საქართველოში დააკავეს ახალგაზრდა კაცი, რომელმაც რუსულენოვან ტურისტ ქალს დაარტყა. რა ვიცით მომხდარზე
ინცინდენტი თელავის ქორწილში
საქართველოში დააკავეს ახალგაზრდა, ქართველი ეროვნების კაცი, რომელმაც, რუსულად მოსაუბრე ტურისტ ქალს დაარტყა. დაკავებულს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. მათ შორის, რუსულენოვან Telegram და Instagram არხებზე.
რუსულენოვან აუდიტორიაში მომხდარს აღწერენ, ძალადობა რასობრივი ნიშნით. ვიდეოს მილიონობით ნახვა აქვს. ის არაერთ რუსულენოვან გვერდზე იძებნება.
ბრალდებულის ახლობლები, ვინც ინციდენტს შეესწრნენ, სრულიად სხვა ვერსიას ჰყვებიან. მათი ინფორმაციით, ინციდენტს წინ უსწრებდა რუსულენოვანი ტურისტების მხრიდან ქართველების შეურაცხყოფა.
ამ სტატიაში შევკრიბეთ ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ამ ინციდენტის შესახებაა ცნობილი.
რას ასახავს სკანდალური ვიდეო
ინციდენტის ამსახველი ვიდეო, სოციალურ ქსელში, 18 ივლისს, მომხმარებელ Polina Kurta-ს Instagram-ის არხზე გავრცელდა.
ავტორმა ვიდეო ასეთი აღწერით გამოაქვეყნა:
“ჩვენი შვებულება სასტუმრო @agaraniestate-ში იმით დასრულდა, რომ კაცი, რომელმაც კახეთში, თბილისთან ახლოს მდებარე სასტუმროში რუსული საუბარი გაიგონა, ჩვენს ნომერში შემოიჭრა (სასტუმროს თანამშრომლებმა ამ კაცს ჩვენი ნომერი უთხრეს) და ჩემს მეგობარს, @julimurr-ს სცემა .მხოლოდ იმიტომ, რომ ის რუსულად ლაპარაკობს. ახლა თბილისის სასწრაფო დახმარების მანქანაში ვზივარ და მეშინია როგორც ჩემი, ისე ჩემი მეგობრის სიცოცხლის გამო”.
სოციალური ქსელის სთორებში, ავტორი, რატომღაც დახმარებას და ყურადღებას სთხოვს თბილისის მერს, კახა კალაძეს.
ვიდეო 30-წამიანია. მასში ჩანს, რომ ახალგაზრდა კაცი შესულია სასტუმროს ნომერში და ინგლისურად, უხეშად ელაპარაკება ახალგაზრდა ქალს. ქალი სასტუმროს ნომრიდან მის გაგდებს ცდილობს და ხელს ჰკრავს. საპასუხოდ, კაცი აგინებს და სახეში ურტყამს მუშტს. ქალი მოწყვეტით ეცემა ძირს.
შემდეგ უკვე ჩანს, რომ სასტუმროს ნომერში სასწრაფო დახმარების ჯგუფის თანამშრომლები არიან. ახალგაზრდა ქალი საწოლზე წევს და სახიდან სისხლი სდის.
Polina Kurta ინსტაგრამზე პოზიციონირებს როგორც წარბების სპეციალისტი. მისი ინსტაგრამ გვერდის მიხედვით, ის მოსკოვთან არის დაკავშირებული.
მომხდარის შემდეგ, Instagram-ის სთორში მან დაწერა, რომ წარმოშობით არის უკრაინელი და ცხოვრობს რუსეთში. მისი მეგობრები კი უკრაინელები არიან. ისინი საქართველოში დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

რა ვითარებაში მოხდა შემთხვევა
შემთხვევა აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში, ქალაქ თელავში მდებარე სასტუმრო “აგრანის მამულში”, 18 ივლისს მოხდა.
იმ დროს სასტუმროში ქართველი წყვილის საქორწილო წვეულება იმართებოდა. ახალგაზრდა ქალები კი, იმავე სასტუმროში, დამსვენებლები იყვნენ.
ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ქალს ხელი დაარტყა, სიძის ძმაა.
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, სოციალურ ქსელში მომხდარის შესახებ ქორწილში მყოფმა ბევრმა ადამიანმა დაწერა. მათ შორის იყო, თამუნა ცქიტიშვილი – დაკავებულის ნათესავი.
