საქართველოში მართვის მოწმობის გამოცდა ქალაქში გადაინაცვლებს. რა უნდა ვიცოდეთ
მართვის მოწმობის გამოცდა ქალაქში გადაინაცვლებს
საქართველოში მართვის მოწმობის გამოცდა ორეტაპიანი ხდება და ის ქალაქში, რეალურ მოძრაობაში გადაინაცვლებს. ახალი კანონი მხოლოდ B და BE კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს ეხება.
● თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მომავალ მძღოლს უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე გავიდეს თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
● პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი: დახურულ მოედანზე სპეციალური მანევრები [აქამდე არსებული წესების მიხედვით]. ამ ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი დაჯავშნის მეორე ეტაპის გამოცდაზე გასასვლელ რიგს.
● მეორე ეტაპზე გამოცდის ჩაბარება საგზაო მოძრაობის სხვადასხვა ინტენსივობის გზაზე მოხდება:
- დაუსახლებელ პუნქტებში;
- ავტომაგისტრალზე ან სხვა მსგავს გზაზე ან იმ გზაზე, სადაც მოძრაობა ნებადართულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით;
- დასახლებულ პუნქტებში, გზებზე, სადაც მოძრაობა ნებადართულია არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით.
- მძღოლობის კანდიდატს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩასაბარებლად, არანაკლებ 25 წუთის განმავლობაში მოუწევს კონკრეტული მარშრუტით გადაადგილება.
მძღოლობის კანდიდატი, რომელიც 2022 წლის 25 აპრილამდე წარმატებით ჩააბარებს თეორიულ გამოცდას, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიენიჭება 2022 წლის 25 აპრილამდე არსებული წესით.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ცვლილება უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მისცემს ქართული მართვის მოწმობების ევროპულ მართვის მოწმობებში გადაცვლის საშუალებას.
პრაქტიკულ გამოცდაზე კანონში წესების შეცვლის შესახებ ინიციატივა პარლამენტში გასული წლის 26 ივლისს შევიდა. შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მაშინ განაცხადა, რომ ახალი კანონპროექტის ფარგლებში, მოხდება გამოცდის პროცესის ვიდეო და აუდიო ჩაწერა.
“ვინაიდან პრაქტიკული გამოცდის ახალი კომპონენტი დაემატა, განისაზღვრა, რომ B და BE კატეგორიისთვის ეს იქნება 90 ლარიანი გადასახადი, თუმცა დანარჩენი გადასახადი, რაც დაკავშირებულია თეორიულ გამოცდასთან და მის დახურულ სივრცეში ჩატარებასთან, ამ შემთხვევაში თანხა არ იზრდება და კვლავ 40 ლარი იქნება, რომლის სანაცვლოდაც ადამიანს, რომელსაც გამოცდის გავლა სურს, შეეძლება გაიაროს პრაქტიკული გამოცდა და დახურულ მოედანზე მისი ჩაბარების შესაძლებლობა 5-ჯერ ექნება. რაც შეეხება სხვა კატეგორიებს, რეალურ, ანუ ქალაქის პირობებში გადასახადი წესდება 150 ლარის ოდენობით და დაახლოებით 1 წლის განმავლობაში თუკი გამოცდას ვერ ჩააბარებს, მას საშუალება ექნება განმეორებით გავიდეს გამოცდაზე”, – ამბობს დარახველიძე.