ტრამპი როგორც ქრისტე, მესიანიზმი და კონფლიქტი პაპთან
ტრამპის კონფლიქტი რომის პაპთან
დონალდ ტრამპი სულ უფრო აქტიურად იყენებს რელიგიურ სიმბოლიკას საკუთარი პოლიტიკური იმიჯის გასაძლიერებლად. ეს უკვე იქცევა არა მხოლოდ მისი პიროვნების კულტის ელემენტად, არამედ ვატიკანსა და პაპ ლეო XIV-თან მწვავე კონფლიქტის წყაროდაც. JAMnews-ის პარტნიორის, „ნოვაია გაზეტა ევროპას“ მასალის მიხედვით:
_______________________________________
13 აპრილს დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული გამოსახულება, სადაც ის იესო ქრისტეს იერ-სახით არის წარმოდგენილი: თეთრ ტუნიკასა და წითელ მოსასხამში ის საწოლს მიჯაჭვულ მოხუც კაცს კურნავს ან მკვდრეთით აღადგენს. მარჯვენა ხელით მესია-ტრამპი ავადმყოფის შუბლს ეხება, ხოლო მარცხენა ხელიდან კაშკაშა ღვთიური ნათელი გადმოსდის. გამოსახულებას თან ახლავს ტრიუმფის ატრიბუტები: აღფრთოვანებული ბრბო, ფოიერვერკები, ამერიკის დროშა და ცაში მოლივლივე გაურკვეველი მფრინავი აპარატები. მას შემდეგ, რაც მედიასა და სოციალურ ქსელებში ფართო გამოხმაურება მოჰყვა, სურათი წაიშალა.

ტრამპი, როგორც ქრისტე
ეს ჟესტი უფრო ფართო კონტექსტში ჯდება: თეთრ სახლში ტრამპის „მეორედ მოსვლის“ შემდეგ გამოქვეყნდა არაერთი აკადემიური და ჟურნალისტური კვლევა, რომელთა მიხედვითაც ტრამპიზმი, ანუ MAGA-ს მოძრაობა, აღიწერება როგორც რელიგიური მოვლენა, ერთგვარი სექტა, კვაზირელიგიური ფენომენი. საუბარია, კერძოდ, ქარიზმატული დისპენსაციონალიზმის გავლენაზე – ამერიკელი პროტესტანტების ნაწილის მოძღვრებაზე, რომლის მიხედვითაც ღვთის ნება ვლინდება რჩეული ლიდერების მეშვეობით, ხოლო მათი წარმატება პოლიტიკასა და ბიზნესში აღიქმება, როგორც ღვთის რჩეულობის ნიშანი.
ამავე ლოგიკით, ტრამპის გლობალური ამბიციებიც, მათ შორის მის მიერ შექმნილი „მშვიდობის საბჭოც“ (ტრამპის მიერ შეთავაზებული ალტერნატიულ ფორმატი საერთაშორისო კონფლიქტებზე გავლენის მოსახდენად_JAMnews), სადაც მხოლოდ მას, ტრამპს აქვს ვეტოს უფლება, მისი მომხრეებისთვის „მირონცხებულის“ გამოვლინებად განიხილება.
მსგავსი ტერმინებით ზოგიერთი ამერიკელი სამხედრო კაპელანიც ხსნიდა ტრამპის მიერ ახლო აღმოსავლეთში წამოწყებულ არმაგედონს. „პრეზიდენტი ტრამპი იესოს მიერ არის ცხებული, რათა ირანში ცეცხლები დაანთოს, რაც არმაგედონს გამოიწვევს და იესოს დედამიწაზე დაბრუნებას მოასწავებს“, – ქადაგებდა მარტის დასაწყისში ერთ-ერთი მეთაური, რომელსაც ციტირებს ამერიკის სამხედრო რელიგიური თავისუფლების ფონდი.
მანამდე დიდი რეზონანსი გამოიწვია ტრამპის კიდევ ერთმა AI-გამოსახულებამ – რომის პაპის სამოსში, რომელიც პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ Truth Social-ში მის გვერდზე გამოქვეყნდა. მაშინ ტრამპი ამ პუბლიკაციას გაემიჯნა და განაცხადა, რომ არ იცის, როგორ აღმოჩნდა ეს გამოსახულება მის გვერდზე. თუმცა უკვე 21 იანვარს, დავოსის ფორუმზე, ის საკუთარ თავს „თანამედროვე სამყაროს პაპს“ უწოდებდა და ამით საკუთარ უნივერსალურ როლს უსვამდა ხაზს.

ონფლიქტი ლეო XIV-თან
აპრილში ტრამპმა ლეო XIV კიდევ უფრო მკვეთრად გააკრიტიკა. მან პონტიფიკოსი „სუსტად“ და „საგარეო პოლიტიკაში გამოუცდელად“ მოიხსენია და თქვა, რომ არ სურს, რომის პაპისგან აშშ-ის პრეზიდენტის კრიტიკა ისმინოს.
ეს სიტყვები განსაკუთრებით საყურადღებო იყო იმ ფონზე, რომ კათოლიკურ წრეებში ლეო XIV მის წინამორბედ ფრანცისკეზე უფრო კონსერვატორ ფიგურად მიიჩნევა.
პაპმა პირდაპირ უპასუხა: მას ტრამპის ადმინისტრაციის არ ეშინია და საკუთარ ამოცანად მიიჩნევს სახარების გზავნილზე ღიად საუბარს, რადგან ეკლესია სწორედ ამისთვის არსებობს.
„მშვიდობის საბჭო“ და ვატიკანის უარი
თეთრ სახლსა და წმინდა საყდარს შორის მიმდინარე გამწვავება იანვარში დაიწყო, როდესაც ტრამპმა ლეო XIV მიიწვია მის მიერ შექმნილ „მშვიდობის საბჭოში“ – გაეროს ალტერნატიულ სტრუქტურაში, რომელშიც შერჩეული სახელმწიფოები უნდა გაერთიანდნენ, ხოლო ვეტოს უფლება ერთ ადამიანს, თავად ტრამპს, ჰქონდეს. თითქმის ერთი თვის შემდეგ ვატიკანმა უარი თქვა. წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინმა, დაადასტურა ერთგულება იმ საერთაშორისო წესრიგისადმი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა, და გაეროს ცენტრალურ როლს გაუსვა ხაზი.
როგორც მოგვიანებით ამერიკულმა გამოცემა The Free Press-მა დაწერა, ეს ეპიზოდი უფრო ღრმა კონფლიქტის ნაწილი იყო. ტრამპის ადმინისტრაცია და პენტაგონი გააღიზიანა ლეო XIV-ის სიტყვებმა, რომლებიც მან 9 იანვარს დიპლომატებთან შეხვედრაზე თქვა: მან დაგმო „ძალის დიპლომატია“, ომი როგორც კვლავ ნორმალიზებული მოვლენა და ვენესუელის წინააღმდეგ გარე აგრესია.
The Free Press-ის ცნობით, ამ განცხადებების შემდეგ აშშ-ში ვატიკანის ნუნცი ანუ ელჩი, კარდინალი კრისტოფ პიერი, პენტაგონში დაიბარეს. აშშ-ის ომის საკითხებში მინისტრის მოადგილემ, ელბრიჯ კოლბიმ, ნუნცის პირდაპირ უთხრა:
„შეერთებულ შტატებს საკმარისი სამხედრო ძალა აქვს იმისთვის, რომ მსოფლიოში ყველაფერი გააკეთოს, რაც სურს. კათოლიკურმა ეკლესიამ სჯობს ჩვენი მხარე დაიჭიროს“.
შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ ავინიონის ტყვეობაც კი გაიხსენა – XIV საუკუნის პერიოდი, როდესაც კათოლიკური ეკლესიის მეთაურები რომიდან შორს, საფრანგეთის მეფეების სასახლეში იმყოფებოდნენ. მარტში კრისტოფ პიერმა თანამდებობა დატოვა, რადგან ასეთ უხეშ და არაცივილიზებულ გარემოში მუშაობას ვეღარ გაუძლო.
აღდგომა როგორც დაპირისპირების პიკი
ტრამპისტების მუქარებმა ვატიკანზე არანაირი გავლენა არ მოახდინა. აღდგომას ლეო XIV-მა კვლავ მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს, უარი თქვან სხვებზე ბატონობის სურვილზე. ვნების კვირის განმავლობაში მან ასევე გააკრიტიკა „იმპერიალისტური ოკუპაციის“ ახალი ფორმები – კერძოდ, უკრაინასა და ირანში – და თქვა, რომ ღმერთი უარყოფს იმ პოლიტიკოსების ლოცვებს, რომლებიც ომს აწარმოებენ.
ლეო XIV-ის მიმართ ტრამპის გაღიზიანებას ისიც აძლიერებს, რომ პაპი აშშ-ში დაიბადა, იქ სწავლობდა და მსახურობდა, რის გამოც თეთრი სახლი მასზე განსაკუთრებულ იმედს ამყარებდა. „მე რომ თეთრ სახლში არ ვიყო, ლეო ვატიკანში არ იქნებოდა“, – დაწერა დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, რითაც მიანიშნა, რომ პაპმა თითქოს „უღალატა“. თუმცა ლეო XIV-ს ტრამპის ერთგულებაზე ფიცი არასოდეს დაუდია.
დავა მიგრაციასა და ომზე
ლეო XIV ამერიკის პატრიოტად რჩება, თუმცა საჯაროდ ემიჯნება ტრამპის პოლიტიკას იმ საკითხებში, სადაც მორალურ პრობლემას ხედავს. ირანზე თავდასხმის შემდეგ მან უარი თქვა ადრე დაგეგმილ ვიზიტზე აშშ-ში 4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეზე, და ამის ნაცვლად გადაწყვიტა ეწვიოს იტალიურ კუნძულ ლამპედუზას – მიგრაციული კრიზისის სიმბოლოს და იმ პირველ წერტილს, სადაც აფრიკელი ლტოლვილები ევროკავშირში აღწევენ.
მიგრაციის თემა უკვე დიდი ხანია ტრამპისტებსა და კათოლიკურ ეკლესიას შორის დაპირისპირების საგანია. ნახევარი წლის წინ ლეო XIV-მა პირდაპირ დაგმო არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის მეთოდები და განაცხადა, რომ დაუშვებელია ასე ექცეოდნენ ადამიანებს, რომლებმაც ქვეყანაში 10, 15 ან 20 წელი იცხოვრეს, და რომ ამ ყველაფერს ძალადობაც ახლავს.
ვატიკანი პოლიტიკური მესიანიზმის წინააღმდეგ
მიუხედავად ხმამაღალი განცხადებებისა, ტრამპს ჯერჯერობით არ მიუღწევია თვალსაჩინო წარმატებისთვის საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარებაში. ვატიკანი, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად მსოფლიოში ყველაზე პატარა სახელმწიფოდ რჩება, მაინც ინარჩუნებს მნიშვნელოვან მორალურ და პოლიტიკურ რესურსს, რაც მას საშუალებას აძლევს, თეთრი სახლის ზეწოლა უგულებელყოს.
ტრამპსა და ლეო XIV-ს შორის კონფლიქტი აჩვენებს არა მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტის პირად გაღიზიანებას, არამედ ლიდერობის ორი მოდელის უფრო ღრმა შეჯახებასაც: პოლიტიკური მესიანიზმის, რომელიც საკრალურ სტატუსზე პრეტენზიას აცხადებს, და რელიგიური უნივერსალიზმის, რომელიც სახელმწიფო ძალას არ ემორჩილება.
რეაქცია ირანიდან
ორშაბათს ლეო XIV მოულოდნელი საჯარო მხარდაჭერა მიიღო ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანისგან. X-ში გამოქვეყნებულ პოსტში მან დაგმო რელიგიური ფიგურების შეურაცხყოფა და ტრამპის ქრისტეს სახით შექმნილ კოლაჟს „იესოს შებღალვა“ უწოდა. იესო ისლამშიც დიდ წინასწარმეტყველად არის პატივცემული.
ამის შემდეგ ტრამპმა გამოსახულება წაშალა, თუმცა, გასული წლის შემთხვევისგან განსხვავებით, როცა პაპის სახით გამოსახულ სურათზე ამბობდა, რომ საკუთარ ანგარიშს ვერ აკონტროლებდა, ამჯერად ეს აღარ უთქვამს. ამის ნაცვლად მან განაცხადა: „მე მეგონა, რომ იქ ექიმის სახით ვიყავი“.
exchange