უნდობლობა სასამართლოს მიმართ და ანაკლიის პორტი - რას წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა, აღნიშნულია, რომ ქვეყნის ეკონომიკა უცხოური ინვესტიციების მიმართ ღიაა, თუმცა, საქართველოში მოქმედი კომპანიები ქართულ სასამართლოს ნაკლებად ენდობიან, ბიზნესდავების მოგვარებას კი ხშირად წლები სჭირდება.
ანგარიშში საუბარია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებაც.
სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ ანაკლიის პორტის კონსორციუმთან კონტრაქტი ცალმხრივად გაწყვიტა, იმ მიზეზით, რომ კონსორციუმმა პორტის მშენებლობისთვის საჭირო თანხა ვერ მოიძია, ანაკლიის პროექტი საქართველოს მთავრობისთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.
• საქართველოს ხელისუფლებამ გაწყვიტა კონტრაქტი კონსორციუმთან, რომელიც ანაკლიაში პორტს აშენებდა
ანგარიშში შეფასებულია საქართველოში არსებული კანონმდებლობა, ასევე ის პრობლემები და გამოწვევები, რასაც ბიზნესმენები აწყდებიან.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ “ბიზნესინვესტიციებისთვის საქართველოში ხელსაყრელი პირობებია, თუმცა, ზოგიერთი ბიზნესი საუბრობს მზარდ უნდობლობაზე ქართული სასამართლო სისტემის მიმართ.”
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ “პრობლემას წარმოადგენს კომერციული დავების დროული, დამოუკიდებელი და კომპეტენტური გადაწყვეტა” და რომ ზოგი დავა სასამართლოებში წლების განმავლობაში გრძელდება.”
“ბიზნესის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ ქვეყანაში ანტიმონოპოლიური პოლიტიკა დასახვეწია. ასევე, ცალკეულ შემთხვევებში ეკონომიკური რეგულაციების აღსრულება კომპანიების მიმართ შერჩევითი პრინციპით ხდება. ბიზნესის შეფასებით, ასევე სირთულეებია საკუთრების უფლებებთან მიმართებით წარმოშობილი დავების გადაწყვეტის პროცესშიც,” – წერია ანგარიშში.
ამავდროულად, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის ცნობით, ისინი მუშაობენ ამ პრობლემების მოგვარებაზე და ბიზნესის კეთების კუთხით საქართველო კვლავაც მოწინავე ქვეყანაა რეგიონში.
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ გაკეთებული შეფასებები “უაღრესად პოზიტიური” და “აბსოლუტურად ობიექტურია”.
“ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ასე ობიექტურად და დადებითად აფასებს ძალისხმევას, რომელსაც ჩვენ არ ვიშურებთ იმისთვის, რომ საინვესტიციო გარემო საქართველოში კიდევ უფრო მიმზიდველი იყოს,” – ამბობს თურნავა.