შსს-ს მაღალჩინოსანს, რომელსაც ოჯახურ ძალადობაში ედება ბრალი, ელექტრონული სამაჯური შეაბეს
შსს-ს მაღალჩინოსანს ელექტრონული სამაჯური შეაბეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანს, იოსებ სიგუას, რომელსაც მეუღლე ოჯახურ ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ადანაშაულებს, ელექტრონული სამაჯური დაუმაგრეს. სამართალდამცველებმა შესაბამისი გადაწყვეტილება მაღალი რისკის შეფასების შემდეგ მიიღეს.
იოსებ სიგუა რამდენიმე დღის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს. ის მანამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად მუშაობდა.
რა მოხდა
იოსებ სიგუას მიმართ ბრალდებები პირველად გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათმა“ გაასაჯაროვა. ინტერვიუში მისი მეუღლე, სოფია სიგუა-შატბერავა აცხადებდა, რომ ქმარი მასზე სისტემატურად ძალადობდა, იარაღს შუბლზე ადებდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, მათ შორის, მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში “ჩასმითა” და დამარხვით.
“ყოველთვის მეუბნებოდა – “იქნება გაუხსნელი მკვლელობა, ეგ ხომ იცი, ჩემზე უკეთ არავის გამოსდის“. ერთხელ აივნის მოაჯირზე დამსვა და გადაგდებას ცდილობდა. ამ შემთხვევის ამსახველი ვიდეო მქონდა, თუმცა თავად წაშალა. დღისით იყო, მეზობლები ხედავდნენ და მიხვდა, რომ ამის გაკეთებისთვის არასასურველი დრო შეარჩია. ასევე მეუბნებოდა – “წაგიყვან, კასრში ჩაგდებ და დაგმარხავ, უგზოუკვლოდ დაკარგულად გამოგაცხადებ“, – ამბობს სოფიო შატბერავა-სიგუა.

მისი თქმით, ძალადობის მოწმე მათი სამი შვილიც იყო. როგორც ქალი აცხადებს, ბავშვებს ეშინიათ, რომ მამა დედას მოკლავს.
“ბავშვები მეკითხებიან – “დედა, მოგკლავს?“ მათ ყველაფერი იციან და ეშინიათ, რომ მამა, რომელიც პოლიციელია, დედას მოკლავს,“ – ამბობს ის.
სოფიო შატბერავა-სიგუას განცხადებით, წლების განმავლობაში სისტემატური ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო, თუმცა დუმილს ამჯობინებდა.
“სახეზე არასოდეს მქონია დაზიანება. თავში მუშტებს მირტყამდა და ძირს მაგდებდა. კარგად იციან, როგორ უნდა იძალადონ ისე, რომ კვალი არ დაგრჩეს,“ – აცხადებს იგი.
ტელეკომპანია “პირველის“ ინფორმაციით, მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, იოსებ სიგუას წინააღმდეგ 2026 წლის თებერვალში შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული და საქმეზე სასამართლო სხდომაც გაიმართა. მისი მტკიცებით, მის ადვოკატს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რონი მესხმა დაურეკა და უთხრა, რომ საქმისთვის “არავითარ შემთხვევაში“ არ მოეკიდა ხელი.
რონი მესხმა “ტვ პირველთან“ კომენტარში ბრალდებები არ დაადასტურა და განაცხადა, რომ საქმე “ოჯახურ კონფლიქტს“ ეხება.
სიგუას მიმართ ძალადობის ბრალდებების შესახებ საჯაროდ ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამაც. მისი ინფორმაციით, მაღალი რისკის შეფასების შემდეგ იოსებ სიგუას ელექტრონული სამაჯური დაუმაგრეს, თუმცა მანამდე სამართალდამცველები გარკვეული დროის განმავლობაში მის ადგილსამყოფელს ვერ ადგენდნენ.
პატარაიას თქმით, დაზარალებულმა ქალმა 112-ში ოთხჯერ დარეკა, თუმცა საპოლიციო ეკიპაჟი მხოლოდ გენერალურ ინსპექციაში დამატებითი მიმართვის შემდეგ გამოცხადდა. მისი შეფასებით, ეს გარემოება ოჯახში ძალადობის საქმეებზე სახელმწიფოს რეაგირების ეფექტიანობაზე სერიოზულ კითხვებს აჩენს.
იოსებ სიგუა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია ასევე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმიდან. იმ პერიოდში, როდესაც ის თბილისის პოლიციის დეტექტივების სამმართველოს ხელმძღვანელობდა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე მან არაერთხელ თქვა უარი.
ამ ეტაპზე იოსებ სიგუას ბრალდებებზე საჯარო განმარტება არ გაუკეთებია.