საქართველოში დააყადაღეს ფონდები, რომლებიც აქციის დაჯარიმებულ მონაწილეებს და პოლიტპატიმრების ოჯახებს ეხმარებოდნენ – დააყადაღეს ნანუკას ფონდი და მასთან ერთად ნიკა გილაურისა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ფონდები.
პროკურატურის განცხადებიდან ირკვევა, რომ 5 ფონდი “საბოტაჟისა” და “კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის” დაწყებული გამოძიების ფარგლებში დააყადაღა.
პროკურატურა წერს, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, განხორციელდა იმ იურიდიული და ფიზიკური პირების საბანკო ტრანზაქციების დეტალური შესწავლა, რომელთა მიმართაც არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ახორციელებდნენ სხვადასხვა “კანონსაწინააღმდეგო და ცალკეულ შემთხვევებში, დანაშაულებრივი ქმედებების მატერიალურ მხარდაჭერას”.
ნანუკას ფონდი ასევე აფინანსებდა სხვადასხვა სოციალურ აქტივობებს.
თავიდან ინფორმაცია ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა სოციალურ ქსელში და შემდეგ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმაც დაადასტურა.
ჟორჟოლიანის თქმით, ყადაღა პროკურატურამ მოითხოვა.
ფონდის დაყადაღებას ადასტურებს ადამიანის უფლებათა სახლიც.
“დაყადაღებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ანგარიშები.ჯერ-ჯერობით, დამატებითი დეტალები ჩვენთვის უცნობია. რთული პერიოდია, თუმცა გვჯერა, ერთად ყველა სირთულეს.” – ნათქვამია განცხადებაში.
ფონდის დაყადაღებას ადასტურებს ფოსფერითი ჯორჯიაც.
“გაცნობებთ, რომ ფონდის მუშაობა შეფერხებულია,რადგან ფონდის ანგარიშს დაედო ყადაღა.ამ ეტაპზე დაუზუსტებელი ინფორმაციით ყადაღა წარმოადგინა პროკურატურამ.ასევე დაყადაღებულია სხვა ფონდები.დამატებით ინფორმაციას გაცნობებთ.” – წერია განცხადებაში.
“კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ფონდების დაყადაღებას ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლებას ფონდების ეშინია.
“ფონდების ეშინიათ და სწორადაც! ყველა სახის სოლიდარობის ეშინიათ და დასდევენ. ახალ ფორმებს მოვიფიქრებთ, თქვენ სდიეთ. მადლობა ყველა ფონდს, გარდა ხალხის მხარდაჭერისა, სისტემის გაბრაზებისთვის. როცა ვიცით, რას ემსახურება ეს დევნა, პროტესტის ჩახშობას, მშვიდად უნდა გავაგრძელოთ პროტესტიც და სოლიდარობის სხვა ფორმების ძიებაც.“ – ამბობს ხოშტარია.