EPP: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი სიგნალია
საქართველო და ევროკავშირი
საქართველოსთვის, უკრაინისთვისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება. ამის შესახებ საკუთარ Twitter-ზე ევროკავშირის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის, “ევროპის სახალხო პარტიის”(EPP) ვიცეპრეზიდენტი და ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი წერს.
“EPP-ს ჯგუფს სწამს, რომ როდესაც მთელი რეგიონის უსაფრთხოება საფრთხის წინაშეა, კანდიდატობის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია.” – წერს მაკალისტერი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოდან EPP-ს პარტნიორი პარტიები არიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო.”
გასულ კვირას, EPP-მ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ საქართველოში არაფორმალურმა მმართველობამ დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზია გამოიწვია.
მათივე განმარტებით, ბოლო წლებში საქართველოში დემოკრატიული პროცესები შეფერხდა. “ევროპული სახალხო პარტიის” შეფასებით, ქვეყნის არაფორმალურმა, ოლიგარქიულმა მმართველობამ კარგ მმართველობას ძირი გამოუთხარა და დემოკრატიული ინსტიტუტების, მათ შორის დამოუკიდებელი სასამართლოს, მედიის თავისუფლების, პოლიტიკური თანაბარი პირობებისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, შეუჩერებელი ეროზია გამოიწვია.
EPP ასევე შეეხო საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას. როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სასამართლო სისტემის იარაღად გამოყენება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს სერიოზულად აზიანებს.
საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ელოდებიან. ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი სამივე ქვეყანამ ერთდროულად შეიტანა. ეს პროცესი უკრაინის ომმა დააჩქარა.
ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველომ 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს კი ევროკავშირისგან თვითშეფასების კითხვარის პირველი ნაწილი მიიღო. კითხვარები მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამაც და მათ ის უკვე შეავსეს კიდეც.
მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ამბობს, რომ საქართველო ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინას და მოლდოვას.