"წინდა რომ ვერ ვიპოვე, მაგან გადამაჩინა". რეპორტაჟი დაბომბილი კიევიდან
სარაკეტო იერიში კიევზე

წინამდებარე რეპორტაჟი კიევში რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო შეტევის შემდეგ არის მომზადებული. 2 ივლისის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე კომბინირებული იერიში მიიტანა, გამოიყენა ასობით დამრტყმელი უპილოტო აპარატი, ასევე ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები. შეტევის მთავარი სამიზნე უკრაინის დედაქალაქი კიევი იყო.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, კიევში დაზიანდა ათობით საცხოვრებელი სახლი, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები და სამედიცინო დაწესებულებები. ყველაზე მძიმე დარტყმა დარნიცკის რაიონმა მიიღო, სადაც რაკეტა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ბოლო მონაცემებით, კიევში დაღუპულია 27 ადამიანი, 90-ზე მეტი კი დაშავდა.
უკრაინული გამოცემა Hromadske-ის რეპორტაჟი ტრაგედიის ადგილიდან:
გზები დამსხვრეული მინით არის დაფარული, ჰაერში კვამლი და თეთრი მტვერი ტრიალებს. რუსეთმა კიევს კვლავ შეუტია ასობით უპილოტო საფრენი აპარატით, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს თქმით, ნგრევა „ძალიან მასშტაბურია“. ხანძარი ქალაქის არაერთ რაიონში გაჩნდა, დაზიანებულია რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ყველაზე მეტად დაზარალდა დარნიცის საცხოვრებელი კვარტალი. რუსული რაკეტა პირდაპირ ცხრასართულიან კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც შენობის ნაწილი ჩამოინგრა, აფეთქების ტალღამ კი მეზობელი სახლების თითქმის ყველა ფანჯარა ჩაამსხვრია.
2 ივლისის 19:30 საათის მონაცემებით ცნობილი იყო 22 დაღუპულისა და 86 დაშავებულის შესახებ. მაშველები ნანგრევებს ასუფთავებდნენ, კინოლოგები დაკარგულებს ეძებდნენ, ხოლო ადგილობრივები განადგურებული სახლების წინ იდგნენ და ცდილობდნენ გაერკვიათ, როგორ უნდა გაეგრძელებინათ ცხოვრება.
„უბრალოდ სიკვდილი მინდა“
79 წლის ლუდმილა იმ ბინაში გვხვდება, სადაც უკვე 56 წელია ცხოვრობს. ოთახში ძლივს გადაადგილდება, მეტალის მოსიარულე ჩარჩოს ეყრდნობა. ამ სახლში გარდაიცვალა მისი ქმარი, სიდედრ-მამამთილი და ორი ვაჟი. ახლა მხოლოდ შვილიშვილი და მისი პატარა დამცველი, ძაღლი ბიმა დარჩა, რომელიც ზღურბლს გადაბიჯებულ ყველა უცხოს უყეფს.
რაკეტის ჩამოვარდნის დროს ქალი საწოლში იწვა. აფეთქების ტალღამ ფანჯრის ჩარჩო მოგლიჯა, რომელიც მინის ნამსხვრევებთან ერთად პირდაპირ მას დაეცა.
„აქ ვიწექი. უცებ… ფანჯარა ზედ დამეცა. ყველგან მინა ცვიოდა. ძლივს გამოვძვერი ჩარჩოდან… სამზარეულოში ნახეთ რა ხდება, კარადები გადმოყრილია. ფარდებიც მოგლეჯილია“, მშვიდად ჰყვება ქალი.
შემდეგ თვალებს ხრის და ამატებს:
„საშინელი გრძნობაა. ახლა მგონია, უბრალოდ სიკვდილი მინდა. აღარაფერი დარჩა. მთელი ჭურჭელი დაიმსხვრა. ვერც კი ვალაგებ, ძლივს დავდივარ.“
ამიტომ ზის დანგრეულ ბინაში და შვილიშვილს ელოდება, რომელიც მისი ცხოვრების ნამსხვრევების გატანაში დაეხმარება.
„წინდები რომ მაშინვე მეპოვა, ალბათ ახლა აქ აღარ ვიდგებოდი“
მეზობელი ეზო მიწითა და რკინაბეტონის ნატეხებით არის დაფარული. იქ, სადაც ადრე სპორტული მოედანი იყო, ახლა დიდი ორმოა. დაზიანებულ სადარბაზოსთან ახალგაზრდა იაროსლავი დგას და იხსენებს, როგორ გადაურჩა სიკვდილს.
„დილით, დაახლოებით ოთხისკენ, პირველი რაკეტების ხმა გავიგონე. პირველი მეზობელ კორპუსს მოხვდა. ავდექი, აივანზე გავედი. მერე, ჩვევის გამო, გადავწყვიტე გარეთ გავსულიყავი და მენახა, რა ხდებოდა. მაგრამ წინდებს ვერ ვპოულობდი, რომ სპორტული ფეხსაცმელი ჩამეცვა.“

