საქართველოს პრეზიდენტი: ეს არ არის ის საქართველო, რომელიც მე ვიცი
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ძალადობა დაგმო და “ნიუ ჰოსპიტალსში” გადაყვანილი მედიის დაშავებული წარმომადგენლები მოინახულა.
პრეზიდენტმა დაშავებულ ჟურნალისტებს და ოპერატორებს სოლიდარობა გამოუცხადა და დაგმო ძალადობა. მან ასევე შეშფოთება გამოთქვა დღეს თბილისში განვითარებული მოვლენების გამო:
“ჩვენ აღარ ვიცით რა არის ჩვენი მთავარი ფასეულობები და როგორც ჩანს, დავიწყებული გვაქვს ის ტოლერანტობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე მოგვყვებოდა.
ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელია! ეს არ არის ის საქართველო, რომელიც მე ვიცი, ეს არ არის არც ქართული ტრადიციები, არც სარწმუნოება და არც ის მომავალი, რომელიც ჩვენ ამ ქვეყნისთვის გვინდა.
ჩვენ ვერ გავიგეთ, რომ დაპირისპირებით ვერაფერს მივაღწევთ. მე რომ ვსაუბრობდი პოლიტიკურ დაპირისპირება – ეს არ არის დაპირისპირების ერთადერთი ფორმა“
ზურაბიშვილის თქმით, რაც დღეს თბილისში მოხდა, არის საზოგადოებრივი დაპირისპირება.
“ჩვენ ეს ახლო წარსულში უკვე გავიარეთ, აღარ გვინდა რომ მეორედ გავიაროთ და აუცილებელია, გონს მოვიდეთ და შევიგნოთ, რომ როცა ამ ქვეყნის მომავალსა და გაერთიანებაზე ვლაპარაკობთ, ეს ყველაფერი არ მოხდება, თუ არ ვისწავლით ერთი-მეორის მოსმენასა და ერთად ცხოვრებას”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
_____________________________________________________________
● ნადირობა მედიაზე. პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე ოცზე მეტი რეპორტიორი მძიმედ დაშავდა
● Tbilisi Pride: ღირსების მარში დღეს არ შედგება
● პრემიერის განცხადების შემდეგ ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ოპოზიციის კარვები დაარბიეს
● ცხოვრება სიძულვილის გარემოში. რას ჰყვებიან ლგბტ ადამიანების მშობლები
● თბილისში პრაიდის კვირეული გაიხსნა. პირველმა დღემ კვერცხების სროლისა და დაკავებების ფონზე ჩაიარა
____________________________________________________________
დღეს დილიდან, ქუჩაში გამოსული მოძალადეები სხვადასხვა ჰომოფობიური ჯგუფებიდან და პუტინისტური ორგანიზაციებიდან შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ მედიის წარმომადგენლებს. თავდასხმებზე პოლიცია ან არ რეაგირებდა, ან დაგვიანებით რეაგირებდა, ეს ყველაფერი კი პრემიერ ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ დაიწყო, რომელმაც წააქეზა მოძალადეები.
თბილისში, ჰომოფობიური ჯგუფების მიერ გამართულ პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე, ბოლო ინფორმაციით, მძიმედ დაშავდა 20-ზე მეტი რეპორტიორი.
ჟურნალისტებს აქვთ გატეხილი თავი, ტვინის შერყევა, დაზიანებული თვალი, ჩამსხვრეული კბილები, აქვთ არაერთი სისხლჩაქცევა სხეულზე. მათ დიდ ნაწილს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. განადგურებულია არაერთი მედიასაშუალების ტექნიკა.
საბოლოოდ, “თბილისი პრაიდმა” დღეს განვითარებული მოვლენების შემდეგ განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ “ღირსების მარში” #სოლიდარობისთვის აღარ შედგება.
„პრაიდ კვირეული“ თბილისში 1 ივლისს გაიხსნა – პირველმა დღემ კვერცხების სროლისა და დაკავებების ფონზე ჩაიარა. დღის განმავლობაში, პოლიციამ, პრაიდის საწინააღმდეგო, ჰომოფობიური აქციის 20-მდე მონაწილე დააკავა. მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ და საბოლოოდ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.