სანქცირებული ავტომობილები რუსეთში საქართველოს გავლითაც შეჰყავთ - Sky News-ის გამოძიება
Sky News-ის გამოძიება
ბრიტანულმა ტელევიზია Sky News-მა მოამზადა საგამოძიებო სიუჟეტი, რომლის თანახმად, დასავლეთის სანქციების მიუხედავად, ძვირადღირებული ავტომობილები რუსეთში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს საშუალებით მაინც შედის.
ამავე სიუჟეტის მიხედვით, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების შემდეგ დასავლეთიდან ექსპორტი რუსეთში განულდა, მაგრამ სწრაფად გაიზარდა რუსეთის მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში.
Sky News-ის გადამღებმა ჯგუფმა ადგილზე 2 დღე იმუშავა და გაშიფრა სქემა, რომლის თანახმადაც, ევროპულ ძვირადღირებულ მანქანებს არეგისტრირებენ და განაბაჟებენ სომხეთში, შემდეგ კი სატრანზიტო-სანომრე ნიშნებით გადაჰყავთ რუსეთში ლარსის სასაზღვრო პუნქტის გავლით.
სიუჟეტის ავტორის თქმით, ზოგ შემთხვევაში მანქანების გადამყვანებს ურჩევენ, საზღვარზე თქვან, რომ არა რუსეთში, არამედ რუსეთის გავლით ყირგიზეთში მიდიან. ასევე, გამოძიების თანახმად, მანქანა საზღვარზე ქართველებს გადაჰყავთ, რადგან მათ შეუძლიათ რუსეთში უვიზოდ გადასვლა, საზღვრის იქით კი მათ ხვდებათ ჯგუფი, რომლებსაც უკვე მანქანა შემდგომ დანიშნულების ადგილზე მიჰყავთ.
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ სანქციების თავის არიდებას არა მხოლოდ სანქცირებული მანქანების, არამედ სხვა, ომისთვის უფრო მნიშვნელოვანი რესურსების, მაგალითად ელექტრონული ნაწილებისა და რადარების, გადატანისასაც ახერხებენ.
სტატიის ავტორის განმარტებით, ძვირადღირებულ მანქანებზე ყურადღება იმიტომ გაამახვილეს, რომ მათი დამალვა რთულია და ადგილზე სიტუაციისთვის ვიდეოებისა და ფოტოების გადაღებით მედია ვიზუალური მტკიცებულებების წარდგენას ახერხებს.
“მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული სამეფოს ავტომწარმოებლები და ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ამ არაოფიციალური სავაჭრო გზების აღმოსაფხვრელად ყველაფერს აკეთებს, ჩვენი გამოძიების ალბათ ყველაზე საოცარი დასკვნა არის ის, რომ საქართველოში ადგილზე არავინ არ ცდილობს, დამალოს, რაც ხდება. ყველამ იცის, რომ ეს მაღალი ხარისხის ევროპული მანქანები რუსეთში არ უნდა მიდიოდეს, მაგრამ ისინი საზღვარს ყოველდღე სათითაოდ მაინც გადიან. ყველამ იცის, რაც ხდება, მაგრამ არავინ არაფერს არ აკეთებს, რომ შეაჩეროს.” – ნათქვამია რეპორტაჟში.
რუსეთის ეკონომიკა ძლიერი რჩება, მოსკოვში არ არის აუცილებელი და არააუცილებელი საჭიროების საქონლის დეფიციტი, ამ გზაზე კი, კავკასიის ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველო და აზერბაიჯანია, არაფორმალური სავაჭრო არხის ფუნქციის შესრულებით უზარმაზარი ეკონომიკური ზრდა აქვთ. – ამბობს სიუჟეტის ავტორი.
ჟურნალისტები საზღვართან ავტომზიდებს გაჰყვნენ, რომლებსაც Range Rover-ის უახლესი მოდელები გადაჰქონდათ და გამშვებ პუნქტთან ავტოპარკში მრავალი ძვირადღირებული მანქანა აღმოაჩინეს, რომლებიც რუსეთის საზღვარზე გადაჰქონდათ. Range Rover-ის მანქანების სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრების შემოწმების შემდეგ ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ისინი 2024 წელს დამზადდა.
გამოცემის ინფორმაციით, საქართველოში მანქანები რუსეთის საზღვრამდე თბილისის საგამოფენო დარბაზებიდან ან ბათუმის პორტებიდან გადამზიდებს მიაქვთ, რომელთა უმეტესობამაც არ იცის, ეს მანქანები საქართველოში საიდან მოხვდა:
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ორი წლის წინ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემდეგ, რომლითაც ამ მანქანების რუსეთში გადატანა უნდა აღკვეთილიყო, ვხედავთ, რომ ეს ავტომობილები აქ დგანან. ეს არის ერთ-ერთი რამდენიმე მარშრუტს შორის, რომლითაც რუსეთში შეაქვთ ასეთი ნივთები, იარაღი და აღჭურვილობა, ეს ხდება გაშლილ და ღია ადგილზე
“ყველა ხეირობს, უკრაინის გარდა.” – წერია სტატიაში.