შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ ის ჩაერთვება “ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში,” თუმცა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტის დეპუტატი არ გახდება და არც მთავრობაში დაიკავებს რაიმე თანამდებობას.
მერაბიშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში „გუშინდელი დღე“ უწოდა მმართველ პარტიას – „ქართულ ოცნებას“ და დაწერა, რომ გადამწყვეტი იქნება ის, თუ რამდენად შეძლებს ოპოზიცია „საერთო ეროვნული მიზნის“ საკუთარ კარიერასა და პირად ამბიციებზე მაღლა დაყენებას.
„განახლებული ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, გადამწყვეტი როლი შეასრულოს ამ ბრძოლაში, დაასრულოს არჩევნები გამარჯვებით და ხალხს დაუბრუნოს მომავალი,“ – წერს მერაბიშვილი.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ასევე წერს, რომ ენმ-ის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის არც პარლამენტარი გახდება და არც მთავრობაში დაიკავებს რომელიმე თანამდებობას.
ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო 2004 წლის დეკემბრიდან 2012 წლის 30 ივნისამდე, 2012 წლის 30 ივნისიდან ოქტომბრამდე კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო. ის “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მაღალჩინოსანი იყო და სისტემის “ხერხემალსაც” უწოდებდნენ. მას მიაწერენ “ნაციონალური მოძრაობის” ბევრ წარმატებას და ბევრ წარუმატებლობასაც.
ვანო მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს. ის გასამართლებული იყო რამდენიმე ბრალდებით, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების და სხვისი ქონების მითვისება-გაფლანგვის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეებზე.
საპატიმრო, სადაც 6 წელი და 9 თვე გაატარა, მერაბიშვილმა 2020 წლის 20 თებერვალს დატოვა.