ჩეჩნეთში ძალოვნებმა კიდევ სამი სავარაუდო ბოევიკი დააკავეს, რომლებიც, სამართალდამცავი ორგანოების მტკიცებით, განსკუთრებულად საშიში ტერორისტის, იმრან დაცაევის მეთაურობით შექმნილი, ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული უკანონო დაჯგუფების წევრები იყვნენ.
ამის შესახებ „რია ნოვოსტი“, სამართალდამცავი ორგანოებში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
მანამდე ჩეჩნეთის რეპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი იტყობინებოდა, რომ შაბათს განსაკუთრებით საშიში ტერორისტი იმრან დაცაევი დააკავეს. კადიროვის ინფორმაციით, დაკავებული იმ ბანდის წევრი იყო, რომელსაც სირიაში მყოფი ისლამური სახელმწიფოს ბოევიკი უწევდა კოორდინირებას.
კადიროვის განცხადებით, დაცაევის მეთაურობით არსებული და 11 იანვარს ჩეჩნეთის კურჩალოვის რაიონში განადგურებული დაჯგუფების მიზანი სატანკო ნაწილის დაკავება და სოფელ ხანკალაზე თავდასხმა იყო. სპეცოპერაციის შედეგად მოკლულია 4 სავარაუდო ბოევიკი, ასევე დაიღუპა რუსული გვარდიის სამი მოსამსახურე.