ვის შეუწყდება სოციალური შემწეობა — მთავრობამ ერთიანი ბაზის ფორმირების წესში ცვლილებები შეიტანა
გაზიარება
გაზიარება
სოციალური შემწეობა საქართველოში
საქართველოს მთავრობამ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევებში ოჯახებს სოციალური დახმარების ბაზაში რეგისტრაცია ავტომატურად შეუწყდებათ.
ცვლილებების თანახმად, თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე.
ახალი წესით, რეგისტრაცია ასევე შეუწყდება გარდაცვლილ პირსა და ოჯახის იმ წევრებს, რომლებსაც რეგისტრაციის შემდეგ შემდეგი სტატუსი დაუფიქსირდებათ:
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული, რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა;
იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირი;
ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირი;
ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირი;
სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი;
ინსტიტუციონალურ დაწესებულებაში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი პირი.
დადგენილების მიხედვით, სხვა შემთხვევებში სოციალური მომსახურების სააგენტომ 2026 წლის განმავლობაში უნდა გადაამოწმოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, მათ შორის იმ ოჯახებისაც, რომლებზეც 2020 წლის პანდემიის პერიოდში მოქმედი საკარანტინო წესებით განსაზღვრული ადმინისტრირების ნორმები გავრცელდა.
სოციალური დახმარების მიმღებთა ბაზის გადახედვის აუცილებლობაზე ირაკლი კობახიძემ 2026 წლის თებერვალში პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა. მისი განცხადებით, პირველადი ანალიზის მიხედვით, სოციალური შემწეობის მიმღებთა დაახლოებით 8% “შეძლებულია“ და დახმარებას არ საჭიროებს.
კობახიძის განცხადებიდან ორი დღის შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის გადამოწმების “აქტიურ პროცესს“ იწყებდა.
სარჯველაძის თქმით, არსებული მონაცემები “შესაბამისობაში ვერ მოდიოდა“ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან და წლების განმავლობაში დაფიქსირებულ ეკონომიკურ ზრდასთან. მისი შეფასებით, ეს ქმნიდა “რიცხვებით მანიპულირებისა და ყალბი შთაბეჭდილებების შექმნის“ შესაძლებლობას.