კრემლის "ელჩი“ ოკუპირებულ ცხინვალში ერთადერთი ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატია
სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი
ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში 2026 წლის 18 სექტემბერს დანიშნული ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამ დროისთვის ერთადერთი ოფიციალურად წარდგენილი კანდიდატი მოქმედი ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და ე.წ. პრემიერ-მინისტრი მარატ კამბოლოვია, რომელსაც ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი უკვე ღიად უჭერს მხარს.
კამბოლოვის კანდიდატურა თავდაპირველად BTK-ის სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლებმა წარადგინეს, რის შემდეგაც მას მხარდაჭერა გამოუცხადეს როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პოლიტიკური ძალების უმრავლესობამ.
ოთხი საპარლამენტო პარტიიდან სამმა – ოპოზიციურმა „ერთიანმა ოსეთმა“, ყოფილმა მმართველმა პარტიამ „ნიხასმა“ და კომუნისტურმა პარტიამ – განაცხადა, რომ კამბოლოვის კანდიდატურას მხარს უჭერს და მის საინიციატივო ჯგუფში ერთვება.
გამონაკლისად მხოლოდ „სახალხო პარტია“ რჩება, რომელსაც 2022 წლიდან ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატი ძამბოლატ თედეევი აკონტროლებს. არც თავად თედეევს და არც პარტიის წარმომადგენლებს ამ დრომდე საჯაროდ არ განუცხადებიათ, დაუჭერენ თუ არა მხარს კამბოლოვს. თედეევმა 2011 წელს სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტობისთვისაც იყარა კენჭი, თუმცა არჩევნებში დამარცხდა.
კამბოლოვის მხარდამჭერებმა ადგილობრივ დრამატულ თეატრში გამართულ შეხვედრაზე საინიციატივო ჯგუფი ოფიციალურად ჩამოაყალიბეს. ღონისძიებას სხვადასხვა პოლიტიკური ძალის, შრომითი კოლექტივების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და სპორტული წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ ერთხმად განაცხადეს, რომ კამბოლოვი “ქვეყნის პრეზიდენტობის” ყველაზე მისაღები კანდიდატია. მის მხარდასაჭერად განცხადებები რამდენიმე ყოფილმა ე.წ. პრეზიდენტმაც გააკეთა.
ამ ეტაპზე კამბოლოვს რეალური კონკურენტი არ ჰყავს. ყველა ცნობილი პოტენციური მეტოქე, მათ შორის „ერთიანი ოსეთის“ ლიდერი აცამაზ ბიბილოვი, არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს და კამბოლოვის სასარგებლოდ საკუთარი კანდიდატურა არ წამოუყენებია.
პოლიტიკური დამკვირვებლები არ გამორიცხავენ, რომ არჩევნებში ტექნიკური კანდიდატები გამოჩნდნენ, რათა კენჭისყრას კონკურენტული ხასიათი ფორმალურად მაინც ჰქონდეს. თუმცა მათი შეფასებით, ასეთ კანდიდატებს შედეგებზე გავლენის მოხდენის რეალური შესაძლებლობა არ ექნებათ.
ჯერჯერობით ადგილობრივი პოლიტიკოსებიდან პრეზიდენტობისთვის ბრძოლის სურვილი ოფიციალურად არავის დაუდასტურებია. სოციალურ მედიაში მხოლოდ არასაპარლამენტო პარტია „რკინის“ ლიდერის, გიორგი კაბისოვის შესაძლო მონაწილეობაზე ვრცელდება ინფორმაცია.
კაბისოვი წარსულში ინფორმაციისა და კომუნიკაციების კომიტეტის თავმჯდომარე იყო, თუმცა მოგვიანებით კორუფციის საქმეზე გაასამართლეს და პატიმრობა მიუსაჯეს. სასჯელის მოხდის შემდეგ მან პარტია „რკინა“ დააფუძნა და პოლიტიკაში დაბრუნება სცადა.
შესაძლო კანდიდატებს შორის სოციალურ ქსელებში ასევე სახელდება არასაპარლამენტო პარტია „ირი ფარნის“ თავმჯდომარე ხოხ ჩოჩიევი, რომელიც წარსულში ყოფილი ე.წ. პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის დაცვის სამსახურში მუშაობდა.
ექსპერტების შეფასებით, ორივე არასაპარლამენტო პარტია 2024 წლის პოლიტიკური პროცესების დროს შეიქმნა და დღემდე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური გავლენა ვერ მოიპოვა. მათი აზრით, ამ პარტიების წარმომადგენლებმა შესაძლოა მხოლოდ იმ ამომრჩეველთა მცირე ნაწილი მიიზიდონ, რომლებიც კამბოლოვს მხარს არ უჭერენ, თუმცა არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენენ.
ცალკეული ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ კაბისოვისა და ჩოჩიევის მონაწილეობა მხოლოდ ფორმალური პოლიტიკური კონკურენციის წარმოსაჩენად გახდეს საჭირო.
ამასთან, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა იმ 13 პოლიტიკური პარტიის სია, რომლებსაც საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ. კანდიდატების რეგისტრაცია ივლისის ბოლომდე გაგრძელდება.