“ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კრიტერიუმებით საქართველოში "90 პოლიტპატიმარია" - TI საქართველო
პოლიტპატიმრები საქართველოში
ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, საქართველოში 90 პოლიტპატიმარია. ორგანიზაციამ ამ პირთა სიაც გამოაქვეყნა.
გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ორგანიზაციამ პოლიტიკურ პატიმართა სია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1900 (2012) რეზოლუციით განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე განსაზღვრა.
- “საქართველოში საპოლიციო ძალადობა სისტემის ყოველდღიურობად იქცა” – SJC
- “რეპრესიების ანატომია – საქართველო: პროტესტის, დარბევისა და მედეგობის 500 დღე” — Amnesty International-ის ანგარიში
დოკუმენტის მიხედვით, პოლიტიკური პატიმრის ერთ ან რამდენიმე საერთაშორისო კრიტერიუმს, ამჟამად საქართველოში 90 პირი აკმაყოფილებს.
რის მიხედვით შეაფასეს პატიმრების საქმეები
ორგანიზაცია აცხადებს, რომ თითოეული საქმე შეფასებულია ინდივიდუალურად, საქმის გარემოებების, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სტანდარტების საფუძველზე.
TI წერს, რომ სია ეყრდნობა არა პოლიტიკურ შეფასებებს, არამედ ევროპის საბჭოს მიერ დამკვიდრებულ სამართლებრივ ტესტს.
ამ ტესტის მიხედვით, პირი შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ პატიმრად, თუ მისი თავისუფლების აღკვეთა დაკავშირებულია:
ა) ფუნდამენტური უფლებების დარღვევასთან;
ბ) პოლიტიკური მოტივებით დაკავებასთან, როდესაც ჩადენილ ქმედებას სამართალდარღვევასთან კავშირი არა აქვს;
გ) აშკარად არაპროპორციულ სასჯელთან;
დ) დისკრიმინაციულ მოპყრობასთან;
ე) ისეთი სამართალწარმოების შედეგთან, რომელიც შეუთავსებელია სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებთან.
დოკუმენტში თითოეული პირის მიმართ მითითებულია, კონკრეტულად რომელი კრიტერიუმი ან კრიტერიუმები მიიჩნევა დაკმაყოფილებულად.
“პოლიტიკური პატიმრების ესოდენ დიდი რაოდენობა კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების არსებობასა და ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის გაუარესებაზე”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ვინ არიან ამ სიაში? რამდენიმე ცნობილი სახელი
“საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გამოქვეყნებულ სიაში არიან: ჟურნალიტი, გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი.
მზია ამაღლობელი დააკავეს 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს დააკავეს ბათუმში, პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის ფაქტზე. რასაც წინ უძღოდა პოლიციელის მხრიდან მისი შეურაცხყოფა. მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია. მას 1,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე მარკერით წარწერის გაკეთების გამო.
პოლიტიკოსი ლევან ხაბეიშვილი. ასევე ოპოზიციონერი. პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი. მას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს „მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების“ საქმეებზე.
ნიკა მელია – კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. პარტია “ახალის” ერთ-ერთი ლიდერი. მის წინააღმდეგ არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მათ შორის, ერთ-ერთი, ე.წ. ხელისუფლების საბოტაჟის საქმე, ახლაც მიმდინარეობს და მრავალწლიან სასჯელს ითვალისწინებს.
მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე. ის 4 ოქტომბრის “არშემდგარი გადატრიალების” საქმეზე დააკავეს და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას ედავებიან სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას, ასევე, ხელისუფლების დამხობისკენ საჯარო მოწოდება.
პოეტი ზვიად რატიანი. თანამედროვეობის გამორჩეულ პოეტს საქართველოში ორი წელი აქვს მისჯილი პოლიციელის შეურაცხყოფისთვის. მისი ისტორია გამორჩეულია. რატიანი ციხეში, ფაქტობრივად, საკუთარი ნებით, პროტესტის ნიშნად ჩაჯდა.
სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიების წევრები და ათობით აქციების მონაწილე, ადამიანები, რომელთაც საზოგადოება კარგად იცნობს.
სიის სრულად ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე.
პოლიტპატიმრები საქართველოში