თბილისი სოხუმს გრიპის ვაქცინის 10 ათას დოზას გადასცემს
საქართველოს სახელმწიფოს მიერ შეძენილი სეზონური გრიპის 235 000 დოზა ვაქცინიდან 10 000 დოზა ოკუპირებულ აფხაზეთს გადაეცა – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„დღევანდელი დილის მონაცემებით, დახარჯულია 160 000 დოზა, მათ შორის 10 000 დოზა ჩვენ გადავეცით აფხაზეთს. ასევე აიცრა ჩვენი ქართული ჯარი და რისკის ჯგუფები“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, საქართველოს აქამდე არასდროს ჰქონია სეზონური გრიპის ვაქცინის ის რაოდენობა, რაც წელს აქვს, თუმცა ამის მიუხედავად მოსახლეობის მიმართვიანობა მაინც დაბალია.
ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მოიხსნა შეზღუდვა, რომელიც 65 წლიან ასაკთან დაკავშირებით იყო და ყველას შეუძლია აიცრას.
ასევე, რისკ-ჯგუფებს, რომელთაც გრიპზე აცრა უფასოდ ეკუთვნით, სკოლის მასწავლებლებიც დაემატნენ. შესაბამისად, გამყრელიძე პედაგობებს მოუწოდებს მივიდნენ პოლიკლინიკებში და სეზონურ გრიპზე აიცრან.