196 ახალი შემთხვევა. აქედან ნახევარი - აჭარაში. ვირუსი დაუდასტურდა სამხედროს
კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან თითქმის ნახევარი – 145 შემთხვევა ქვეყნის ერთ რეგიონში – აჭარაში გამოვლინდა.
ამგვარად, 16 სექტემბრისთვის ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 2758-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 31 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1412.
საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.
ვირუსის გავრცელების გეოგრაფია ასეთია:
196 ახალი შემთხვევიდან 144 ბათუმში დაფიქსირდა;
ქობულეთში – 1;
თბილისში – 29;
იმერეთი, ქუთაისი – 7;
საჩხერე -1;
შიდა ქართლი, გორი – 4;
ქვემო-ქართლი, გარდაბანი – 3;
გურია-ოზურგეთი – 4;
სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდი – 2;
ფოთი – 1;
მცხეთა – 1 ახალი შემთხვევა.
ვირუსი ჯარშია
სენაკის მე-2 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი ბათუმში ყოფნის შემდეგ დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამხედრო მოსამსახურე აჭარის რეგიონში შვებულების დროს იმყოფებოდა.
თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ვირუსის გავრცელების საშიშროება სამხედრო ნაწილში არ არის და შესაბამისად, კარანტინსაც არ აცხადებენ, რადგან “ეპიდსაშიშ კერაში მოგზაურობის გამო, დადგენილი პროტოკოლით, ამ პიროვნებას გამოკვლევა სამხედრო ბაზაზე დაშვებამდე ჩაუტარდა და მას სამხედრო ნაწილში მყოფ პირად შემადგენლობასთან კონტაქტი არ ჰქონია”.