მაისის თვეში საქართველოს ეკონომიკა 11.6 პროცენტით გაიზარდა
საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 11.6 პროცენტით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ წლის პირველი 5 თვის საშუალო მაჩვენებელი 11.2 პროცენტით განისაზღვრა. შესაბამისად, იანვარში ეკონომიკური ზრდა 18 პროცენტი იყო, თებერვალში – 14.6 პროცენტი, მარტში – 10.6 პროცენტი, აპრილში კი 2.6 პროცენტი.
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში.
“ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა.” – აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადებაში.
მიუხედავად ეკონომიკური ზრდის სწრაფი დინამიკისა, საქართველოში პროდუქტებზე ფასები კატასტროფულად იზრდება. მწარმოებლები გაზრდილ ფასებს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას, რუსეთიდან გაძნელებული ლოგისტიკას და მსოფლიო ბაზარზე პროდუქციასა და ნედლეულზე გაზრდილი ფასებს უკავშირებენ.
საქართველოს მთავრობაც გაზრდილ ფასებს და ინფლაციას უკრაინაში რუსეთის შეჭრას აბრალებს. საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ინფლაციის მაჩვენებლებმა არაერთ ქვეყანაში პროგნოზირებულ მაჩვენებელს გადააჭარბა.
“მაგალითად, აშშ-ში ბოლო 40 წლის რეკორდული მაქსიმუმი დაფიქსირდა, ხოლო გერმანიაში ინფლაცია არის ბოლო 29 წლის მაქსიმუმზე. მისივე თქმით, იგივე ეხება მთლიანად ევროზონას.”
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა ასეთი, ასეთი მასშტაბის ომი ევროპაში. ბუნებრივია, ამას ექნება გავლენა ყველაზე და ყველაფერზე: ფასებზე, ეკონომიკაზე, ინფლაციაზე“. – თქვა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ინფლაციის დღევანდელი მაჩვენებელი “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის 2006 წლის პერიოდსაც შეადარა:
“მე არ მინდა, კიდევ შედარება გავაკეთო წინა ხელისუფლებასთან, მაგრამ ვინაიდან ოპონენტები ასე უპასუხისმგებლოდ საუბრობენ და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, მინდა მათ შევახსენო, რომ მათ პერიოდში 2011 წლის მაისში ინფლაცია იყო 14,3%, იმავე წლის მარტში 13,9%, აპრილში, 13,5%, უფრო ადრეც, 2006 წელს ინფლაცია 14,5%-ს შეადგენდა.“