საქართველოში ფილმების საიტები გაითიშა. კომისია ამბობს, რომ მოპარული კონტენტის გავრცელება კანონით აკრძალულია
საქართველოში ფილმების საიტები გაითიშა
22 აგვისტოს არალეგალური კონტენტის განთავსების მიზეზით ფილმებისა და სერიალების ორი უმსხვილესი საიტი, Adjaranet-ი და Imovies-ი გაითიშა. კომუნიკაციების კომისია არალეგალური კონტენტის მქონე საიტების გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ინტერნეტში მოპარული კონტენტის გავრცელება კანონითა აკრძალული.
მათივე განმარტებით, ვებგვერდებს, რომლებიც პირატულ აუდიო-ვიზუალურ პროდუქციას ავრცელებენ, თითქმის ორწლიანი ვადა მისცეს, რომ საკუთარ პლატფორმებზე განთავსებული კონტენტი კანონთან შესაბამისობაში მოეყვანათ და ლეგალურად განეთავსებინათ.
“საავტორო უფლებების დარღვევით, ინტერნეტ სივრცეში აუდიო-ვიზუალური კონტენტის განთავსება, სერიოზულ ფინანსურ ზიანს აყენებს კომპანიებს, რომლებსაც სწორედ ის კონტენტი აქვთ ნაყიდი და მომხმარებელს ლეგალურად სთავაზობენ, რომელსაც სხვადასხვა ვებგვერდი არალეგალურად ავრცელებს და შესაბამისად, უფლებების კანონიერ მფლობელებს ზიანს აყენებს. ამასთანავე, აღნიშნული ზიანს აყენებს ქვეყნის იმიჯს და რეპუტაციას.” – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
კომუნიკაციების კომისია ხაზს უსვამს, რომ მათ უკვე მიმართეს ინტერნეტ სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებულნი არიან, მოახდინონ რეაგირება და მიიღონ შესაბამისი ზომები მისი აღმოფხვრის მიზნით.
საქართველოს კანონმდებლობით, საავტორო უფლებები არ ვრცელდება მხოლოდ შემდეგ ნაწარმოებებზე:
● ოფიციალურ დოკუმენტებზე (კანონები, სასამართლოს გადაწყვეტილებები, ადმინისტრაციული და ნორმატიული ხასიათის სხვა ტექსტები), აგრეთვე მათ ოფიციალურ თარგმანებზე;
● სახელმწიფოს ოფიციალურ სიმბოლოებზე (დროშა, გერბი, ჰიმნი, ჯილდოები, ფულის ნიშნები, სახელმწიფოს სხვა ოფიციალური ნიშნები და სიმბოლოები);
● ინფორმაციაზე ფაქტებისა და მოვლენების შესახებ.
ასევე, საავტორო უფლებები არ ვრცელდება იდეებზე, მეთოდებზე, პროცესებზე, სისტემებზე, საშუალებებზე, კონცეფციებზე, პრინციპებზე, აღმოჩენებსა და ფაქტებზე, მაშინაც კი, თუ ისინი გამოხატულია, ახსნილია, აღწერილია, ილუსტრირებულია ან ხორცშესხმულია ნაწარმოებში.
კანონის მიხედვით, საავტორო და მომიჯნავე უფლებებით დაიცვება იდეის გამოხატვის მხოლოდ ფორმა და არა თვით იდეა.
აუდიოვიზუალური ნაწარმოების შემთხვევაში ავტორებად მიიჩნევიან დამდგმელი რეჟისორი, სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი, ავტორი ტექსტიანი ან უტექსტო მუსიკალური ნაწარმოებისა, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი ამ აუდიოვიზუალური ნაწარმოებისთვის.
საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებული ურთიერთობების მარეგულირებელი ძირითადი საკანონმდებლო აქტია კანონი “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” (1999 წელი).