ალექსანდრე კარტოზია, რომელიც გასული წლის სექტემბერში დაინიშნა გერმანიაში საქართველოს ელჩად, გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელებს 23 ივლისს გადასცემს.
ეს ინფორმაცია გამოქვეყნებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებსაიტზე.
საიტზე გამოქვეყნებულია 23 ივლისს დაგეგმილი „ელჩების აკრედიტაციის“ ღონისძიებები. დღის წესრიგში შვიდი ელჩია ნახსენები. ალექსანდრე კარტოზია და საქართველო, პირველია. პროგრამის მიხედვით, კარტოზია 10:30 საათზე გაივლის აკრედიტაციას.
ამ დღეს ასევე დაგეგმილია ჩილეს, ჰონდურასის, ნიგერიის, მავრიტანიის, მადაგასკარის რესპუბლიკის ელჩებისა და ვატიკანის ნუნციუსის აკრედიტაცია.
ალექსანდრე კარტოზია, გერმანიაში საქართველოს ელჩად, გასული წლის სექტემბერში დაინიშნა. ამ პოზიციაზე, მან ლევან იზორია შეცვალა, რომელიც ამ თანამდებობას 2020 წლიდან იკავებდა.
გერმანიაში უცხო ქვეყნის ელჩმა პრეზიდენტს უნდა გადასცეს რწმუნებათა სიგელები. ამის შემდეგ ითვლება ის ოფიციალურად აკრედიტებულ ელჩად და იწყებს სრულფასოვან საქმიანობას. კარტოზია ამ დრომდე ელოდა მიწვევას რწმუნებათა სიგელების ჩასაბარებლად.
რწმუნებათა სიგელი არის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ამა თუ იმ პირის წარგზავნას უცხო სახელმწიფოში დიპლომატიურ წარმომადგენლად.
რწმუნების სიგელში აღნიშნულია დანიშნული პირის ვინაობა და დიპლომატიური რანგი. იგი შეიცავს წარმგზავნი სახელმწიფოს მეთაურის თხოვნას, რომ მიმღები სახელმწიფოს მეთაურმა “ირწმუნოს ყოველი, რასაც დიპლომატიური წარმომადგენელი განაცხადებს ან მოიმოქმედებს თავისი სახელმწიფოს სახელით”.
საქართველოსა და გერმანიას შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე, ამას დამატებითი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.
ბოლო ორი წელია თბილისსა და ბერლინს შორის, არასასიამოვნო ურთიერთობაა. საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები ხშირად აკრიტიკებდნენ გერმანიის ელჩს საქართველოში პეტერ ფიშერს. გერმანია კი აკრიტიკებდა, საქართველოს ნაბიჯებს.
იყო ელჩის დაბარების შემთხვევებიც.
2024 წლის 31 დეკემბერს გერმანიამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა 9 პირს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციონერების მიმართ ძალადობაზე.
ვინ არის ალექსანდრე კარტოზია
ალექსანდრე კარტოზია, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დროს, 1998 წლიდან 2004 წლამდე საქართველოს განათლების მინისტრი იყო.
კარტოზია მუშაობდა მკვლევრად და უძვებოდა სალექციო და სასემინარო კურსებს ბერლინის, ფრანკფურტის, ბრემენის წამყვან უნივერსიტეტებში. 2022 წელს ის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო ორდენით, “დამსახურების ჯვრით” დაჯილდოვდა.
განათლების მინისტრობის დროს კარტოზიას კორუფციის ბრალდებები წაუყენეს. 2002 წელს ანტიკორუფციული საბჭოს წევრმა გივი თარგამაძემ საჯაროდ დაადანაშაულა იგი კორუფციაში. 2004 წელს კი სამართალდამცავმა ორგანოებმა კარტოზია და მისი მოადგილე, ვლადიმერ სანაძე, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სახელმწიფო სახსრების მითვისებაში დაადანაშაულეს.