იგი წერს, რომ სასტუმროში მყოფები ქორწილმა გააღიზიანა. ისინი ქორწილის სტუმრებს აივნიდან წყალს და ღვინოს ასხამდნენ. ასევე, აფურთხებდნენ. ბოლოს კი შარდი გადაასხეს.
“ხალხი დაიშალა. ისინი აგრძელებდნენ პროვოკაციას. ხედავდნენ, რომ იქ იყო უამრავი ნასვამი ახალგაზრდა და თამაშობდნენ ნერვებზე – “პაპუასი”, “გრუზინი სვინია”. როდესაც ქართულს ცეკვავდა ნეფე-პატარძალი, დააფურთხეს ზემოდან. ათასჯერ ვთხოვეთ ადმინისტრაციას, მოეგვარებინა. სამწუხაროდ, უუნარონი აღმოჩნდნენ. როდის და როგორ არც ვიცით, მაგრამ “ნეფის” ძმა ავიდა რომ დალაპარაკებოდა და ის ქალბატონი ყელში სწვდა. ნასვამი ბიჭი იყო, არ ვამართლებ. მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა ამის შემდეგ”, – წერს იგი.
სოციალურ ქსელში, მოგვიანებით, რამდენიმე მოკლე ვიდეოც გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ეკამათებიან აივანზე მყოფი ახალგაზრდა ქალები და ქორწილის სტუმრები ერთმანეთს.
“შენ არ ხარ სახლში, შენ ჩვენს სახლში ხარ!” – კიდევ ერთ ვიდეოში ისმის, რომ ასე მიმართავს ქორწილის სტუმარი აივანზე მყოფ ტურისტებს.
ვიდეოს ავტორი, პოლინა ქურთა Instagram-ის “სთორებში” იმეორებს, რომ მისი მეგობარი რუსულად საუბრის გამო სცემეს. ამბობს, რომ ინფორმაცია, რომ ქორწილის სტუმრებს შეურაცხყოფას აყენებდნენ, მცდარია.
ბრალდებულის ადვოკატის მონათხრობი მომხდარზე
მას შემდეგ, რაც ამბავი ვნებათაღელვის საგანი გახდა, გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ბრალდებულ გიორგი ჭიღლაძეს ყელის არეში დაზიანებები აქვს.

დაკავებულის ადვოკატი ლაშა კაპანაძე ამბობს, რომ ჭიღლაძეს ეს დაზიანებები სასტუმროს ნომერში მიაყენეს იქამდე, ვიდრე ის ქალს ხელს დაარტყამდა.
ის ამბობს, რომ ჭიღლაძე “რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლია, თავადაც დაზარალებული“.
ადვოკატიც იმ ქორწილში იყო. ის აღწერს, რომ ქორწილი პირველი სართულის ვერანდაზე იყო, დამსვენებლები კი მესამე სართულზე იყვნენ:
„მესამე სართულიდან ახალგაზრდა ქალებმა მეფე-დედოფლის მიმართულებით დაიწყეს შეძახილი – “Горька” (კოცნა). ხალხმა ყურადღება აქ მიაქცია. გაღიზიანდნენ და დაიწყეს სითხეების გადმოსხმა და ფურთხება. გადმოსხმული სითხე ჩაისხა მუსიკალურ აპარატშიც. ის მწყობრიდან გამოვიდა. მუსიკა შეწყდა”.
მისი მონათხრობით, ამ ინციდენტს სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. სიტუაცია გაუსაძლისი გახდა. ქორწილში მოწვეულმა მუსიკოსმა, ალექსანდრე მრელაშვილმა ქორწილი დატოვა.
გიორგი ჭიღლაძე მესამე სართულზე ამის შემდეგ ადის.
ადვოკატის მონათხრობით, ის ცდილობდა ქალებისთვის აეხსნა, რომ მათ ჩაშალეს მისი ძმის ქორწილი. ქალი რუსულ ენაზე კომუნიკაციას მოითხოვდა, ჭიღლაძე კი სთხოვდა, დაელაპარაკებოდა ქართულად ან ინგლისურად, “რადგან მის ქვეყანაში იყო”:
„რაზეც ქალი გახდა უფრო მეტად აგრესიული, გიორგი ჭიღლაძეს სწვდა ყელში და მიაყენა დაზიანება. გიორგი ჭიღლაძემ ხელი გააშვებინა და მიაძახა You fucking wh**e (შე ბო*ო)“.
