საქართველოში ტრანსი ადამიანის გენდერი სამართლებრივად აღიარეს
საქართველოში პირველად, ტრანსი ადამიანის გენდერი სამართლებრივად აღიარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) ავრცელებს.
2021 წლის 25 მარტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ტრანსი ქალის ლ. მ.-ს მოთხოვნა და მისი გენდერის მარკერი „მამრობითი“ „მდედრობითით“ შეიცვალა.
იმისთვის, რომ სამართლებრივად გენდერი შეეცვალა, განმცხადებელმა სახელმწიფო სერვისების სააგენტოს წარუდგინა ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც ეწერა, რომ მას ჩატარებული აქვს სქესის შეცვლის ოპერაცია. შედეგად, მასზე გაიცა დაბადების განმეორებითი მოწმობა შესწორებული მონაცემებით.
მიუხედავად სხვადასხვა ინსტანციებში მოთხოვნისა, აქამდე საქართველოში ტრანსგენდერ ადამიანებს პარპორტში სქესს არ უცვლიდნენ.
როგორც ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი აცხადებს, ორი ქართველი ტრანსის საქმე სტრასგბურგში ამ დრომდე იხილება, რადგან მათ ქართულმა სახელმწიფომ ოფიციალურ დოკუმენტებში გენდერის მარკერის შეცვლაზე უარი უთხრა.
განმცხადებლებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ
სასამართლოს 2017 წელს მიმართეს.
საქართველოს ხელისუფლებამ მარკერის ცვლილებაზე უარი დაასაბუთა იმით, რომ გენდერის მარკერის ცვლილებისთვის აუცილებელი პირობაა სქესის შეცვლის ქირურგიული ოპერაცია.
“აღნიშნული პრაქტიკა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების საერთაშორისო და ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებს, ის ზღუდავს იმ ტრანსი ადამიანების გენდერის სამართლებრივად აღიარების უფლებას, რომელთაც არ სურთ ჩაიტარონ ტრანსსპეციფიკური სამედიცინო პროცედურები და რაიმე ტიპის ინვაზიური ჩარევა მოახდინონ საკუთარი სხეულის ავტონომიაში”, – წერია WISG-ის განცხადებაში.
_______________________________
● ტრანსგენდერი ქალი, რომელიც კოვიდ-კლინიკაში სანიტრად მუშაობს
● გაჩნდა იმედი, რომ ადამიანები შეიცვლებიან – ქართველი ტრანსგენდერები სოლიდარობასა და სიძულვილზე
●არასოდეს ვიცი, სახლში ცოცხალი დავბრუნდები თუ არა