პროკურატურა "ფორმულას“ საქმეზე კიდევ ერთ თანამშრომელს გამოკითხავს. რა ხდება ტელეკომპანიის გარშემო
გაზიარება
გაზიარება
“ფორმულას“ საქმე
საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია “ფორმულას“ წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე არხის ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა. ის საგამოძიებო უწყებაში დღეს უნდა გამოცხადდეს. ამავე საქმეზე უკვე გამოიკითხნენ ჟურნალისტი ნატა ლომაძე და ტელეწამყვანი დავით ქაშიაშვილი.
ქაშიაშვილის განცხადებით, იმედოვნებს, რომ პროკურატურა გამოძიებას შეწყვეტს:
“მე ვერ გამოვიცნობ, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ამ საქმის წარმოებას, თუმცა საზოგადოებას შეუძლია თავად შეაფასოს ვითარება. უკვე გამოვიკითხეთ მე, რეპორტაჟის ავტორი და ახლა ოპერატორი მიშო მარტაშვილი. იმედი მაქვს, პროკურატურა მალე განაცხადებს, რომ სისხლისსამართლებრივ დევნას წყვეტს.“
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი პუნქტით, რომელიც ცრუ დასმენას ეხება. უწყების ცნობით, საქმის საფუძველი რეჟისორ გოგა ხაინდრავას ადვოკატების მიმართვა გახდა.
საქმე ეხება “შაბათის ფორმულას“ მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რომელიც ანონიმურ წყაროს ეყრდნობოდა. სიუჟეტში ითქვა, რომ 2016–2017 წლებში გოგა ხაინდრავა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით, ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეების საქართველოში შემოყვანას გარკვეული თანხის სანაცვლოდ უწყობდა ხელს.
გოგა ხაინდრავა და პროკურატურა მიიჩნევენ, რომ აღნიშნული სიუჟეტის შინაარსი ცრუ დასმენის შესაძლო ნიშნებს შეიცავს, რის საფუძველზეც სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.
სისხლის სამართლის საქმის პარალელურად, ხაინდრავამ ტელეკომპანია “ფორმულას“ წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელიც შეიტანა. ის ამტკიცებს, რომ მაუწყებელმა მის შესახებ ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაცია გაავრცელა და პატივისა და ღირსების შელახვისთვის მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
“ფორმულას“ იურისტის განცხადებით, ხაინდრავას სამოქალაქო სარჩელი ვერ აკმაყოფილებს იმ სამართლებრივ სტანდარტს, რომელიც ცილისწამების საფუძვლით სარჩელის დასაკმაყოფილებლად არის საჭირო.