საქართველოს პრემიერი: მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე არ გავხსნათ ევროკავშირთან მოლაპარაკებები
გაზიარება
გაზიარება
საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებებს წყვეტს
იმისათვის, რომ საკითხები ვერავინ გამოიყენოს ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად – მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობასა და სამთავრობო გუნდს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ევროკავშირთან მოლაპარაკეები დღეს გამოიყენება შანტაჟისთვის და ქართული საზოგადოების გასახლჩად.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან,“ – განაცხადა პრემიერმა.
კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკების გახსნა ქვეყნის დაშანტაჟების ინსტრუმენტად გამოიყენება, როგორც მანამდე იგივე ხდებოდა კანდიდატის სტატუსის საკითხზე.
„კატეგორიულად მიუღებელია, ევროკავშირში ინტეგრაცია განვიხილოთ, როგორც მოწყალება“, – განაცხადა კობახიძემ, რომელმაც საქართველოს საკითხზე რეზოლუციის მიღების გამო ევროპარლამენტიც გააკრიტიკა.
კობახიძის თქმით, „ჩვენ ვართ ამაყი და თავმოყვარე ერი დიდი ისტორიით. შესაბამისად, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ევროკავშირში ინტეგრაცია განვიხილოთ როგორც მოწყალება, რომელიც ევროკავშირმა ჩვენთვის უნდა გაიღოს”
“ვხედავთ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები გამოყოფილ გრანტებსა და სესხებს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის იყენებენ…” – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, 2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება მზად, ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
“ჩვენ ვაპირებთ არა მათხოვრობით და ცალ ფეხზე დგომით ევროკავშირში შესვლას, არამედ ევროკავშირში ღირსეულად გაწევრიანებას გამართული დემოკრატიული სისტემითა და ძლიერი ეკონომიკით“, – თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.