წინდებს ზუსტად ორი წუთი ეძებდა. სწორედ ამ დროს გაიგონა მეორე რაკეტის სტვენა, რომელმაც ეზოში აფეთქდა.
„წინდები რომ მაშინვე მეპოვა, ალბათ ახლა აქ აღარ ვიდგებოდი,“ ამბობს ის.
„ერთი კვირის წინ ვიყიდე. ახლა მხოლოდ ჯართია“
ეზოში კაცი უშედეგოდ ცდილობს ავტომობილის დაქოქვას. ეს ნიკიტაა. მანქანა ქვებით არის დაფარული, საქარე მინა ჩალეწილია, კორპუსი კი დამჭმუჭნულ თუნუქს ჰგავს.
„მანქანა აღარ არსებობს. ყველაფერი დასრულდა. მხოლოდ ჯართია. ყველაზე საწყენი კი ის არის, რომ ერთი კვირის წინ ვიყიდე. ახლა მხოლოდ მეტალზე ჩასაბარებელია.“

აფეთქების დროს ნიკიტა სახლში იყო ცოლთან, ძაღლთან და კატასთან ერთად. ამბობს, რომ სასწაულებრივად გადარჩნენ, მიუხედავად იმისა, რომ ბინაში ყველა ფანჯარა და შესასვლელი კარი ამოვარდა.
კითხვაზე, რა უნდა გააკეთოს ახლა, მხოლოდ მხრებს იჩეჩავს.
„არ ვიცი. დაზღვევის იმედიც არ მაქვს. ალბათ არაფერს ამინაზღაურებენ. მერე რა ვქნა? წარმოდგენა არ მაქვს.“
როგორ ეხმარებიან დაზარალებულებს
ტრაგედიის ადგილზე დროებითი შტაბებია გახსნილი. ადგილზე მივიდა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკოც.
„დღეს აქ ნამდვილი სასწაული მოხდა მაშველების დამსახურებით. პირველად უკრაინაში ნანგრევებიდან ცოცხლად შვიდი ადამიანის ამოყვანა შევძელით. ეს შენობა სილიკატური აგურით არის აშენებული და არა ბეტონით. შესაძლოა, სწორედ ამიტომ მოგვეცა დრო, რომ ადამიანები გადაგვერჩინა.“
მისი თქმით, ადგილზე ყველა სამსახური კოორდინირებულად მუშაობს, რათა დაზარალებულებმა დახმარება რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ.
დაზარალებულებს სამი დღის განმავლობაში 40 ათას გრივნას გადაუხდიან. ადგილობრივი ხელისუფლება უკვე ეძებს საცხოვრებელს იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც სახლები დაკარგეს. მხოლოდ ერთ კორპუსში ასეთი დაახლოებით 38 ადამიანია.
დანგრეულ სადარბაზოებთან მიგრაციული სამსახურის ავტობუსები დგას. ყველას, ვისაც პასპორტი ან დაბადების მოწმობა დაეწვა ან ნანგრევებში დარჩა, დოკუმენტებს უფასოდ აღუდგენენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სერვისცენტრის თანამშრომლები ადგილზე ამოწმებენ დაზიანებულ ავტომობილებს, რათა მფლობელებმა სადაზღვევო კომპენსაციის მიღება შეძლონ. ასევე უფასოდ გასცემენ ახალ მართვის მოწმობებსა და ავტომობილის ტექნიკურ პასპორტებს.
მინისტრი კლიმენკო რამდენჯერმე იმეორებს, რომ მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა, მოსახლეობის დიდ ნაწილს დროულად რომ არ ჩაესწრო ახლომდებარე თავშესაფრებში ჩასვლა. ამ რაიონში ასეთი თავშესაფარი ათია.
კიევის მეტროპოლიტენის ინფორმაციით, იმ ღამით მეტროს სადგურებში 50 ათასზე მეტმა ადამიანმა შეაფარა თავი. ეს ბოლო წლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, რუსეთის იერიშის მთავარი სამიზნე კიევი იყო. უკრაინის მიმართულებით გაშვებული იყო 74 რაკეტა და 496 სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი. საჰაერო თავდაცვის ძალებმა 48 რაკეტისა და 476 დრონის განეიტრალება შეძლეს.
exchange