ცხინვალის რეგიონიდან სამხედროები უკრაინაში მიჰყავთ "ნაცისტების გასანადგურებლად"
სამხედროები სამხრეთ ოსეთიდან უკრაინაში
სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული სამხედრო კონტინგენტის ნაწილი უკრაინაში, საბრძოლო ზონაში გადადის. სამხრეთ ოსეთიდან უკრაინაში რუსეთის 58-ე არმიის მე-4 სამხედრო ბაზის სამხედროები წაიყვანეს.
15 მარტს, გვიან ღამით, თვითმხილველებმა გადაიღეს როგორ გადაადგილდებოდა მძიმე ჯავშანტექნიკა საზღვრისკენ, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დროშებით.
რუს სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, უკრაინაში მიჰყავთ საკონტრაქტო ჯარისკაცებიც სამხრეთ ოსეთიდან.
ისინი ცხინვალის ქუჩებში, როკის გვირაბისკენ მიმავალ გზასა და უკვე რუსეთის ტერიტორიაზე, ოსური საგმირო სიმღერებით, ეროვნული დროშებითა და ოსი მეომრების მფარველი წმინდანის ლოცვით გააცილეს.
სამხრეთ ოსეთსა და დონბასის რესპუბლიკებს შორის, რომლის დამოუკიდებლობა რუსეთმა 21 თებერვალს აღაიარა, მეგობრული ურთიერთობები ჯერ კიდევ 2014 წელს ჩამოყალიბდა. მაშინ ცხინვალმა უკრაინას მოწყვეტილი ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობა დაიწყო.
მაშინ, აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასის მხარეს საომარ მოქმედებებში სამხრეთ ოსეთიდან მოხალისეებიც ჩაერთნენ. უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციის დაწყებისთანავე კი მოხალისეები ცხინვალიდან კვლავ საბრძოლო რეგიონებში წაიყვანეს.
ამ დროისთვის უკვე ცნობილია სამი მოხალისის გარდაცვალების შესახებ. ცხინვალში ამ ამბავს ძალიან განიცდიან და თანაუგრძნობენ დაღუპულების ოჯახებს.
სამხრეთ ოსეთის მეხსიერებაში საქართველოსთან სამხედრო მოქმედებების განცდა ჯერ ისეც ცხელია, ამიტომ, ცხინვალის ბევრი მცხოვრები უკრაინის მოვლენებს განსაკუთრებულად მწვავედ განიცდის.
პარალელურად, სამხრეთ ოსეთში უკვე ჩადიან ლტოვილები დონეცკიდან და ლუგანსკიდან. ადგილზე მათ ყველა საჭირო ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ.
პოლიტიკოსები ცხინვალიდან მოხალისეებსა და რუს სამხედრო მოსამსახურეებს მორალურ მხარდაჭერას უცხადებენ. სამხრეთ ოსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა ხალხს ერთიანობისკენ მოუწოდა და მებრძოლებისთვის ლოცვა სთხოვა.
პოლიტიკოსმა თავის ტელეგრამ-არხზე განაცხადა, რომ ცხინვალის სამების ტაძარში უკრაინაში მებრძოლი ოსეთისა და რუსეთის ჯარისკაცებისთვის ერთობლივი ლოცვა გაიმართა.
„ჩვენი ბიჭები მიდიან უკრაინაში, რათა დაასრულონ ნაცისტები, რომლებიც ატერორებენ თავიანთ ხალხს. ძალიან მოტივირებულები არიან, ბევრს ვესაუბრე. ისინი მიდიან ჩვენი ძმებისთვის შურისსაძიებლად! იქ მათი ნათესავები და ახლობლები არიან, ვინც უკრაინაში დაიღუპა. ამიტომ, მათი გული იქით იწევს! ბიჭებო, თქვენ ჩემი გულის ნაწილიც მიგაქვთ! გამძლეობა და მოთმინება თქვენს ახლობლებს. თქვენ კი ცოცხლები, ჯანმრთელები და გამარჯვებულები დაგვიბრუნდით!” – ამ სიტყვებით გამოაქვეყნა კოკოითმა სამხრეთ ოსეთიდან უკრაინაში ჯარისკაცების გამგზავრების ვიდეოკადრები
სტატია მომზადებულია ცხინვალის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო