თანამდებობის პირებმა რვა თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს — TI-ს კვლევას ხელისუფლება "მანიპულაციას“ უწოდებს
TI-ს კვლევა
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) აცხადებს, რომ თანამდებობის პირების მიერ დეკლარირებული საჩუქრების შესწავლას აგრძელებს. ორგანიზაციის ახალი მონაცემებით, 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის აპრილამდე პერიოდში 379-მა თანამდებობის პირმა ჯამში 24 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქარი მიიღო.
კვლევის მიხედვით, საჩუქრები სხვადასხვა ფორმით იყო გაცემული, მათ შორის ფულადი თანხის, უძრავი ქონების, ავტომობილების, იარაღისა და სამკაულის სახით.
კვლევის შედეგებს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ორგანიზაცია მონაცემებით მანიპულირებაში დაადანაშაულა.
ყველაზე დიდი ნაწილი უძრავი ქონება და ფულადი საჩუქრებია
ორგანიზაციის ინფორმაციით, თანამდებობის პირები ყველაზე ხშირად საჩუქრებს უძრავი ქონების სახით იღებენ.
2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის აპრილამდე პერიოდში 100-მა თანამდებობის პირმა ჯამში 12 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება მიიღო. მათ შორის იყო 48 საცხოვრებელი სახლი და 69 მიწის ნაკვეთი.
ამავე პერიოდში 233-მა თანამდებობის პირმა ფულადი საჩუქრის სახით ჯამში 11 მილიონი ლარი მიიღო. ერთ პირზე საშუალო ოდენობა დაახლოებით 47 ათასი ლარია, თუმცა 28 თანამდებობის პირს 100 ათას ლარზე მეტი ღირებულების ფულადი საჩუქარი აქვს დეკლარირებული.
კვლევის მიხედვით, ფულადი საჩუქრების ნაწილი უცხოურ ვალუტაში იყო მითითებული. მიღებული 11 მილიონი ლარის ღირებულების ფულადი საჩუქრებიდან 5,6 მილიონი ლარი დოლარში, ხოლო 1,7 მილიონი ლარი ევროში იყო დარეგისტრირებული.
საჩუქრების ჩამონათვალში ასევე მოხვდა 28 ავტომობილი და 6 იარაღი.
ორგანიზაციის მონაცემებით, საჩუქრების ყველაზე დიდი ნაწილი თანამდებობის პირებმა ოჯახის წევრებისგან მიიღეს.
კვლევის მიხედვით, საერთო ღირებულების 60,78 პროცენტი, ანუ 14,9 მილიონი ლარის საჩუქრები, მშობლებისგან იყო მიღებული.
კიდევ 4,3 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქრები თანამდებობის პირებმა და-ძმისგან მიიღეს, 2,4 მილიონი ლარის – სხვა ნათესავებისგან, ხოლო 1,3 მილიონი ლარის – შვილებისგან.
ყველაზე მეტი საჩუქარი შსს-ს თანამშრომლებმა მიიღეს
ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, დეკლარირებული საჩუქრები 158 სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს შეეხო.
ყველაზე დიდი ჯამური ღირებულების საჩუქრები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მიიღეს: 46 თანამშრომელმა ჯამში 2,3 მილიონი ლარის საჩუქარი დაადეკლარირა.
მეორე ადგილზე საგარეო საქმეთა სამინისტროა, რომლის თანამშრომლებმაც ჯამში 2 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქრები მიიღეს.
მესამე ადგილზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა. ამ უწყების ცხრა თანამშრომელმა საერთო ჯამში 1,6 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქარი მიიღო.
ვინ მიიღო ყველაზე ძვირადღირებული საჩუქრები
“საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ“ გამოარჩია ათი თანამდებობის პირი, რომლებმაც ყველაზე მაღალი ღირებულების საჩუქრები მიიღეს.
პირველ ადგილზეა საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ დოლიძე – 930 060 ლარის ღირებულების საჩუქრით.
მას მოსდევს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი კომისიის თავმჯდომარე დემურ სულაბერიძე – 900 000 ლარით.
მესამე ადგილზეა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი – 800 000 ლარით.
ათეულში ასევე არიან:
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე – 500 000 ლარი;
თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი – 446 080 ლარი;
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე – 408 000 ლარი;
საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილე კახაბერ გავაშელი – 408 000 ლარი;
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის წევრი ნინო მდინარაძე – 389 677 ლარი;
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი სანდრო ცაბუტაშვილი – 377 800 ლარი;
რეგიონული განვითარების სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსი თინათინ მეძმარიშვილი – 338 750 ლარი.
შალვა პაპუაშვილი: “ეს არის მანიპულაცია და ფარსი“
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საუბარია დეკლარირებულ საჩუქრებზე, რომელთა უკანონო შემოსავლად წარმოჩენა არასწორია.
“ათობით ათასი საჯარო მოხელეა. იმის დაჯამება და რიცხვებად წარმოდგენა, რომ მეუღლემ მეუღლეს, შვილმა მშობელს ან მშობელმა შვილს რაღაც აჩუქა, არის მანიპულაცია და ფარსი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, თუკი რაიმე თანხა ან ქონება უკანონო გზით იქნებოდა მიღებული, თანამდებობის პირები მის დეკლარირებას არ მოახდენდნენ.
“საუბარია დეკლარირებულ საჩუქრებზე. თუკი რაიმე არის არალეგალური შემოსავალი, მაშინ მის დეკლარირებას არავინ მოახდენდა. რაკი დეკლარაციაშია, როგორ შეიძლება ის არალეგალური შემოსავალი იყოს?“ – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პაპუაშვილმა ასევე გააკრიტიკა ორგანიზაციის საქმიანობა და განაცხადა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ქვეყნის წინააღმდეგ “ჰიბრიდული ომის იარაღია“. მისი თქმით, ორგანიზაციის დაფინანსების წყაროები უნდა გახდეს ცნობილი და უცხოური მხარდაჭერის საკითხი გამჭვირვალედ უნდა იყოს განხილული.
“ვინც დღეს “საერთაშორისო გამჭვირვალობას“ აფინანსებს, საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს ეწევა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ კვლევა ეფუძნება თავად თანამდებობის პირების მიერ საჯარო დეკლარაციებში მითითებულ მონაცემებს და მიზნად ისახავს საჯარო სექტორში ქონებრივი ინტერესებისა და შესაძლო კორუფციული რისკების გამოვლენას.