თბილისში არასწორი პარკირებისთვის ჯარიმა ხუთჯერ გაიზარდა
გაზიარება
გაზიარება
თბილისში არასწორი პარკირებისთვის ჯარიმა ხუთჯერ გაიზარდა
თბილისში არასწორი პარკირებისთვის ჯარიმა ხუთჯერ გაიზარდა და ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა. ასევე, ახალი კანონის მიხედვით, ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტროტუარზე პარკირებული ავტომობილი დაუყოვნებლივ დაექვემდებარება ევაკუაციას. თბილისის მერიის ინიციატივით შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით დაამტკიცა. ის ძალაში მას შემდეგ შევა, რაც საქართველოს პრეზიდენტი ხელს მოაწერს.
არასწორის პარკირების გარდა, სანქციები გაიზარდა დგომა-გაჩერების სხვა შემთხვევებზეც, კერძოდ: ავტომობილის ველოსიპედის ბილიკზე მოძრაობა, დგომა ან გაჩერება; ტაქსის პარკირების ადგილზე გაჩერება; სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება; ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე პარკირება და შშმ პირებისთვის განკუთვნილ გაჩერების ადგილზე პარკირება, გამოიწვევს დაჯარიმებას არსებული 50 ლარის ნაცვლად 100 ლარით.
მსუბუქი მანქანისათვის გამოყოფილ პარკინგზე ტრაილერის, ავტობუსისა და სხვა შეუსაბამო ტიპის სატრანსპორტო საშუალების პარკირება ასევე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
კანონში შეტანილი ახალი ცვლილების თანახმად, ტაქსის მძღოლებს საშუალება ეძლევათ იმოძრაონ ან გაჩერდნენ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, მგზავრთა ავტომობილში ჩასხდომის ან ჩამოსმის მიზნით.
თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში 2022 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით სულ გამოყოფილია 28 898 პარკირების ადგილი.
ეს რაოდენობა 2018 წლის 10 აპრილის მდგომარეობით 32 257 ერთეული იყო. მას შემდეგ რაც დედაქალაქის მერიამ კომპანია “სითი პარკთან” ხელშეკრულება გაწყვიტა, საპარკინგე ადგილების რაოდენობა 3 359 ერთეულით შემცირდა.