სომხეთმა აზერბაიჯანის წინადადებები მიიღო სამშვიდობო შეთანხმების ტექსტის დარჩენილ ორ პუნქტზე, რის შედეგადაც მოლაპარაკებების პროცესი დასრულდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“ტექსტზე მუშაობა სრულად დასრულდა. მომდევნო ეტაპზე მნიშვნელოვანია სომხეთის კონსტიტუციიდან აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების ამოღება. ამავდროულად, უნდა მოხდეს მინსკის ჯგუფის და მისი ნარჩენების გაუქმება,“ – განაცხადა ბაირამოვმა.
სამშვიდობო შეთანხმება 17 პუნქტისგან შედგება, რომელთაგან ამ ეტაპზე 15 უკვე შეთანხმებულია.
დარჩენილი ორი საკვანძო პუნქტიდან ერთ-ერთი მხარეთა მიერ ერთმანეთის მიმართ საერთაშორისო პრეტენზიებზე უარის თქმა იყო, ხოლო მეორე – აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე მესამე ქვეყნების წარმომადგენლების განლაგების აკრძალვა.
კონტექსტი
● 2020 წლის შემოდგომაზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 44-დღიანი მეორე ყარაბაღის ომი მოხდა. შედეგად, აზერბაიჯანმა აღადგინა კონტროლი ყარაბაღის ნაწილისა და მასთან მოსაზღვრე შვიდ რაიონზე.
● 2023 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა ყარაბაღში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა.
● 2023 წლის 28 სექტემბერს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა, რესპუბლიკის დაშლის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.
● 2023 წლის 15 ოქტომბერს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხანქენდში გამოსვლისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა სრულად აღადგინა სუვერენიტეტი, ყარაბაღის საკითხი გადაჭრილია და კონფლიქტი დასრულებულია.
● ამჟამად აზერბაიჯანში დაკავებულია 23 ადამიანი, მათ შორის, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტები არკადი გუკასიანი, ბაკო სააკიანი და არაიკ არუთუნიანი, ასევე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დავიდ ბაბაიანი, პარლამენტის თავმჯდომარე დავიდ იშხანიანი, გენერლები – ლევონ მნაცაკანიანი და დავიდ მანუკიანი. ბაქოში მათი სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.