ამის შემდეგ, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადადის და ქალი არაერთხელ ურტყამს ბრალდებულს. სასტუმროს ნომერში მყოფი სხვა ქალები ვიდეოს გადაღებას იწყებენ:
“კვლავ გაგრძელდა სიტყვიერი შელაპარაკება. სასტუმროს ოთახში მყოფმა ქალმა ორივე ხელი მიარტყა გიორგი ჭიღლაძეს გულ-მკერდის არეში. ჭიღლაძემ განიცადა ტკივილი. მან მოგერიების მიზნით მოიქნია მარჯვენა ხელი და იმ ქალს იდაყვი მოარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ქალი დაეცა“.
რას ამბობს სასტუმრო, სადაც შემთხვევა მოხდა
მომხდარის შემდეგ, სასტუმრო კომპლექს „აგარანის მამულმა“ სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა.
სასტუმრო ცდილობს, მომხდარს გაემიჯნოს, თავს იმართლებს, რომ პოლიცია სიტუაციის დაძაბვისთანავე გამოიძახა და თანამშრომლობს გამოძიებასთან.
“ძალადობას ადგილი არ აქვს Agarani Estate-ში. ღრმად ვწუხვართ, რომ მსგავსი ინციდენტი ჩვენს ტერიტორიაზე მოხდა და გულწრფელად ვუსურვებთ სრულ გამოჯანმრთელებასა და კეთილდღეობას ყველა მონაწილე პირს”, – წერს სასტუმრო.
სასტუმროს განცხადების ქვეშ, ათასობით უკმაყოფილო კომენტარია. მომხმარებლები ეკითხებიან, რა გააკეთეს ტურისტების აგრესის შესაჩერებლად, რატომ არ იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები. ასევე, რატომ არ დაკეტეს კომპლექსი სხვა სტუმრებისთვის, როცა მასშტაბურ საქორწილო წვეულებას მასპინძლობდნენ.
“Agarani Estate სიამოვნებით მასპინძლობს სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და განსხვავებული კულტურული თუ ეროვნული წარმომავლობის მქონე ადამიანებს”, – წერს სასტუმროს ადმინისტრაცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს. ეს მუხლი გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანება. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მომხდარი კვლავ განხილვის საგანია სოციალურ ქსელში
კახეთის სასტუმროში მომხდარი ინციდენტი, 19 ივლისს, ყველა სოციალურ ქსელში, განხილვის მთავარი თემა იყო.
ქართველი მომხმარებლები ქალზე ძალადობას არ ამართლებენ. თუმცა, წერენ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში გახშირდა პროვოკაციები რუსი ტურისტების მხრიდან.
ბევრი შიშობს, რომ ბრალდებულს განსაკუთრებით მძიმედ დასჯიან, რათა “ქართულმა ოცნებამ” რუსეთს ასიამოვნოს.
იურისტი საბა ბრაჭველი მომხდარის განხილვისას ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ თავად გიორგი ჭიღლაძესაც აქვს დაზიანებები. მისი თქმით, ეს აუცილებელ მოგიერიებაზე მიუთითებს, რაც გამოძიებამ უნდა გაითვალისწინოს:
“ჩვენი სისხლის სამართლის დოქტრინა იცნობს პროვოკაციის ცნებას. ანუ როდესაც ადამიანი განზრახ ქმნის ან იწვევს თავდასხმის საფრთხეს, რათა შემდეგ თავდამსხმელზე ძალა (ან სხვა საშუალება) გამოიყენოს და ეს მის მიერვე გამოწვეული თავდასხმით გაამართლოს”, – წერს იგი.
მისივე თქმით, სისხლის სამართლის მართლმსაჯულება მოქნილი და ადეკვატური უნდა იყოს იმ კონტექსტისადმი, რომელშიც მუშაობს:
“პროვოკაცია იქნება, აუცილებელი მოგერიება, თუ ნებისმიერი სხვა მექანიზმი, არ შეიძლება სახელმწიფო საზოგადოებას ეუბნებოდეს, რომ მტყუანია ადამიანი, ვისაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ქორწილი ჩაუშალეს, აპარატურა დაუზიანეს, მომღერალი გაუქციეს, და მისივე ქვეყანაში ოკუპანტის ენაზე სთხოვდნენ საუბარს”.
თადასხმა რუს ტურისტ ქალზე საქართველოში