ევროპარლამენტი: უკრაინა-მოლდოვას მხარდამჭერი რეზოლუცია, საქართველოს - როცა მთავრობა პრიორიტეტებს შეასრულებს
უკრაინა-საქართველო-მოლდოვის რეზოლუცია
ევროპულმა პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ასევე მხარს უჭერს საქართველოსთვის სტატუსის გადაცემას მას შემდეგ, რაც მთავრობა ევროკომისიის მიერ შედგენილ პრიორიტეტებს დააკმაყოფილებს.
ევროპარლამენტი უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მთავრობებს მოუწოდებს, რომ ერთხმად გამოხატონ პოლიტიკური მონდომება, რათა ხორცი შეასხან საკუთარი ხალხის ევროპულ ამბიციებს და დააჩქარონ რეფორმები ევროკავშირის კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად.
რეზოლუციას მხარი 529 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 45 კი წინააღმდეგი იყო. 14-მა თავი შეიკავა.
ევროსაბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე საათში საბოლოოდ უნდა მიიღოს, მაგრამ სავარაუდოდ ის აღარ შეიცვლება.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის წინ, ჟურნალისტებთან საუბარში უპასუხა შეკითხვას, რა არის ახლა ქართველი ხალხისადმი მისი გზავნილი.
„ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, ამას უარყოფითად არ უნდა შეხედონ, მათ [ქართველებს] ახლა აქვთ მკაფიო გზა, აქვთ შესასრულებელი საქმეები, განრიგი. ანუ ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, გააგრძელეთ ამაზე მუშაობა, თქვენ კარგ გზაზე ხართ.“ – განაცხადა ჟოზებ ბორელმა.
ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე 17 ივნისს დასკვნა მოამზადა. შედეგად, უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს და დაეკისრებათ გარკვეული ვალდებულებების შესრულება, ხოლო საქართველოს ჯერ პირობების შესრულება დაევალება, შემდეგ კი კანდიდატობის სტატუსის მიღების შანსი ექნება.
რეზოლუცია, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ, ევროპარლამენტმა 9 ივნისს დაამტკიცა.
20 ივნისს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საქართველოს ევროპული კურსის მხარდასაჭერად უპრეცედენტოდ მასშტაბური აქცია გაიმართა. აქციაზე შეკრებილი ათასობით ადამიანის მიზანი იყო ევროპისა და ევროპული ღირებულებების მიმართ ქართველი ხალხის ერთგულების დემონსტრირება.