თურქეთშიაფხაზური დიასპორის წარმომადგენლები აძლიერებენ კამპანიას, რომლის მიზანია ანკარამ გადახედოს აფხაზეთის მიმართ არსებულ პოლიტიკას. ინიციატივის ფარგლებში ისინი თურქეთის ხელისუფლებას აფხაზური დოკუმენტების, მათ შორის პასპორტების აღიარებისა და თურქეთსა და აფხაზეთს შორის პირდაპირი საზღვაო და საჰაერო მიმოსვლის დაწყებისკენ მოუწოდებენ.
თურქეთი, ისევე როგორც მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა, მხარს უჭერს გაეროსა და ევროკავშირის პოზიციას, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიის ნაწილია და რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება.
რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აღიარა. ამ დროისთვის, რუსეთის გარდა, აღნიშნული რეგიონების დამოუკიდებლობას მხოლოდ ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ და სირია აღიარებენ.
თურქეთში, სხვადასხვა შეფასებით, დაახლოებით 500 ათასი ეთნიკური აფხაზი ცხოვრობს. კამპანიის ორგანიზატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული კომუნიკაციების ცენტრის მეშვეობით ხელისუფლებას მიმართონ და აფხაზეთის მიმართ არსებული შეზღუდვების შემსუბუქება მოითხოვონ.
მათი განცხადებით, პირველ ეტაპზე მთავარი მოთხოვნა აფხაზური პასპორტების მოქმედ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებად აღიარებაა, რაც აფხაზეთის მცხოვრებლებს თურქეთში შესვლის შესაძლებლობას მისცემს. ასევე მოითხოვენ თურქეთსა და აფხაზეთს შორის პირდაპირი საზღვაო და საჰაერო კავშირების დამყარებას.
ინიციატორების თქმით, კამპანია მიზნად ისახავს ყურადღების გამახვილებას იმ ჰუმანიტარულ პრობლემებზე, რომლებიც, მათი შეფასებით, აფხაზეთის იზოლაციას ახლავს. მათი განცხადებით, არსებული ვითარება ზღუდავს მოსახლეობის უფლებებს გადაადგილების თავისუფლებაზე, განათლებაზე, ჯანდაცვასა და ოჯახური კავშირების შენარჩუნებაზე.
ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ინიციატივაში მონაწილეობა შეუძლია არა მხოლოდ თურქეთში მცხოვრებ კავკასიური წარმოშობის მოსახლეობას, არამედ ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს იზიარებს.
კამპანიის განმარტებით ბარათში ავტორები მაგალითად ტაივანის პრაქტიკას ასახელებენ. მათი თქმით, მიუხედავად „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკისა, თურქეთსა და ტაივანს შორის თანამშრომლობა ფაქტობრივი წარმომადგენლობებისა და ტექნიკური შეთანხმებების საფუძველზე ხორციელდება, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში, სახელმწიფოებს შორის ოფიციალური შეთანხმების გარეშე.
რაც შეეხება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) მიერ აფხაზეთის მიმართულებით ფრენებზე მოქმედ შეზღუდვებს, ინიციატორები მიიჩნევენ, რომ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ის მექანიზმი, რომლის საფუძველზეც თურქეთიდან ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში ფრენები სრულდება. მათი შეფასებით, ეს პრაქტიკა შეიძლება აფხაზეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის ორგანიზებისთვისაც გახდეს მოდელი.
4 ივლისს თურქეთის ლეიბორისტულმა პარტიამ კამპანიას მხარდაჭერა გამოუცხადა. პარტიამ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აფხაზეთის იზოლაციის დასრულებისკენ მოუწოდა და დიასპორის მოთხოვნებს მხარი დაუჭირა.