეხს აშენებდნენ. ბავშვი ხშირად უყურებდა, როგორ მუშაობდა ავტოფარეხის მშენებლობაზე ახალგაზრდა კაცი იაგო ნებიერიძე, დაქირავებული მუშა, რომელსაც ბერძენიშვილების ოჯახი კარგად იცნობდა და ენდობოდა.
ოჯახმა ზაქროს ძებნა იმავე საღამოს დაიწყო, როდესაც ბავშვმა სახლში მისვლა დაიგვიანა.
როცა დაღამდა, ზაქროს უკვე სამართალდამცავები ეძებდნენ. კინოლოგებმა ბავშვის კვალი გორის კულტურისა და დასვენების პარკში დაკარგეს. ზაქროს გაუჩინარებიდან 21 დღეში ოჯახმა ანონიმური წერილი მიიღო. წერილში ეწერა, რომ ბავშვი გატაცებული იყო, ცოცხალი იყო და მის სანაცვლოდ 20 ათას დოლარს ითხოვდნენ.
სამართალდამცავებმა მალევე დაადგინეს, რომ წერილი ავტოფარეხის მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშამ, იაგო ნებიერიძემ დაწერა.
ნებიერიძე დააკავეს, თუმცა ბავშვი გატაცება ვერ დაუმტკიცეს. ჩაითვალა, რომ მან უბრალოდ სასოწარკვეთილი მშობლების ტრაგედიით ისარგებლა და ფულის გამოძალვა სცადა.
2008 წელს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ნებიერიძე კიდევ ერთხელ დაიჭირეს, ამჯერად ყაჩაღობის გამო. 2018 წლის თებერვალში კი მას ამნისტია და პრეზიდენტის შეწყალება შეეხო, 18 წლიანი სასჯელი შეუმცირდა და 2018 წლის თებერვალში იგი ციხიდან გამოვიდა.
2018 წლის 25 ოქტომბერს გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი დაიკარგა.
ბოლოს გოგონა ნახეს მეზობელ ქუჩაზე, სადაც ერთ-ერთ სახლში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. რემონტს ამ სახლში იაგო ნებიერიძე აკეთებდა.
რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ნანიკოს ცხედარი სამართალდამცავებმა მდინარე ლიახვის პირას იპოვეს. მეორე დღეს დააკავეს 33 წლის ნებიერიძე.
ნებიერიძემ აღიარა ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობა და სამართალდამცავებს ისიც უთხრა, რომ ზაქრო ბერძნიშვილის საფლავის ადგილიც იცის, თუმცა 2018 წელს მის მიერ დასახელებულ ადგილას ნეშტი არ აღმოჩნდა.
როგორც “რადიო თავისუფლება” აღნიშნავს, ამჯერად ნებიერიძესთან კონტაქტზე მისი დედის მეშვეობით უშუალოდ ზაქროს მშობლები გავიდნენ და ნებიერიძემ ზუსტი ადგილი დაასახელა.